გზა იორდანიიდან საქართველომდე — შაფიქ სალიმ შაფიქ ჰამარნეს ამბავი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
"ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან ბიჭები მიზიდავდა, განსაკუთრებულ სიახლოვეს კი დედასთან და დასთან ვპოულობდი. იმ დროს სტერეოტიპული რაღაცებით, მაგალითად, თოჯინებით თამაშით შეიძლებოდა მიხვედრა, რომ ის ინტერესები არ მქონდა, რაც სხვა ბიჭებს, მაგრამ ამის გაცნობიერება და ქამინგაუთი ბევრად გვიან, 14-15 წლის ასაკში მოხდა", — იხსენებს შაფიქ სალიმ შაფიქ ჰამარნე, გეი ბიჭი იორდანიიდან, რომელიც მშობლიური ქვეყნის მჩაგვრელ გარემოს საქართველოში გამოექცა, ქვეყანაში, რომელიც შორიდანვე უყვარდა, მაგრამ ჩამოსვლისთანავე გააცნობიერა, რომ ლამაზი ბუნების მიღმა არსებობდა საზოგადოების ჰომოფობიური და ქსენოფობიური დამოკიდებულებებიც. ტიკტოკის გვერდზე საქართველოში ცხოვრების გამოცდილებას, ყოველდღიურად თავსგადახდენილ ამბებს აზიარებს, მათ შორის, იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც ზოგჯერ იმაზეც აფიქრებს — "იქნებ საცხოვრებლად საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო".
იორდანიაში ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დეკრიმინალიზებულია, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეტიც, ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც საჯარო სივრცეში ხდება, შეიძლება პატიმრობის წინაპირობა გახდეს "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფის" მიზეზით. "ღირსების სახელით" ოჯახის წევრის მკვლელობის კრიმინალიზება კი სულ ცოტა ხნის წინ, 2013 წელს მოხდა. ამასთან, მკვეთრად ნეგატიურია საზოგადოებრივი განწყობები — 2019 წლის გამოკითხვის მიხედვით, იორდანიის მოქალაქეთა 90%-ზე მეტი ჰომოსექსუალობას მიუღებლად მიიჩნევს.
შაფიქმა ქვიართან საუბრისას საკუთარ თავთან ქამინგაუთის, იორდანიაში ცხოვრების პერიოდისა და საქართველოში განცდილი ჩაგვრის შემთხვევების შესახებ ისაუბრა.
თვითაღმოჩენა და მხარდაჭერა
"თავდაპირველად უარყოფის მდგომარეობაში ვიყავი, ვცდილობდი, რომ რომანტიკულად გოგოებისთვის შემეხედა, მაგრამ უშედეგოდ. თითქოს აკვიატებასავით იყო, რომ ბიჭების მიმართ მიზიდულობა როგორღაც გამედევნა საკუთარი თავიდან. ამის გამო დეპრესია მქონდა, მედიკამენტური მკურნალობის გავლაც მომიწია და ნელ-ნელა შევძელი ფაქტის მიღება", — ამბობს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გააზრების თანმდევ სირთულეზე საუბრისას და გვიყვება, რომ ოჯახის წევრების ნაწილმა, დედამ და დამ იციან, რომ გეია და დღეს უკვე მხარდამჭერებიც არიან, თუმცა თავიდანვე ასე არ ყოფილა — "თავიდან დედაჩემსაც გაუჭირდა ფაქტის მიღება, მეუბნებოდა, რომ უბრალოდ ასეთი პერიოდი მქონდა. დეიდაჩემმა, რომელიც იორდანიაში არ ცხოვრობს, აუხსნა, რომ ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული და ნელ-ნელა ბევრად მიმღებელი გახდა. მერე რომანტიკული ურთიერთობაც მქონდა, ერთად 3 წელი ვიყავით. ჩვენთანაც ხშირად რჩებოდა და დედაჩემმა და ჩემმა დამ იცოდნენ, რომ შეყვარებულები ვიყავით. არ იცის მამამ, რომელიც მცირე ასაკიდანვე მახსოვს, როგორ ძალადობდა დედაზე. საბედნიეროდ ახლა უკვე განქორწინებულები არიან. იორდანიაში ცხოვრებისას, ჩემი ორიენტაციის შესახებ მამას რომ გაეგო, არ ვიცი, რა მოხდებოდა. არ მაქვს გარანტია, რომ არ მომკლავდა".
საზოგადოებრივი წნეხი
ამბობს, რომ იორდანიაში განსაკუთრებით რთული საზოგადოების მხრიდან წნეხის გაძლებაა — ქვიარ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს მუდმივად აძახებენ, რომ ცოდვილები არიან, რომ ღირსების შემლახავია ოჯახში ქვიარ ადამიანის ყოლა.
"ოჯახის წევრებიც ამიტომ არიან ხოლმე ნაკლებად მიმღებლები, ადამიანისა და ოჯახის წევრის სექსუალური ორიენტაცია რეპუტაციის შემლახავია. ცოდვილად მიგიჩნევენ, ოჯახთან აღარ საუბრობენ, სრულად გრიყავენ. ორიენტაციის საჯაროდ გაცხადება, თვითგამოხატვა საშიშია, შეიძლება მოგკლან, ოჯახმა სახლიდან გაგაგდოს და მკვლელობის შემთხვევაშიც კი, სასჯელი ძალიან მცირეა. ამიტომ, ქვიარ ადამიანები აქტიურად ტოვებენ ქვეყანას", — ამბობს ის.
შაფიქი იორდანიაში ცხოვრებისას მომხდარ ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა შეყვარებულთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობდა და როგორც ამბობს, მცირე ოდენობით მარიხუანა ჰქონდა მოწეული. პოლიციამ გააჩერა და ნარკოდამოკიდებულების მიზეზით დააკავა, თუმცა მისი თქმით, რეალური მიზეზი საჯარო სივრცეში ქვიარ ადამიანებს შორის რომანტიკული ნიშნის დანახვა იყო.
"ამგვარად, "საზოგადოებრივი ღირსების შელახვისთვის" ადამიანების დაპატიმრება ხშირად ხდება. მახსენდება კიდევ ერთი შემთხვევა, როცა 10-მდე გეი კაცს სახლში წვეულება ჰქონდა და ყველა დააპატიმრეს, არადა ისინი საჯარო სივრცეშიც კი არ იყვნენ", — იხსენებს შაფიქი.
ცხოვრება საქართველოში
"არ ვიცი, აქ ჩამოსვლა კარგი გადაწყვეტილები იყო თუ — არა. არის მომენტები, როცა ვნანობ", — ამბობს შაფიქი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას — "2022 წლის თებერვალში ჩამოვედი, რადგან საქართველოს ბუნება, გარემო მიყვარს, მაგრამ მალევე აღმოვაჩინე, რომ საზოგადოება ჩემ მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი".
შარიფი გასულ ერთ წელში მომხდარ არაერთ შემთხვევას იხსენებს, როცა მოქალაქეების თუ პოლიციის მხრიდან დამცინავი დამოკიდებულებისა და თავდასხმის პირისპირ აღმოჩნდა.
"თავისუფლების მოედანთან მცემეს, იმ დროს ქერა თმა მქონდა. ერთ-ერთ ადამიანს მიმართულება ვკითხე და სრულიად უმიზეზოდ დამესხა თავს. პოლიციაში მივედი, კადრებიც მქონდა, რამდენიმე საათის განმავლობაში თარჯიმანს ველოდი, რომელიც, როგორც იქნა, მოვიდა, მაგრამ ინგლისური ფაქტობრივად არ იცოდა, საშინელი დისკომფორტი იყო და მაშინვე ვთქვი, რომ აღარ მინდოდა საჩივრის დაწერა", — იხსენებს შაფიქი.
ის გვიყვება კიდევ ერთი შემთხვევის შესახებ, როცა მთვრალმა კაცებმა შარფი ძალის გამოყენებით მოხსნეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და იხსენებს ინციდენტს, როცა ადამიანებისგან ჯგუფური ჩაგვრის სამიზნე გახდა.
"კიდევ ერთი შემთხვევა, რაც მახსენდება, მოხდა მაშინ, როცა მომსახურების ერთ-ერთ ობიექტში რაღაც დამრჩა, მივბრუნდი, უკვე დაკეტილი იყო და ადგილზე შეკრებილ ადამიანებს ვკითხე, რა შეიძლებოდა მექნა. მათ შუა თითის ჩვენება და დამცინავი კომენტარების გაკეთება დაიწყეს. ტელეფონში შემთხვევის ამსახველი კადრებიც მქონდა, რომელიც პოლიციამ წამაშლევინა, განყოფილებაში წამიყვანეს, საჩივარი დამაწერინეს, მაგრამ აღარავინ დამკავშირებია, მეტიც, პოლიციელების მხრიდანაც დამცინავი დამოკიდებულებაა. ამიტომ, მათთან კონტაქტიც აღარ მინდა, არ მაქვს იმედი, რომ ჩემს უფლებებს დაიცავენ", — ამბობს შაფიქი და გვიყვება, რომ მსგავსი შემთხვევების გარდა, ხშირია მომენტები, როცა რასისტული კომენტარებისა და მუქარების მოსმენა უწევს.
შაფიქი საუბრის დასასრულს გვეუბნება, რომ უიმედო მდგომარეობაშია და ხშირად აღარც კი სჯერა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება.
"როცა დედაჩემი საქართველოში იყო, მისი მხარდაჭერა მეხმარებოდა, მაგრამ იორდანიაში დაბრუნდა და მარტო დავრჩი. ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, აქ ცხოვრების უფლებას ველი და პასუხი არ ჩანს, ახლა კი სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ და არავითარი ბერკეტი არ მაქვს, ორგანიზაციებიც ვერ მეხმარებიან დიდად. ჩემს ქვეყანაშიც ვერ დავბრუნდები, მეშინია იქ წასვლის. აქ კი სახლიდან ფაქტობრივად აღარ გავდივარ, დეპრესია ისევ დაბრუნდა. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის მოტივაციაც არ მაქვს, იმედი გადამეწურა, რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება", — ამბობს შაფიქი.