მოლდოვა: სამი წელი ევროპაში უვიზოდ - რა შეიცვალა
სტატია პირველად გამოქვეყნდა On.ge-ს პარტნიორის, JAMnews-ის ვებსაიტზე.
ვიდრე საქართველო და უკრაინა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებს სწავლობენ, მოლდოვა ამ რეჟიმით სამწლიანი ცხოვრების შედეგებს აჯამებს.
მოლდოვის რესპუბლიკა პირველი იყო დღეს უკვე ნახევრად მივიწყებული დსთ-ს ქვეყნებიდან, რომელმაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის უფლება მიიღო.
ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი სამეული უკვე დიდი ხნის წინ ბალტიის ქვეყნებმა შეადგინეს. მოლდოვა კი ევროკავშირთან მეოთხე „უვიზო“ პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა. რა მისცა ამან ქვეყნის მოქალაქეებს და რა დააკლო?
გამოცდილება
მოლდოვის დედაქალაქი კიშინიოვი წარმოუდგენლად სუფთა და გამწვანებული ქალაქია, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ძალიან ლამაზი გოგონების საოცარი კონცენტრაცია, რომლებიც აქ ისეთივე რაოდენობით არიან, როგორც საუდის არაბეთში – ნავთობი.
შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ეს ისევ საბჭოთა ქალაქია – იმდროინდელი არქიტექტურა თვალში საცემია.
თუმცა, ეს შთაბეჭდილება მცდარი იქნება. კიშინიოვი ევროპული ქალაქია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით: ადამიანები აქ გახსნილები და კეთილგანწყობილები არიან; მძღოლები ფეხით მოსიარულეებს პატივს სცემენ (აი, სად უნდა გაიარონ ქართველმა მძღოლებმა მასტერკლასები); შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს აქ გადაადგილება არ უჭირთ (პანდუსები ყველგანაა); ცენტრალურ პარკში ანტიფაშისტური გრაფიტებიც კი აქვთ (თავიანთ ნაცისტები მათაც ჰყავთ, თუმცა სადღაც ჩრდილში).
რასაკვირველია, ეს არც პარიზია და არც ბარსელონა, თუმცა არც უკვე საბჭოეთის განაპირა ქალაქი. ეს უფრო ოცი წლის წინანდელი ევროპული პროვინციაა, რომელსაც ჯერ კიდევ წინ აქვს – შენგენის ზონაც, ერთიანი ვალუტაც, და ევროკავშირი მისი დღევანდელი სახით.
ამას თავის მიზეზები აქვს:
მოლდოვის გზა ევროპისკენ სამი წლის წინათ არ დაწყებულა, არამედ – გაცილებით ადრე. მისი ევროპასთან დაახლოების ინიციატორი და ლობისტი ორი მეზობელი ქვეყანა – რუმინეთი და ბულგარეთი იყო. 90-იან წლებში მათ მოლდოვის მოქალაქეებს თავიანთი ქვეყნების მოქალაქეობა შესთავაზეს. ბულგარეთმა – მოლდოვაში მცხოვრებ ეთნიკურ ბულგარელებს მისცა ბულგარეთის მოქალაქეობა (დაახლოებით 10 ათას ადამიანს); რუმინეთმა კი რუმინული პასპორტების გაცემა გაამარტივა მათთვის, ვინც 1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო დაბადებული. და ასევე ამ ადამიანების შთამომავლებისთვის.
ასე რომ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროპამ მოლდოვასთან უვიზო რეჟიმი გამოაცხადა, ბევრ მოლდოველს, ვისაც საზღვარგარეთ გამგზავრება უნდოდა, საჭირო პასპორტები უკვე მიღებული ჰქონდა. ძირითადად, რუმინული. რაღაც მომენტში, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოც კი მთლიანად ისეთი ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებსაც რუმინეთის მოქალაქეობა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთი მოლდოველი მოსამართლე რუმინეთში სენატორიც კი გახდა. რუმინულ პასპორტებს მოლდოველებს მარტივად აძლევდნენ, განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე და ამაზე ყველა თვალს ხუჭავდა, ეს პრობლემად არ ქცეულა.
ლილია ტესლია კიშინიოვში დაიბადა და გაიზარდა. ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში, ჰავანაში, მოსკოვში, კიშინიოვსა და ლონდონში. მისი ორი ვაჟი ახლა ლონდონშია. სადაურად აღიქვამს ის თავს?
როდესაც ევროკავშირმა მოლდოვასთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ის დიდწილად საკუთარ პრობლემებსაც წყვეტდა. იმ დროისთვის მოლდოვის მოქალაქეების ნახევარზე მეტი ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა. მათი რიცხვი ასეულ ათასს შეადგენდა. მონათესავე ენების გამო, მოლდოველები ძირითადად, იტალიაში მიდიოდნენ. სიაში მას ესპანეთი, პოტუგალია და ინგლისი მოსდევდა.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგი ევროკავშირისთვის დადებითი აღმოჩნდა. მოლდოვიდან ჩასული არალეგალების რიცხვი – და შესაბამისად ამასთან დაკავშირებული პრობლემები – რადიკალურად შემცირდა. ამის შესახებ მოლდოვაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული პროგრამის „მიგრაცია და განვითარება“-ს კოორდინატორმა გენადი კრეცუმ გვიამბო.
თავად მოლდოვას კი, შედეგები არც ისე სწრაფად დაეტყო, ქვეყნიდან ადამიანების უფრო საგრძნობ გადინებას თუ არ ჩავთვლით.
საზღვარგარეთ საკუთარი ძალები ბევრმა მოსინჯა, მათ შორის – მოქალაქე ნიკოლაი კაუშანმაც. თუმცა, შინ დაბრუნდა და ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. „ნახევარი ქვეყანა წავიდა, – ამბობს ის, – მოხუცები და ის ახალგაზრდები დარჩნენ, რომლებიც მშობლების მიერ საზღვარგარეთ გამომუშავებული ფულით სწავლობენ. კარგად ვხედავ, როგორც სწავლობენ – უგონოდ თვრებიან, და ყველანაირ საძაგლობას ეწევიან…“
ერთსულოვნება
აი, რა არის კიდევ თვალსაჩინო მოლდოვაში, როდესაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ესაუბრები, რომლებიც საზოგადოების განათლებულ ნაწილს წარმოადგენენ ( ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები) – ისინი ყველანი ერთხმად აცხადებენ, რომ ევროპასთან ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს.
მოქმედი ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის მიმართ სიმპათიით არ არიან განწყობილები – როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყანაშია მიღებული. და მზად არიან ერთმანეთი ნებისმიერ საკითხში დაადანაშაულონ. მაგალითად, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატის მაია სანდუს მოწინააღმდეგეები ირწმუნებოდნენ, რომ ის გერმანიის კანცლერ მერკელს გაურიგდა და მზად არის, მოლდოვაში შეიფაროს სირიელი დევნილები, რომლებსაც ვითომდა ცარიელ სახლებში უპირებდნენ შესახლებას.
მაგრამ როდესაც საქმე მოლდოვის განვითარების ევროპულ ვექტორს და მისი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ეხება, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთი და იმავე სიტყვებით საუბრობენ. „ბოლო სამი წლის განმავლობაში შეინიშნება ადამიანების მენტალიტეტის, შეხედულებებისა და ფასეულობების ცვლილება … მოლდოველები გრძნობენ, რომ ისინი ევროპელები არიან, და ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია“, – ამბობს მმართველ კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტიის დეპუტატი იგორ ვრემია. ოპოზიციური პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“-ს ლიდერი მაია სანდუ მოქალაქეების ერთგვარ იმედგაცრუებაზე საუბრობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მოლდოველები ევროპულ პოლიტიკურ კურსზე უარს არ იტყვიან.
ცხარე პოლემიკის დროს ვიღაცამ შეიძლება ამტკიცოს, რომ ახლახან არჩეული პრეზიდენტი იგორ დოდონი ევროპულ არჩევანზე უარის თქმას, ქვეყნის რუსეთის მიმართულებით წაყვანას და მის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებს. ამის დასტურად უფრო ხშირად ის მოჰყავთ, რომ წელს დოდონი ერთადერთი უცხოური ქვეყნის მეთაური აღმოჩნდა, ვინც 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმზე ვლადიმერ პუტინის გვერდით იდგა.
თუმცა ექსპერტები ასეთ მტკიცებულებებს „მოლდოვური თაღლითური თამაშების – „ლოხოტრონის“ ნაწილად“ მიიჩნევენ. ალბათ შეიძლება, რომ მოლდოვის ყველაზე პატივსაცემი პოლიტოლოგის, ოაზ ნანტოის სიტყვებს ვენდოთ, რომელიც ამ „ლოხოტრონს“, უკვე ოცდახუთი წელია, აკვირდება. მან ერთი საგანგაშო ტენდენციის შესახებაც გვიამბო – ახალგაზრდების თითქმის 40 პროცენტს ქვეყნიდან სამუდამოდ სურს გადასახლება.
ახალგაზრდა მოლდოველებს შეკითხვა, თუ როგორ აფასებენ ისინი უვიზო რეჟიმის შემოღების შედეგებს, ერთგვარად აბნევს კიდეც, ეს მათთვის იმდენად აშკარაა. ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტი ალისა თავიდან ცდილობს, რომ ვრცლად აგვიხსნას უვიზო რეჟიმისადმი თავისი დამოკიდებულება – და უცბად ლაკონურ ფორმულირებას აგნებს: „მაგარია!“, თუმცა არც იმის მომხრეა, რომ გადაჭარბებულად შეაფასოს ეს „განსაკუთრებული პრივილეგია“.
უფროსებსაც კარგად ესმით სავიზო რეჟიმის სიკეთეები – მათაც კი, ვისაც ბედმა კიშინიოვის ძველმანების ბაზრობაზე ათასგვარი წვრილმანით ვაჭრობა არგუნა. „ჩემს ბიზნესზე უფრო წვრილი ბიზნესი აღარ არსებობს“, – გვითხრა ჩვენმა თანამოსაუბრემ, ვიდრე გეოპოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას დაიწყებდა.
საბჭოთა გამოცდილება, საბჭოთა ჯარში მრავალწლიანი სამსახური, თურმე სულ არ უშლის ხელს იმას, რომ თავი ევროპელად იგრძნო და ამისგან სიამოვნება მიიღო.
როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, ყველაზე პრობლემური წერტილია ქვეყნის სოფლები. იქ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს აღებული, სხვა ქვეყნებშია ნამყოფი, და განსხვავებული ცხოვრება უნახავს, შეიძლება მხოლოდ 3-4 პროცენტს შეადგენდეს.
მთავარი არგუმენტი
მთავარ არგუმენტად, როგორც ყოველთვის, ეკონომიკა რჩება. ევროპულ ბაზარზე გატანილი მოლდოვური საქონელი (ეს არის პირველ რიგში სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია) 65 პროცენტამდე გაიზარდა. რუსულ ბაზარზე გატანა კი, პირიქით, შემცირდა.
მეტიც, ევროპასთან ვაჭრობა – ეს საკუთარი საქონლის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად კიდევ ერთი გზაა. ამ ბაზარზე მოსახვედრი ბილეთის ფასი – ხარისხის ძალიან მკაცრი მოთხოვნების დაცვაა. ეკონომისტი ვიორელ კვირიგა მიიჩნევს, რომ ის რეფორმები, რაც ქვეყანაში უვიზო რეჟიმისთვის მოსამზადებლად ჩატარდა, მოლდოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მთავარი პრობლემა
მრავალი წლის განმავლობაში მოლდოვის მთავარ პრობლემად რჩება არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკა, რომელიც ამ რეგიონში თავს რუსეთის ფორპოსტად წარმოაჩენს.
თუმცა სტატისტიკა ოფიციალურ განცხადებებზე მეტად დამაჯერებელია ხოლმე. გასული სამი წლის განმავლობაში დნესტრისპირეთის 110 ათასმა მაცხოვრებელმა (მოსახლეობა დაახლოებით 350 ათასი) მოლდოვის მოქალაქეობა მიიღო იმის გამო, რომ ევროპაში უვიზო გადაადგილების საშუალება ჰქონოდა.
როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა თვალსა და ხელს შუა ქრება. მაგრამ ჩნდება სხვა.
კიშინიოვში დღეს ყველაზე პოპულარული სამსჯელო თემაა დნესტრისპირეთთან გაერთიანების პერსპექტივები. „აბა რა , – გვითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამოსაუბრემ, – ეს როდესმე ხომ უნდა მოხდეს. დროა, უკვე დავივიწყოთ ეს შუღლი და ერთად ვიცხოვროთ. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, როგორც დასავლეთი გერმანია დაეხმარა აღმოსავლეთ გერმანიას“. შემდეგ დაფიქრდა და თვითკრიტიკულად დასძინა: „არა, ეს უკვე ზედმეტი მომივიდა. ჩვენ აქ ყველა აღმოსავლეთი გერმანია ვართ, უბრალოდ ის მისი კიდევ უფრო ჩამორჩენილი მხარეა“.
პირველი ნაბიჯები
ამასობაში საქართველოს მოქალაქეები იმასთან შეჩვევას იწყებენ, რომ შენგენის ქვეყნებში ჩასვლისას აეროპორტში მათ ვიზებს აღარ სთხოვენ.
მოთხოვნის გამო, ბილეთის ყიდვა ვერ შეძლო. და საბოლოოდ თავის პირველ უვიზო მოგზაურობაში ოდნავ მოგვიანებით ჩაერთო.
„ვიცოდით, რომ ყველა საბუთი წესრიგში გვქონდა, მაგრამ მაინც ვღელავდით, რადგან მიჩვეულები ვიყავით, რომ ვიზას გვთხოვდნენ. მე და ჩემი ორი მეგობარი პარიზში რომ ჩავფრინდით, ყველაზე მეტად იმან გაგვახარა, რომ იმ ადამიანების რიგში ჩავდექით, რომლებსაც ვიზა არ სჭირდებოდათ. მე პირადად მაშინ ვიგრძენი, რომ იქაური ვიყავი და არა უცხო. მესაზღვრემ ჩემს საბუთებს დახედა, რაღაც შეამოწმა, თქვა ტრაფარეტული ფრაზა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. და მორჩა“.
თუმცა სხვა ქართველ ტურისტებს არაორდინარული სიტუაციებიც შეემთხვათ.
“გერმანიაში მივფრინავდი. საბუთები წესრიგში მქონდა, თუმცა როდესაც მესაზღვრეს პასპორტი ვუჩვენე, მან ვიზა მომთხოვა. ავუხსენი, რომ ვიზა უკვე აღარ მჭირდებოდა, მაგრამ ეს მისთვის იმდენად წარმოუდგენელი აღმოჩნდა, რომ კატეგორიულად არ მიშვებდა, და სადღაც რეკვა დაიწყო. როდესაც მას უთხრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზა აღარ ესაჭიროებოდათ, მან მომიბოდიშა და მითხრა, რომ შვებულებაში იყო, და ეს ამბავი არ იცოდა. მოლოცვაც არ დაავიწყდა, და მითხრა, რომ ამიერიდან ჩვენ შინაურები ვართ“, – გვიამბობს ლაშა იმედაშვილი, რომელიც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში გაემგზავრა.
მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლიის შემდეგ ევროპაში ნამყოფი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ამბობს, რომ საზღვარზე არავითარი პრობლემები არ შექმნიათ.
დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმისადმი არაღიარებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში -შეგიძლიათ მალე JAMnews-ის რეპორტაჟში წაიკითხოთ.
კომენტარები