მეცნიერებმა მთვარის ახალი ბაზალტი აღმოაჩინეს
მეცნიერები ჩინური მთვარემავლის, Chang'e 5-ის მიერ მოპოვებული 1.731 კილოგრამი წონის ნიმუშების გაანალიზებას ისევ აგრძელებენ. ამჯერად მათ დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ჯერ კიდევ სათანადოდ გამოუკვლეველი რეგიონების აქამდე უცნობი გეოლოგიურ მახასიათებლები შეისწავლეს. კერძოდ, სპეციალისტებმა 7 სხვადასხვა ტიპის ქვის იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც "ეგზოტიკურად" მიიჩნევა.
2 მილიარდი წლის რეგოლიტი, ანუ მთვარის ზედაპირზე არსებული გრუნტი, მისი ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. გეოლოგიურ მასალაში მკვლევრებმა სრულიად ახალი ტიპის ბაზალტი აღმოაჩინეს, რომელიც იმ დროს წარმოიქმნა, როდესაც ეს ციური სხეული ვულკანურად აქტიური იყო. ის ამჟამინდელ არეალში სხვა ადგილიდან უნდა მოხვედრილიყო.
მეცნიერებმა 2 მილიმეტრზე მცირე ზომის 3 000-მდე ნაწილაკი შეისწავლეს, რათა ვულკანური აქტიურობის ან ასტრონომიულ სხეულებთან ადრინდელი შეჯახებების მტკიცებულებისთვის მიეგნოთ. შედეგად, მათ მიაკვლიეს ფრაგმენტს, რომელშიც ტიტანის მაღალი კონცენტრაციაა, ასევე, მასში დიდი კრისტალები მინისებრ მატერიაშია მოქცეული. მსგავსი ბაზალტი აქამდე მთვარეზე არ დაგვიფიქსირებია.
ავტორთა ვარაუდით, ეს ნაწილაკები იმ რეგიონთანაა დაკავშირებული, რომელიც ამჟამინდელი მდებარეობიდან 400 კილომეტრამდე მანძილითაა დაშორებული. მათი აზრით, ისინი ათასწლეულების განმავლობაში მომხდარი შეჯახებების შედეგად მთვარის ზედაპირზე გაიფანტა. ეს არეალი, გეოლოგიური თვალსაზრისით, კარგად გამოკვლეული არაა და შესაძლოა, ვულკანის ამოფრქვევების შესახებაც შეიცავდეს ინფორმაციას.
ამის მიუხედავად, ნიმუშების მხოლოდ 0.2 პროცენტი აღმოჩნდა "ეგზოტიკური", როცა 10-20 პროცენტი იყო მოსალოდნელი. ეს მიანიშნებს, რომ შეჯახებების შემდეგ გამოყოფილი ნაკადი შეიძლება ზედაპირზე ისე არ გადაადგილდებოდეს, როგორც გვეგონა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები