WHO-ცნობით, კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 650 მილიონ ადამიანს შეეყარა.

სავარაუდოდ, რეალური რიცხვი ბევრად მაღალია და ყოველკვირეულად ასიათასობით იზრდება. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო საზოგადოება ცდილობს, კორონავირუსის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა იკვლიოს.

პანდემიის ადრეულ ეტაპზე, მეცნიერებმა ლოქდაუნის ძილზე გავლენა იკვლიეს. მთავარი მიგნება იყო ის, რომ ამ პირობებში ბევრად მეტი გვეძინა, თუმცა ძილის ხარისხი გაუარესებული იყო.

ახლა კი მონაცემების ახალი ტალღის კვლევით მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსით ინფიცირება ჩვენს ძილსა და სიზმრებზე.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდინფიცირებულთა 52%-ს ინფექციის პერიოდში ძილის დარღვევაა აწუხებდა.

ყველაზე ხშირი დარღვევა ინსომნიაა. ამ დარღვევის მქონე ადამიანი ან ვერ იძინებს, ან ძალიან ხშირად და ადრე დილით ეღვიძება.

შემაშფოთებელი ისაა, რომ არც ისე იშვიათად, ეს პრობლემა გამოჯანმრთელების შემდეგაც გრძელდება. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა 26%-ს უძილობა გამოჯანმრთელებიდან ორი კვირის შემდეგაც აწუხებდა.

აშშ-ში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ძილის გართულებები პაციენტებს გამოჯანმრთელებიდან ერთი თვის შემდეგაც აღენიშნებოდათ.

ძილის გართულება და ხანგრძლივი კოვიდი

კოვიდ 19 ინფექცია, როგორც წესი, დიდ ხანს არ გრძელდება. მიუხედავად ამისა, ზოგ ადამიანს სიმპტომები ხანგრძლივად აწუხებს. ასეთ პაციენტებს ძილის გართულებები, სავარაუდოდ, ცხოვრებას მეტად გაურთულებს.

2021 წლის კვლევის ფარგლებში მეცნიერები ხანგრძლივი კოვიდის მქონე 3000 ადამიანს დააკვირდნენ. მათ 80%-ს ძილის პრობლემები, ძირითადად ინსომნია აწუხებდა.

შედარებით ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც ვირუსი არ გადაუტანიათ, უფრო ხანგრძლივად და ღრმად სძინავთ.

ღრმა ძილის დეფიციტი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან რეალურად სწორედ ის ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და აძლიერებს კონცენტრაციასა და მახსოვრობას. გარდა ამისა, ძილი იმუნურ სისტემას ინფექციებთან ბრძოლაშიც ეხმარება.

რატომ ზემოქმედებს კოვიდი ძილზე?

კოვიდის ძილზე ზემოქმედებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ფაქტორებს შორის ვირუსის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ გავლენასთან ერთად პაციენტის გარემო პირობებიც უნდა მოვიაზროთ.

კორონავირუსს ტვინზე პირდაპირი გავლენა აქვს. ის ზემოქმედებს იმ ზონებზეც, რომელიც ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობას აკონტროლებენ. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თ როგორ მუშაობს ეს ფენომენი, თუმცა, სავარაუდოდ, ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ტვინის ჟანგბადით მომარაგებაზე ზემოქმედებს.

ასევე, სიცხე, ხველება და სუნთქვის გართულება ვირუსის ტიპური სიმპტომებია, რამაც ასევე შეიძლება პაციენტს ძილი დაუფრთხოს.

ხშირად ძილის გართულების მნიშვნელოვანი მიზეზია დეპრესია და შფოთვაც, რომელიც ინფიცირებულთა დიდ ნაწილს აღენიშნება.

სიზმრები

კოვიდ 19-ის ძილზე გავლენის საერთაშორისო კვლევაში 14 ქვეყნის მეცნიერები მონაწილეობდნენ.

სამიზნე ჯგუფს ინფიცირებული პაციენტები და ის ადამიანები წარმოადგენდნენ, რომელთაც ვირუსი არასდროს დამართნიათ. ორივე ჯგუფის წევრების უმრავლესობა აცხადებდა, რომ სიზმრებს პანდემიის დაწყების შემდეგ უფრო ხშირად ხედავდნენ, ვიდრე ადრე.

საინტერესოა, რომ კოშმარებისადმი მეტი მიდრეკილება ინფიცირებულებს აღენიშნებოდათ. ჯერჯერობით არ არსებობს ახსნა, რომელიც ამ ტენდენციას ახსნის, თუმცა ყველაზე ახლოს მაინც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მისი გადაჯაჭვულობის თეორიაა. გაუარესებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კოშმარები ხშირად ახლავს. მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ინფიცირებული მონაწილეების უმრავლესობას შფოთვა და დეპრესია აწუხებდა.

ძილის მნიშვნელოვან დარღვევებს სპეციალისტის დახმარება სჭირდება, თუმცა შედარებით მსუბუქი პრობლემებისთვის მეცნიერები მარტივ რეკომენდაციებს გვთავაზობენ: ძილის გრაფიკი უნდა დაარეგულიროთ, რაც შეიძლება დიდი დრო უნდა გაატაროთ მზის სინათლეზე, ძილის წინ არ უნდა ჭამოთ და, რაც ყველაზე მთავარია, საწოლში რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.