მეცნიერებმა, სავარაუდოდ, სიცოცხლის რთული ფორმების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ბიოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანებით მოცული საკითხი სიცოცხლის რთული ფორმების წარმოშობაა. ახალი კვლევის ფარგლებში, რომელიც ვენის უნივერსიტეტსა და ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებს ეკუთვნით, შესაძლოა, ამ კითხვაზე პასუხი ვიპოვეთ.
სპეციალისტებმა ერთუჯრედიანი არქეები მიკროსკოპული მეთოდებით დეტალურად შეისწავლეს. კერძოდ, მათ ყურადღება ასგარდთა ტიპზე გაამახვილეს, რომელსაც უნიკალური უჯრედული მახასიათებლები აქვს და არაა გამორიცხული, რომ ევოლუციურ რგოლს წარმოადგენდეს ისეთ რთულ ორგანიზმებამდე, როგორიც ცხოველები და მცენარეებია.
დედამიწაზე ყველა ცოცხალი ორგანიზმი სამ მთავარ ჯგუფადაა დაყოფილი: ევკარიოტები, ბაქტერიები და არქეები. პირველ მათგანში ცხოველები, მცენარეები და სოკოები ერთიანდება, რომელთა უჯრედებიც უფრო დიდი და რთულია, ვიდრე დანარჩენი ორის. ასევე, ევკარიოტებში გენეტიკური მატერია უჯრედის ბირთვში ინახება, თავად უჯრედებს კი მრავალი დანაყოფი გააჩნია, განსხვავებულია მათი ფორმაცა და ციტოჩონჩხიც.
მკვლევრებს შეუძლიათ, რომ ასეთი რთული უჯრედების ფუნქციონირება შეისწავლონ, თუმცა მათი ევოლუციური წარმომავლობის დადგენა ძნელია. თანამედროვე თეორიების მიხედვით, ამაში უდიდესი როლი არქეებმა და ბაქტერიებმა შეასრულეს, როცა დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ ამ უკანასკნელთა სიმბიოზი შედგა და სათავე ევკარიოტულ პირველყოფილ უჯრედს დაუდო.
"2015 წელს ღრმაწყლოვანი გარემოს ნიმუშების გენეტიკური კვლევისას ე.წ. ასგარდული არქეები აღმოაჩინეს, ჯგუფი, რომელიც სიცოცხლის ხეზე ევკარიოტთა უახლოესი ნათესავია. მათი უჯრედების პირველი სურათები იაპონელმა მეცნიერებმა 2020 წელს გამოაქვეყნეს", — ვკითხულობთ პრესრელიზში.
ახლა კი მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, სლოვენიის ნაპირებიდან მოპოვებული ასგარდული არქეა ლაბორატორიულ პირობებში მაღალი კონცენტრაციით გაზარდეს. შემდეგ მათ კრიოელექტრონული მიკროსკოპი გამოიყენეს, რათა გაყინული უჯრედებისთვის ფოტოები გადაეღოთ. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს ორგანიზმები ცილა აქტინის ძაფისებრი სტრუქტურების ქსელს შეიცავდნენ, რომელიც აქამდე ევკარიოტთა უნიკალურ მახასიათებლად მიიჩნეოდა.
ეს ნიშნავს, რომ ფართო ციტოჩონჩხები არქეებში პირველი ევკარიოტების წარმოქმნამდე გაჩნდა. ახალ ორგანიზმს მეცნიერებმა Lokiarchaeum ossiferum უწოდეს. ისინი იმედოვნებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით ამგვარ არქეებსა და მათში მიმდინარე პროცესებს უკეთ გამოიკვლევენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები