ცხოვრება ასტეროიდზე? — მეცნიერები კოსმოსის კოლონიზაციის ახალ გზას გვთავაზობენ
როჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, თეორიულად შესაძლებელია, რომ მომავალში ადამიანებმა ასტეროიდებზე გაშენებულ უზარმაზარ ქალაქებში იცხოვრონ.
მათი უჩვეულო იდეა ო'ნილის ცილინდრის კონცეფციას ეფუძნება, რომელიც ამერიკელმა ფიზიკოსმა, ჯერარდ ო'ნილმა 1976 წელს გამოშვებულ წიგნში აღწერა. NASA-მ მას 1972 წელს ადამიანთა კოსმოსური საცხოვრებლის დიზაინის შექმნა დაავალა. შედეგად, ის მბრუნავ სტრუქტურამდე მივიდა, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული 2 ცილინდრისგან იქნებოდა შედგენილი. ისინი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით იტრიალებდა და ხელოვნურ გრავიტაციას შექმნიდა, თუმცა ისე სწრაფადაც არ იმოძრავებდა, რომ ეს ადამიანთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად ასახულიყო.
მსგავსი კონცეფცია სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის უცხო არაა, რადგან ამდაგვარი რამ მრავალ წიგნსა თუ ფილმში შეგვხვედრია. ახალი ნაშრომის ავტორები კი აზრითი ექსპერიმენტის ფარგლებში ინოვაციურ მეთოდს გვიზიარებენ, რომელიც კოსმოსში საცხოვრებლის ასაშენებლად დიდი რაოდენობით მატერიის გაგზავნის საჭიროებას მოხსნის.
ავტორთა განცხადებით, ამისთვის საუკეთესოა ისეთი რამის გამოყენება, რაც უკვე კოსმოსშია. სწორედ ასეთია ასტეროიდები, თუმცა ისინი საკმარისაც დიდი არაა, რომ საჭირო გრავიტაცია ჰქონდეს. მეტიც, თუ ასეთ სხეულს ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად სწრაფად დავატრიალებთ, ის უბრალოდ დაიშლება.
მეცნიერები უცნაურ გამოსავალს გვთავაზობენ, რაც თეორიულადაც კი სიგიჟედ მოგეჩვენებათ. ისინი ფიქრობენ, რომ დაახლოებით ასტეროიდ ბენუს ზომის ობიექტს ელასტიკური, მსუბუქი და გამძლე ბადე უნდა შემოვაკრათ, რომელიც ნახშირბადის ნანობოჭკოებისგან იქნება დამზადებული. შემდეგ მას ბრუნვისკენ უნდა ვუბიძგოთ, სანამ არ დაიშლება. დანაწევრების შედეგად მატერია ბადეში გადანაწილდება, რომელიც გარე სტრუქტურას შექმნის, ხოლო შიგნით ღრუ ადგილი დაგვრჩება.
ეს შრე ადამიანებს საშიში რადიაციისგან დაიცავს. ცილინდრის მეშვეობით კი ხელოვნურ გრავიტაციას მივიღებთ, რომელიც შიდა ზედაპირზე იმოქმედებს და ფუნქციური ქალაქების გაშენების შესაძლებლობას მოგვცემს. გამოთვლების თანახმად, 300-მეტრიანი ასტეროიდისგან 57 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე, საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორია გვექნება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Astronomy and Space გამოქვეყნდა.
კომენტარები