ნახეთ: მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში გაჭრილ 93-მეტრიან ღრმულში კამერა ჩაუშვეს
მეცნიერთა გუნდი ახლახან დედამიწის სამხრეთ პოლუსზე გაემგზავრა, რადგან ანტარქტიდის კონტინენტზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ყინული შეესწავლა. თავიანთი საქმიანობის საჩვენებლად სპეციალისტებმა შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღეს, რომელზეც აჩქარებული კადრების მეშვეობით ვხედავთ, როგორ ეშვება კამერა ყინულში გაჭრილ გრძელ ღრმულში.
მოწყობილობა მათ ანტარქტიდის ყინულში, ალანის გორაკებზე მდებარე 93-მეტრიან ღრმულში ჩაუშვეს. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იცვლება სიღრმესთან ერთად ყინულის სტრუქტურა და შეფერილობა, რომელიც კონტინენტის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ვარაუდით, ეს ყინული 2-3 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა და "დაიმარხა". შესაბამისად, მისი გამოკვლევით ღირებული მონაცემების მოპოვებაა შესაძლებელი, რომლითაც შევიტყობთ, როგორი პირობები იყო მაშინ ანტარქტიდაზე.
მეცნიერები ამ ადგილზე ექსპედიციას უძველესი ყინულის კვლევის ცენტრის პროექტ COLDEX-ის ფარგლებში აწარმოებენ, რომელიც ორეგონის შტატის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ხორციელდება. მისი მიზანი, როგორც სახელიდან ვიგებთ, ამ რეგიონში უძველესი ყინულის მოძიება და ადრინდელი კლიმატის შესახებ მეტის გაგებაა.
მეცნიერები ანტარქტიდაზე ყინულის ნიმუშებს იღებენ და სიღრმეების შესასწავლად სპეციალურ რადარს იყენებენ, მიმართავენ საჰაერო დაკვირვებებსაც. ისინი იმედოვნებენ, რომ ყინულში მომწყვდეული მტვრისა და უძველესი აირის ბუშტუკების შესწავლის გზით დაადგენენ, როგორ იცვლებოდა იქ კლიმატი მილიონობით წლის განმავლობაში.
კომენტარები