NASA-ს InSight გვემშვიდობება — აპარატმა მარსიდან უკანასკნელი ფოტო გამოგზავნა
NASA-ს აპარატი InSight მარსიდან თავის ბოლო ინფორმაციას აგზავნის. ამით წითელ პლანეტაზე განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია სრულდება.
ნოემბერში კოსმოსურმა სააგენტომ გაგვაფრთხილა, რომ აპარატის მუშაობის პერიოდი სრულდებოდა. მარსის მტვერმა InSight საგრძნობლად დააზიანა და მას ენერგიის მოპოვება უჭირდა.
"კოსმოსური ხომალდის ელექტროენერგიის გამომუშავების მექანიზმი სულ უფრო სუსტდება. მარსის მტვერი აპარატის მზის პანელებს ფარავს. InSight რამდენიმე კვირაში გაითიშება", — წერდა NASA 2 ნოემბერს.
ორშაბათს InSight-ის Twitter-ზე გაზიარებულ შეტყობინებაში ნათქვამია: "ჩემმა სიმძლავრემ მნიშვნელოვნად იკლო. სავარაუდოდ, ეს ბოლო სურათია, რომლის გამოგზავნაც შემიძლია. თუმცა ჩემზე არ ინერვიულოთ. მე აქ პროდუქტიული ვიყავი და კარგი დრო გავატარე. მიხარია, რომ ამდენი ხანი თქვენთვის ვმუშაობდი".
რობოტი გეოლოგი, შეიარაღებული სპეციალური ჩაქუჩითა და მიწისძვრების მონიტორინგის ტექნოლოგიებით, პირველად მარსის მიწას 2018 წლის ნოემბერში შეეხო.
მას შემდეგ მან ჩაატარა გეოლოგიური გათხრები, გაზომა წითელი პლანეტის მიწისძვრები მაღალტექნოლოგიური სეისმომეტრის გამოყენებით, რომელიც პირდაპირ მარსის ზედაპირზეა განთავსებული.
მუშაობის დაწყებიდან, Insight-მა გაზომა 1300-ზე მეტი სეისმური მოვლენა. InSight-მა ასევე მოგვაწოდა მონაცემები მარსის შიდა ფენების, მისი თხევადი ბირთვის, მაგნიტური ველის ზედაპირის ქვეშ არსებული გასაოცრად ცვალებადი ნარჩენების, ამინდისა და მიწისძვრების აქტივობის შესახებ.
2018 წელს გაშვების წინ, NASA-ს მოწინავე მეცნიერმა ჯიმ გრინმა თქვა, რომ მისიას ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენი მზის სისტემის წარმოშობის გასაგებად.
ოფიციალურად კოსმოსური სააგენტო მისიას დასრულებულად მანამდე არ გამოაცხადებს, სანამ InSight-ისგან, რეგულარული შემოწმების ფარგლებში, ზედიზედ ორჯერ სიგნალს ვერ მიიღებს.
კომენტარები