კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა — ხელოვნური დნმ
ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხელოვნური დნმ-ის გამოყენებით კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს. ლაბორატორიულ ტესტებში მეთოდმა კარგად იმუშავა. მან გაანადგურა ადამიანის საშვილოსნოს ყელის და მკერდის კიბოს უჯრედები, ასევე ავთვისებიანი მელანომის უჯრედები თაგვებში.
ჯგუფმა თმის სამაგრების ფორმის, ქიმიურად სინთეზირებული დნმ-ის წყვილი შეიმუშავა და ეს სპეციალურად კიბოს უჯრედების მოსაკლავად. კიბოს უჯრედებში შეყვანისას, დნმ-ის წყვილი მიმაგრებულია microRNA-ის მოლეკულებზე, რომლებიც ჭარბად წარმოიქმნება სიმსივნის დროს.
დნმ-ის ეს წყვილები, microRNA-ზე მიმაგრებისას ერთიანდება, რაც დნმ-ის უფრო გრძელ ჯაჭვს ქმნის. ეს ააქტიურებს იმუნურ პასუხს. ამ რეაქციამ არა მხოლოდ აღმოფხვრა კიბოს უჯრედები, არამედ ხელი შეუშალა კიბოს განვითარებას. ეს ახალი მიდგომა განსხვავდება კიბოს სამკურნალო საშუალებების ტრადიციული მკურნალობისგან და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ წამლების განვითარების ახალ ეპოქას შექმნის.
კიბო სამწუხაროდ სერიოზული გლობალური პრობლემაა და მკურნალობის ამჟამინდელ მეთოდებს თავისი შეზღუდვები აქვს. თუმცა, ნუკლეინის მჟავებზე დაფუძნებულ წამლებს — კერძოდ, დნმ-სა და რნმ-ს, სასიცოცხლო ინფორმაციის მატარებელ მოლეკულებს — შეუძლიათ აკონტროლონ უჯრედების ბიოლოგიური ფუნქცია და მოსალოდნელია, რომ გარდაქმნიან მედიცინის მომავალს.
ტოკიოს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფი, ასისტენტ პროფესორ კუნიჰიკო მორიჰიროს და პროფესორ აკიმიცუ ოკამოტოს ხელმძღვანელობით შთაგონებული იყვნენ დნმ-ის შესაძლებლობებით. მათ კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შექმნა ხელოვნური დნმ-ის გამოყენებით სურდათ.
"ჩვენ კიბოს დამარცხება ახალი მეთოდით გვინდა", — თქვა ოკამოტომ.
ნუკლეინის მჟავას წამლის სახით გამოყენება რთულია, რადგან ამ მჟავების კიბოსა და სხვა ჯანმრთელი უჯრედებისგან განსხვავება პრობლემურია. ეს ნიშნავს, რომ არსებობს პაციენტის იმუნურ სისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების რისკი, რა დროსაც შეიძლება ჯანსაღ უჯრედებზე მოხდეს თავდასხმა. თუმცა, ახლა პირველად შეძლეს შეემუშავებინათ დნმ-ის ჯაჭვი, რომელსაც შეუძლია გაააქტიუროს ბუნებრივი იმუნური პასუხი და მოკლას სამიზნე კიბოს უჯრედები.
მკვლევრების ჯგუფმა შექმნა ხელოვნური ონკოლიზური (კიბოს მკვლელი) დნმ-ის წყვილი, სახელწოდებით oHP. ეს oHP-ები ქმნიან უფრო გრძელ დნმ-ის ჯაჭვს.
როგორც წესი, oHP-ები არ ქმნიან უფრო გრძელ ჯაჭვებს. თუმცა, როდესაც ხელოვნური oHP-ები შედიან უჯრედში და ხვდებიან სამიზნე microRNA-ს, ისინი ერთიანდებიან და ქმნიან უფრო გრძელ ჯაჭვს. ამის შემდეგ, იმუნური სისტემა აცნობიერებს ზედმეტად გამოხატული miR-21-ის არსებობას, როგორც საშიშს და ააქტიურებს თანდაყოლილ იმუნურ პასუხს, რაც საბოლოოდ იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.
"კვლევის შედეგები კარგი ამბავია ექიმებისთვის, მკვლევრებისთვისა და პაციენტებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ეს მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევას ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გასავლელი, მაგრამ გუნდი დარწმუნებულია ნუკლეინის მჟავების სარგებელში.
კომენტარები