2 თებერვალს დედამიწას მაქსიმალურად მოუახლოვდება კომეტა, სახელად C/2022 E3 (ZTF), რომელიც ბოლოს ცაზე ნეანდერტალელების პერიოდში იყო ხილული. მომდევნო ჯერზე ის პლანეტას 50 000 წელში ჩაუვლის, რაც ნიშნავს, რომ ეს ჩვენთვის მისი ხილვის უკანასკნელი შესაძლებლობაა, შანსი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

ასევე, იხილეთ: ნახეთ: კომეტა, რომელმაც ბოლოს დედამიწას 50 000 წლის წინ ჩაუარა

აღნიშნული ასტრონომიული სხეული დედამიწის ყველა წერტილში ერთნაირად მკაფიოდ არ გამოჩნდება, თანაც ადამიანთა დიდ ნაწილს მასზე დასაკვირვებლად შესაბამისი მოწყობილობებიც არ მოეპოვება. სწორედ ამიტომ, ვირტუალური ტელესკოპის პროექტი საზოგადოებას პირდაპირ ტრანსლაციას სთავაზობს. მის საყურებლად ეწვიეთ სპეციალურ ვებგვერდს ან YouTube არხს, სადაც ტრანსლაცია თბილისის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყება.

კომეტამ მზეს ახლო მანძილზე უკვე ჩაუარა. მას შემდეგ, რაც ის დედამიწასაც ეწვევა, ამ სისტემის უშორესი რეგიონებისკენ გაემართება, სადაც მისი ელიფსური ორბიტა ვრცელდება. C/2022 E3 (ZTF)-ს ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვეღარასდროს ვიხილავთ.

2 თებერვალს ის ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განლაგებული ჟირაფის თანავარსკვლავედის მიმდებარედ იმოძრავებს, ხოლო მასა და დედამიწას შორის უმოკლესი დისტანცია 42 მილიონი კილომეტრი იქნება. შეუიარაღებელი თვალით ის მომდევნო კვირებში მომწვანო შეფერილობის მკრთალი სინათლის სახით გამოჩნდება.

C/2022 E3 (ZTF) ასტრონომებმა 2022 წლის 2 მარტს, პალომარის ობსერვატორიის ფართო არეალის საკვლევი კამერის მეშვეობით აღმოაჩინეს. თავდაპირველად ის ასტეროიდი ეგონათ, სანამ მის კომას, იგივე ნისლოვან გარსს შეამჩნევდნენ. საინტერესოა ისიც, რომ კომეტის ბოლო სტუმრობისას დედამიწაზე ზედა პალეოლითის პერიოდი იყო, როცა ადამიანმა ევროპასა და აზიაში გავრცელება დაიწყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.