რატომ ეშინიათ არქეოლოგებს ჩინეთის პირველი იმპერატორის აკლდამის გახსნის?
1974 წელს ფერმერებმა ჩინეთში მდებარე შენსის პროვინციაში თიხისგან დამზადებულ ადამიანის ფიგურას მიაგნეს, რამაც ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო, რადგან გათხრებმა მიწის ქვეშ არსებული ათასობით მეომრის, საბრძოლო ცხენებისა და სხვა ცხოველების ერთგვარი ქანდაკებები გამოავლინა.
მას ტერაკოტების არმიას უწოდებენ, რომლის დანიშნულებაც ცინ შიხუანგის საფლავის დაცვა იყო, ცინის დინასტიის პირველი იმპერატორის, რომლის მმართველობაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 221-დან 210 წლამდე გაგრძელდა. იმის მიუხედავად, რომ მავზოლეუმის გარშემო განლაგებული ნეკროპოლისის დიდი ნაწილი გამოკვლეულია, ცენტრალური აკლდამა მეცნიერებს ამ დრომდე არ გაუხსნიათ, ანუ უკვე 2 000 წელზე მეტია, რაც ის ხელუხლებელია.
ვისაც ცნობილი მხატვრული ფილმი The Mummy: Tomb of the Dragon Emperor გაქვთ ნანახი და ცოტათი მისტიკაც გიტაცებთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ ამის უკან რაღაც ზებუნებრივის შიში იმალება, მაგრამ ასე სულაც არაა. მეცნიერებს უბრალოდ არ სურთ, რომ აკლდამა უნებურად დააზიანონ და ამით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაკარგონ. გათხრებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგია კი ინვაზიურია და რისკს ნამდვილად შეიცავს.
სპეციალისტები საფლავის დათვალიერების არაინვაზიურ გზებს ეძებენ. მაგალითად, განიხილება მიუონის გამოყენება, ელემენტარული ნაწილაკის, რომელსაც ამა თუ იმ სტრუქტურაში შეღწევა რენტგენული სხივების მსგავსად შეუძლია. ეს და სხვა მეთოდები ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობის საგნად რჩება.
ასევე, აკლდამის გახსნა სიცოცხლისთვის პოტენციურ საფრთხესაც შეიცავს. როგორც ძველი ჩინელი ისტორიკოსისგან, სიმა ციანისგან იმპერატორის სიკვდილიდან დაახლოებით 100 წელში დაწერილი ტექსტიდან ვიგებთ, მმართველის სამარხში ხაფანგია დაგებული, რომელიც იქ შეღწევის მცდელობისას ადამიანს მოკლავს.
"სამარხი იშვიათი არტეფაქტებითა და საგანძურით აავსეს. ხელოსნებს უბრძანეს, დაემზადებინათ არბალეტები და ისრები, რომლებიც წინასწარ დამიზნებულია ისე, რომ აკლდამაში შესულ ნებისმიერ ადამიანს მოხვდეს. ასი მდინარის, იანძის, ყვითელი მდინარისა და დიდი ზღვის გამოსახვისთვის ვერცხლისწყალი გამოიყენეს, რომელსაც მექანიკურად უნდა ედინა", — ვკითხულობთ ჩანაწერში.
ისრებმა შესაძლოა, ამდენი ხნის შემდეგ ფუნქცია ვეღარ შეასრულოს, მაგრამ ვერცხლისწყალი ძალიან საშიშია. თანაც, მეცნიერებმა სამარხის მიმდებარედ მისი ჩვეულებრივზე მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. ასე რომ, ჯერჯერობით მოცდა მოგვიწევს, სანამ უსაფრთხო მეთოდს არ მივაგნებთ.
კომენტარები