NASA-ს კოსმოსური ზონდის კამერის ხარვეზმა იუპიტერის 200-ზე მეტი ფოტო გააფუჭა
NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა ზონდმა ჯუნომ 22 იანვარს პლანეტას ჩაუარა, რა დროსაც ჩვენი მზის სისტემის უდიდესი ციური სხეულის სურათები უნდა გადაეღო. ამის მიუხედავად, კამერის ხარვეზის გამო მან დაგეგმილი კადრების რაოდენობის მხოლოდ 1/5 დააფიქსირა.
მსგავსი რამ აირის გიგანტთან წინა ჩავლისასაც მოხდა, როცა JunoCam-ის სახელით ცნობილი ხელსაწყო ზედმეტად გაცხელდა. სწორედ იგივე პრობლემა შეიქმნა ახლაც, რომლის გამოსწორებასაც სპეციალისტები ცდილობენ. 14 დეკემბერს ჯუნოს 90 ფოტო უნდა გადაეღო, მაგრამ პირველი 4 ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამ პერიოდში ხელსაწყოს ტემპერატურა დაეცა და მან ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.
22 იანვარს ეს ყველაფერი გამეორდა, თუმცა ხარვეზი უფრო დიდი ხნის განმავლობაში, 26 საათით შენარჩუნდა. ამის შედეგად 214 კადრი გაფუჭდა და მხოლოდ 44 ერთეული აღმოჩნდა გამოსადეგი.
სპეციალისტები იუპიტერთან ბოლო 2 ჩავლისას მოპოვებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე JunoCam-ის ანომალიას იკვლევენ, რათა ამის გამომწვევი მიზეზი დაადგინონ და მისი აღმოფხვრის მეთოდი შეიმუშაონ. ამჟამად კამერა ჩართულია და ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.
ზონდი პლანეტას მომდევნო ჯერზე 1-ელ მარტს მიუახლოვდება. აღსანიშნავია, რომ მან მისიის წინასწარ განსაზღვრულ ხანგრძლივობას უკვე გადააჭარბა ისევე, როგორც JunoCam-მა, რომლის აპარატზე დამონტაჟებაც თავდაპირველად სულაც არ იგეგმებოდა. ამის მიუხედავად, მან იუპიტერის ქაოსური ატმოსფეროს ამსახველი არაერთი შთამბეჭდავი სურათი გადაიღო და ეს გასაოცარი ობიექტი ახლოდან დაგვანახა.
კომენტარები