აღმოჩენილია ეგზოპლანეტა, რომლის წიაღშიც ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა, რომელიც გაიას ტელესკოპის მეშვეობით პირდაპირ გადაიღეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და უჩვეულოა, მის წიაღში ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს, რომელიც ვარსკვლავებს ახასიათებს.
ეს ციური სხეული HD 206893 c-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 130 სინათლის წლით დაშორებული მნათობის გარშემო 483 კილომეტრ დისტანციაზე გადაადგილდება. მისი მშობელი ვარსკვლავი მზეზე 30 პროცენტით დიდია და მტვრის დისკოთია გარემოცული. ასტრონომებმა აღნიშნული სისტემა გაიას მისიის ერთ-ერთ სამიზნე ობიექტად შეარჩიეს და ობსერვატორიის მონაცემები ძალიან დიდი ტელესკოპის ხელსაწყოს, GRAVITY-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან შეაჯერეს.
ამ დაკვირვებებმა სპეციალისტებს ახალაღმოჩენილი ეგზოპლანეტის ატმოსფეროს სპექტრული მახასიათებლების შესწავლის საშუალებაც მისცა. ობიექტის აირადი გარსის სიკაშკაშეზე დაყრდნობით დადგინდა, რომ HD 206893 c-ის ცენტრში ბირთვული სინთეზი დეიტერიუმის მონაწილეობით მიმდინარეობს, რომელიც წყალბადის იზოტოპი გახლავთ.
მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ციური სხეული აირის გიგანტია და, სავარაუდოდ, იუპიტერზე 13-ჯერ მასიურია. მისი უზარმაზარი ზომა და იქ მიმდინარე რეაქციები მიუთითებს, რომ საქმე პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯა ვარსკვლავს შორის გარდამავალ ობიექტთან გვაქვს, რომელიც მნათობის მსგავსად წარმოიქმნა, თუმცა მასა არ ეყო, რომ სათანადო ბირთვული სინთეზი შეენარჩუნებინა.
უკანასკნელი მიგნება შესაძლოა, პლანეტებისა და ყავისფერი ჯუჯების განმასხვავებელი ინდიკატორების გამოვლენაში დაგვეხმაროს. ასევე, ის გვიჩვენებს, რომ გაიას ტელესკოპი ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად ეფექტიანია.
ავტორთა ნაშრომი ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები