კლიმატის ცვლილება უარესდება  — როგორ გადავურჩით 2022 წელს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რატომ უნდა გვაინტერესებდეს კლიმატის შეჯამება

სანამ კლიმატის მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, უნდა გაგახსენოთ, რომ კლიმატის შეჯამება გასულ წელსაც შემოგთავაზეთ. თუ გასული წლის COP26-ს მეცნიერები უკანასკნელ საუკეთესო შანსს ეძახდნენ ამ პრობლემასთან საბრძოლველად, 2022 და 2023 წლის კონფერენციებზე იგივეს ნამდვილად ვერავინ იტყვის, რადგან შეუძლებელია საუკეთესო შანსი ასე ნიჰილისტურად გამოიყურებოდეს.

კლიმატის მეცნიერები ყოველწლიურად უფრო და უფრო საგანგაშო პროგნოზებს აქვეყნებენ. ამავდროულად, კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად სახელმწიფოები ყოველ წელს ოდნავ უფრო მეტ ძალისხმევას დებენ. მიუხედავად ამისა, პრობლემა გამწვავებას განაგრძობს და წლის განმავლობაში დაფიქსირებული მოვლენები იმის დასტურს წარმოადგენს, რომ მსოფლიო ლიდერებს ამ გამოწვევის არსი არ ესმით და მინიმალური ცვლილებების ნაცვლად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ასევე იხილეთ:

კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის სუნდრაბანსის ტყეებს. ეს უარყოფითად მოქმედებს როგორც აქ წარმოდგენილ ფლორასა და ფაუნაზე, ასევე ტყის გარშემო მცხოვრებ მოსახლეობაზე.

ფოტო: Jibon Ahmed, Bangladesh

სანამ გასული წლის ამბებს განვიხილავთ, 2021-საც გაგახსენებთ. 2021-ში ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის ემისიები 4.8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. შარშანდელი ივლისი ოფიციალურად ყველაზე ცხელი თვე იყო მათ შორის, რაც კაცობრიობას აღურიცხავს. ანომალიურმა ტემპერატურებმა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ხანძრები გამოიწვია, კანადაში კი სიცხის შედეგად მთლიანი სოფელი დაიწვა.

ასევე იხილეთ: კლიმატის ცვლილება და 2021 — რა შეიცვალა

საბედნიეროდ 2022 წელი ასეთი ჯოჯოხეთურად ცხელი არ ყოფილა, თუმცა არანორმალური მოვლენები არც წელს ყოფილა იშვიათი და, ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მომავალ წლებშიც ასე გაგრძელდება. თუმცა, ამ სტატიაში პესიმისტური პროგნოზების გაკეთებისგან შეძლებისდაგვარად თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც უკვე მოხდა.

ნახშირორჟანგის დონე და ატმოსფეროს ტემპერატურა

ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტოს (NOAA) მიხედვით, 2022 წლის მაისში ატმოსფეროში CO2-ის დონე პრეინდუსტრიულ მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით მაღალი იყო. გასულ წელს თუ რეკორდული მაჩვენებელი — 419 პპმ (ყოველ მილიონ მოლეკულაში 419 მოლეკულა ნახშირორჟანგი) დაფიქსირდა, წელს ახალი რეკორდი დამყარდა და ეს რიცხვი 421 პპმ-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეს მაჩვენებელი 280 პპმ იყო.

ბებია და შვილიშვილი მშრალ სეზონზე აგროვებენ წყალს ვიეტნამში.

ფოტო: Le Van Vinh, Viet Nam

ეს დაახლოებით იგივე ნიშნულია, რაც ატმოსფეროში 4.1–4.5 მლნ. წლის წინ — პლიოცენში იყო. ამ პერიოდში ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა ამჟამინდელთან შედარებით 3.5 გრად ცელსიუსით მეტი, ზღვის დონე კი — 5–25 მეტრით მაღალი იყო.

შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ იყო ნახშირორჟანგის კონცენტრაციის იმავე მაჩვენებელზე ტემპერატურისა და ოკეანის დონის განსხვავებული მაჩვენებლები. ამის მიზეზი ისაა, რომ წარსულში ნახშირორჟანგის დონე გარემოში ბუნებრივად იზრდებოდა, დღეს კი, ანთროპოგენული გავლენის შედეგად, ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. შესაბამისად, ტემპერატურა ნელი ტემპით იმატებდა და ყინულებიც ასწრებდა თანდათან დნობას.

აქვე აღვნიშნავ, რომ NOAA-ის მიხედვით, წლევანდელი აგვისტო რიგით მეექვსე ყველაზე თბილი იყო ბოლო 144 წელში, ანუ მას შემდეგ, რაც ტემპერატურის აღრიცხვა დაიწყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის ეს 2021 წლის შემდეგ მეორე ყველაზე ცხელი ზაფხული იყო, სამხრეთ ნახევარსფეროსთვის კი — მეათე.

ჩრდილო ამერიკის დასავლეთ ნაწილში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი ნოემბერი იყო. თუ წელს ახალ ზელანდიაში ყველაზე თბილი ნოემბერი ჰქონდათ, ეს თვე ოკეანეთისთვის ყველაზე ცივი ნოემბერი იყო, რაც აღურიცხავთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად არასწორხაზოვანი და კომპლექსური პროცესია კლიმატის ცვლილება.

ხანძრები, ქარიშხლები და ანომალიები

არასწორხაზოვნებაზე საუბრისას პირველ რიგში 2022 წლის მარტი მახსენდება, როდესაც დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებელი სითბური ტალღების შედეგად რეკორდული ტემპერატურები დაფიქსირდა. ანტარქტიდის რამდენიმე სადგურზე ჩვეულებრივზე 40ºC-ით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. წლის ამ პერიოდში ანტარქტიდაზე საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -50ºC-ია. ჩრდილოეთ პოლუსზე კი ტემპერატურამ ჩვეულებრივზე 30ºC-ით მეტს მიაღწია.

ასევე იხილეთ: დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებლად, ჩვეულებრივზე 30-40ºC-ით დათბა — რას ნიშნავს ეს

ამავდროულად, თბილისში, ჩრდილო ამერიკაში და ევრაზიაში ცივი და თოვლიანი ამინდები იყო, რამაც კლიმატის ცვლილების სკეპტიკოსები, ალბათ, კიდევ უფრო დააეჭვა. თუმცა, კლიმატის ცვლილება ყველგან სტაბილურ დათბობას არ ნიშნავს და არც იმას, რომ წლის ყველა სეზონზე იმაზე მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება, ვიდრე გასულ ათწლეულში, ან საუკუნეში. დათბობის შედეგად, ცივი ჰაერის რეაქტიული ნაკადი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ზამთრის ამინდზეა პასუხისმგებელი, სამხრეთისკენ გამოიტყორცნება, ვრცელდება ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, მათ შორის საქართველოზეც, და ადგილობრივ ამინდზე ახდენს გავლენას. არქტიკული ჰაერის მასები აქ ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ექსტრემალურ ზამთრებს განაპირობებს. უჩვეულოდ ცივი ზამთარი კი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ეფექტია, როგორიც ზღვის დონის მატება.

ასევე იხილეთ: რატომ თოვს მარტში თბილისში — ეს დედამიწის პოლუსების უპრეცედენტო დათბობას უკავშირდება

გლობალური დათბობის პარალელურად, აგვისტოში ანტარქტიდაზე ოკეანური ყინულის ფართობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი — 1981–20210 წლებთან შედარებით 1 209 500 კვადრატული კილომეტრით ნაკლები დაფიქსირდა.

Forbes-ის მიხედვით, 2022 ექსტრემალური ამინდის მოვლენების რეკორდული წელი იყო. ყველა კონტინენტზე კლიმატის ცვლილებამ კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური ქარიშხლები, სითბური ტალღები და სხვა ექსტრემალური ამინდის მოვლენები გამოიწვია, რამაც ადამიანებზე, ინფრასტრუქტურასა და ეკოსისტემებზე გამანადგურებელი გავლენა იქონია.

ცეცხლმოკიდებული ხე, კალიფორნია, 6 სექტემბერი

ფოტო: Ringo H.W. Chiu

მუსონურმა წვიმებმა პაკისტანში წყალდიდობები და მეწყრები გამოიწვია. შედეგად 1.7 მლნ ადამიანის საცხოვრებელი განადგურდა, 31 მლნ იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, დაიღუპა 1 700 ადამიანი. წყალდიდობამ ქვეყნის 1/3-ზე იქონია გავლენა და საერთო ზარალმა 15 მლრდ დოლარს მიაღწია. ყველა სიკეთესთან ერთად, წყალდიდობამ წყლით გადაცემადი დაავადებების გავრცელება გამოიწვია და 8 მილიონი ადამიანი დააზარალა.

სომალის ნახევარკუნძული ისტორიაში ყველაზე გრძელ და ინტენსიურ გვალვას განიცდის, რაც მილიონობით ადამიანს შიმშილის რისკის ქვეშ აყენებს. მიმდინარე გვალვამ 21 მილიონ ადამიანს რეგიონში სურსათის უსაფრთხოების პრობლემა შეუქმნა. გვალვის შედეგად, სომალში იძულებით გადაადგილება მოუწია 3.7 მილიონ ადამიანს, ეთიოპიაში კი — 4.2 მილიონს.

ევროპაში სითბურმა ტალღებმა, მშრალმა პირობებმა და ქარმა ხანძრისთვის იდეალური პირობები შექმნა. გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც ზომიერი კლიმატით გამოირჩევა, ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 40 გრადუსს გადააჭარბა. გაერთიანებულ სამეფოში სახლების დიდი ნაწილი სითბოს შენობაში შენარჩუნებასა და იზოლირებაზეა ორიენტირებული და გამაგრილებელი სისტემა არ აქვს. რეკორდულად მაღალმა სიცხემ London Luton-ის ასაფრენი ბილიკი დაადნო და რკინიგზის რელსებიც მოღუნა. სიცხეს ვერც Google Cloud-ისა და Oracle-ის სერვერებმა გაუძლო და მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა. ჯანდაცვის სააგენტოს მიხედვით, ამ პერიოდში, 65 წელს გადაცილებული ადამიანებიდან ნორმალურზე 2 800 ადამიანით მეტი დაიღუპა. ძლიერი ქარიშხლები დაფიქსირდა აშშ-სა და იაპონიაში.

ასევე იხილეთ: რეკორდული სიცხის შედეგად ლონდონში რამდენიმე ტყის ხანძარი გაჩნდა

ბრიტანეთის რეკორდულ სიცხეს ვერც Google Cloud-ისა და Oracle-ს მონაცემთა სერვერებმა გაუძლო

COP27-ის ლამაზად შეფუთული შედეგები

გაეროს მხარეთა კონფერენციზე, რომელიც წელს ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში გაიმართა, მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის დელეგატმა პარიზის შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ის გზები განიხილა, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში უნდა დაგვეხმაროს.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, კონფერენცია — ანუ წლის მთავარი მოვლენა კლიმატის მიმართულებით, არც ისე დამაიმედებელი აღმოჩნდა.

COP27-ზე მხარეები ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც იმ განვითარებადი ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას, რომლებიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დიდ ზარალს განიცდიან. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, თუმცა ფონდის მართვასა და განაწილებაზე დეტალების განსაზღვრას რამდენიმე წელი დასჭირდება.

როგორც ვიცით, მხარეთა კონფერენციის მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება და ადაპტაციაა. თუმცა, COP27-ის საბოლოო შეთანხმებაში საერთოდ არ ჩანს სახელმწიფოების ძალისხმევა, დასახონ უფრო ამბიციური გეგმები ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის გაზრდისთვის და წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებისთვის.

კონფერენციის საბოლოო შეთანხმებაზე დაფუძნებით შეიძლება ითქვას, რომ ახლო მომავალში წიაღისეული საწვავის მოხმარების მკვეთრ შემცირებას არ უნდა ველოდოთ.

ბენგალის ყურეში განმეორებითი ციკლონების გამო ზღვისპირა სოფლები დაიტბორა.

ფოტო: Dipayan Bose, India

COP26-ზე მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, ყოველწლიურად გაეძლიერებინათ სათბურის აირების ემისიების შემცირების მიზნები. COP27-ზე რამდენიმე ქვეყანა ეცადა, უარი ეთქვა 1.5°C შეზღუდვაზე და აღნიშნული ყოველწლიური მიზნების გაძლიერების შეთანხმებაც გაეუქმებინა. ამ საკითხში მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა კონფერენციაზე შეთანხმდნენ, ამოეღოთ რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ემისიები 2025 წელს პიკს მიაღწევდა და ამის შემდეგ ეს ნიშნული დაიკლებდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ახალი პრეზიდენტის — ლუის ინასიუ ლულა და სილვას არჩევის შემდეგ ბრაზილია COP-ის უბრუნდება 2025 წლის კონფერენციას უმასპინძლებს. გარდა ამისა, ბრაზილია ინდონეზიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც შეუერთდა ტყის შენარჩუნების მიმართულებით თანამშრომლობის დასაწყებად. არსებობს მოლოდინი, რომ ისინი მაღალშემოსავლიან ქვეყნებს ტყეების შენარჩუნებისთვის გადასახადს მოსთხოვენ. ამავდროულად, აშშ-მ და ჩინეთმა ურთიერთობა გამოასწორეს — ტაივანის დაძაბულობის შემდეგ, სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, კლიმატის ცვლილებასთან ბრძლის მიმართულებით თანამშრომლობა განეახლებინათ.

ასევე იხილეთ: კონფერენცია, რომელზეც ყოველწლიურად დედამიწის მომავალი წყდება — გაეცანით COP27-ის შედეგებს

მომავალ წელს COP28-ს არაბთა გაერთიანებული საამიროები უმასპინძლებს. ქვეყნის პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას იქამდე, სანამ ეს მსოფლიოში ამ რესურსების საჭიროება იქნება. როგორც დაგპირდით, პესიმისტურ პროგნოზებს არ გავაკეთებ, თუმცა იმედი მაქვს, ახლო მომავალში მეცნიერები შემოგვთავაზებენ ისეთ ინოვაციებს, რომლებიც ბოლოსდაბოლოს დაგვეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში, მსოფლიო ლიდერები და კომპანიები კი გააანალიზებენ, რომ კლიმატის ცვლილება განვითარებულ სახელმწიფოებზეც დესტრუქციულად ზემოქმედებს და ბიზნესისთვისაც უდიდესი ზიანი მოაქვს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ