ტირანოზავრები შეიძლება ისეთივე ჭკვიანები იყვნენ, როგორც პრიმატები — კვლევა
ტირანოზავრი რექსი ყველა დროის ყველაზე საშიში მტაცებელი იყო, რომელიც 65 მილიონი წლის წინ დააბიჯებდა დედამიწაზე. პოპ კულტურაში ის ცნობილია თავისი სისასტიკით, მაგრამ ნაკლებად ჭკუით. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ჩვენ შესაძლოა, არ ვაფასებდით, თუ რამდენად ჭკვიანები იყვნენ ეს უზარმაზარი მონსტრები.
"სინამდვილეში, თავიანთი თანამედროვეების ინტელექტთან შედარებით, T-Rex და სხვა თეროპოდები (სამ კლანჭიანი, ორფეხა დინოზავრი) შესაძლოა "თავიანთი დროის პრიმატები" ყოფილიყვნენ", — თქვა ნეირომეცნიერმა სუზანა ჰერკულანო-ჰაუზელმა, კვლევის ავტორმა.
კვლევის თანახმად, თეროპოდებს ტვინში იმდენი ნეირონი ჰქონდათ, რამდენიც დღეს მაიმუნებს აქვთ, ხოლო ტირანოზავრის შემთხვევაში "ბაბუინის მსგავსი" — 3 მილიარდამდე ნეირონზეა საუბარი. წარმოიდგინეთ სახლის ზომის, ჭკვიანი მკვლელი მანქანა — კვლევის მიხედვით სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ტირანოზავრი.
ამდენი ნეირონით, T-Rex-ს საკმარისი გონებრივი შესაძლებლობები უნდა ჰქონოდა. ჰერკულანო-ჰაუზელის შეფასებით, დინოზავრს 40 წლამდე უნდა ეცოცხლა. ეს საკმარისი დროა რათა სოციალური ურთიერთობები გამოიმუშაო. ასეთები არიან პრიმატები და ვეშაპები. მკვლევრები იმასაც ვარაუდობენ, რომ ტირანოზავრებს შეიძლება ჯგუფებად ენადირათ. მეტიც, არის ვარაუდი, რომ ტირანოზავრებს ერთგვარი ხელსაწყოების გამოყენებაც შეიძლება ეცადათ. თუმცა, მათი მოუხერხებელი სქელი პატარა მკლავებით, ეს ნაკლებად შესაძლებელია.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტირანოზავრს ბაბუინივით ბევრი ნეირონი ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა ყველაფერი, სოციალური ურთიერთობების დასამყარებლად და ერთგვარი ხელსაწყოების გამოყენებისთვისაც", — ამბობენ მკვლევრები.
გადაშენებული ცხოველის ნეირონების ზუსტი რაოდენობის დადგენა მისი თანამედროვე შთამომავლების, ფრინველების ტვინს ეყრდნობა.
"თუ თქვენ შეგიძლიათ გაერკვეთ, რამდენ ნეირონს მოიცავს ფრინველის გარკვეული ზომის ტვინი ეს მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ საჭიროა ფრინველის მსგავსი დინოზავრების ტვინის ზომის განსაზღვრა. საბოლოოდ, საჭიროა მათემატიკა და სწორად შეაფასებთ რამდენი ნეირონი ჰქონდა დინოზავრს ტვინში", — განმარტა ჰერკულანო-ჰაუზელმა.
მკვლევრების თქმით, ეს მათემატიკა შედარებით მარტივია. სირთულე პროპორციულობის დადგენაში მდგომარეობს.
ჰერკულანო-ჰაუზელი ამტკიცებს, რომ თეროპოდები უნდა განიხილებოდეს როგორც ცალკეული ჯგუფი თავისი განსხვავებული თვისებების გამო და არ დაყენდეს ზოგადად დინოზავრებთან.
კომენტარები