NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე ოპალი აღმოაჩინა, რომელიც წყლითაა მდიდარი
NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა მავალმა Curiosity-იმ გეილის კრატერში საინტერესო რაღაცას მიაგნო. სპექტრომეტრის მონაცემებმა ნაპრალების ჰალოების, ანუ ღია შეფერილობის მომრგვალო წარმონაქმნების არსებობა გამოავლინა, რომლებიც ოპალის ქვები აღმოჩნდა.
ოპალი წყალსა და სილიციუმს შეიცავს, შესაბამისად, მარსზე მისი არსებობა მიანიშნებს, რომ ამ ადგილზე ძველად საკმარისი წყალი იყო, რათა მსგავსი სიღრმეები პოტენციურად სიცოცხლისთვის თავსებად გარემოდ ექცია. ასევე, აღნიშნული ქვა შესაძლოა, სამომავლო მისიებში მონაწილე ასტრონავტებს წყლის წყაროდაც გამოადგეთ.
მარსი მზისგან დიდი რაოდენობით რადიაციას იღებს, რის გამოც მის ზედაპირზე ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის სათანადო პირობები არაა. ამის მიუხედავად, გრუნტქვეშა ნაპრალებში უფრო ბნელა და იქ მავნე გამოსხივებისგან შედარებით დაცული ადგილებია. სწორედ ასეთ მიდამოებში მიაგნო აპარატმა ოპალს, რაც ამ აღმოჩენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სავარაუდოა, რომ მსგავსი ნაპრალების სისტემები გეილის კრატერში გავრცელებულია.
მეცნიერთა განცხადებით, ოპალით მდიდარი რეგიონები მარსზე მდებარე ისეთ უკანასკნელ არეალებს შორსაა, სადაც წყალი თხევადი სახით ჭარბად იყო. წითელ პლანეტაზე ეს სითხე მათი ფორმირების შემდეგ უნდა გავმქრალიყო.
სიკაშკაშის მიუხედავად, ოპალი მინერალად არ მიიჩნევა, რადგან ასე მჭიდროდ განლაგებულ კრისტალთა სტრუქტურას უწოდებენ. ამ ქვაში კი სულ სხვაგვარი აგებულება გვხვდება, რაც მისგან წყლის გამოცალკევებას ხდის შესაძლებელს, ანუ ოპალი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სითხის პოტენციური წყაროა.
რადგან ოპალს გეილის კრატერში მიაგნეს, საშუალება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის ეზეროს კრატერშიც იქნება, რომელსაც NASA-ს მავალი Perseverance იკვლევს. უკვე ცნობილია, რომ იქ ადრე ტბა იყო, შესაბამისად, მის მიმდებარედ წყლით მდიდარი ქვის აღმოჩენა მოსალოდნელიცაა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Geophysical Research: Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები