პარიზის ნოტრ-დამის ქვეშ ორი სარკოფაგი აღმოაჩინეს — ცნობილია, ვის ეკუთვნოდათ გვამები
სამი წლის წინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ზარალის შესაფასებლად, ასევე რესტავრაციის ხანგრძლივ პროცესში დახმარების მიზნით, ადგილას არქეოლოგები მოიწვიეს. 2022 წლის დასაწყისში ტაძრის გათხრებისას მკვლევრებმა ორი უჩვეულო ტყვიის სარკოფაგი აღმოაჩინეს. თითოეული მათგანი საუკუნეებით თარიღდება, თუმცა შიგნით მოთავსებულ პირთა ვინაობა აქამდე უცნობი იყო.
ახლახან მეცნიერთა მიგნებების შესახებ შევიტყვეთ: სარკოფაგებში არსებული ნეშტები ორ მდიდარ კაცს ეკუთვნის. აქედან ერთი სამღვდელოებასთან დაკავშირებული პირია, რომელსაც, სავარაუდოდ, "მეფეების დაავადება" ჰქონდა. მეორე ახალგაზრდა და დიდგვაროვანი გახლდათ, თუმცა, ფიზიკური ნიშნების მიხედვით, რთული ცხოვრება უნდა ჰქონოდა.
ნეშტები ერიკ კრუბიზმა, ბიოლოგიური ანთროპოლოგიის პროფესორმა (ტულუზის უნივერსიტეტი), შეისწავლა. მეცნიერის თქმით, პირველი სუბიექტი კუბოზე არსებული ფირფიტის მეშვეობით ამოიცნეს — იგი ანტუან დე ლა პორტი გახლდათ, რომელიც 1710 წლის 24 დეკემბერს 83 წლისა მოკვდა.
დე ლა პორტი კანონიკი იყო — სამღვდელოების წევრი, რომელიც საკათედრო ტაძარზე აგებდა პასუხს. იგი საკუთარ სიმდიდრეს ნოტრ-დამის მგალობელთა გუნდის მხარდასაჭერად იყენებდა. სავარაუდოდ, ტრანსეპტის ცენტრალური ნაწილის ქვეშ სწორედ ამიტომ დაკრძალეს — ამ ადგილს ელიტის წარმომადგენლებს უნახავენ.
ტულუზის უნივერსიტეტის უწყების თანახმად, დე ლა პორტის ნეშტი — მათ შორის, მისი ძვლები, თავი, წვერი და ტანისამოსის ქსოვილები — საკმაოდ კარგადაა შემონახული. კრუბეზის ცნობით, კანონიკის კბილები კარგ მდგომარეობაში იყო, თუმცა მის სხეულზე ფიზიკური აქტივობის ნიშნები თითქმის არ შეიმჩნეოდა. სავარაუდოდ, იგი მჯდომარე ცხოვრების წესს ეწეოდა.
მეორე მხრივ, ცერის ძვალზე მას პოდაგრის ნიშნები ჰქონდა. აღნიშნულ დაავადებას გადამეტებული სმა-ჭამა იწვევს, ამიტომაც მას ხშირად "მეფეების დაავადებასაც" უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სარკოფაგის ზემოდან სამი მედალი იყო მოთავსებული.
მეორე სარკოფაგს ზედ სახელის ფირფიტა არ ჰქონია, ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნის ნეშტი. სიკვდილის დროს კაცი (მეტსახელად "ლე კავალერი") 25-40 წლისა გახლდათ. სხეულზე დატოვებული ნიშნებით, იგი ადრეული ასაკიდანვე ჯირითობდა და კბილების უმეტესობა სიცოცხლის ბოლო რამდენიმე წლისა თუ თვის განმავლობაში დაკარგა. კრუბეზი ვარაუდობს, რომ მისი სიკვდილი ტუბერკულოზისაგან გამოწვეულმა ქრონიკულმა მენინგიტმა განაპირობა.
ამ შემთხვევაში საინტერესოა დაკრძალვის ცერემონიაც: კაცის თმა დაცული არ ყოფილა, თუმცა მეცნიერებმა მისი თავის ქალისა და მუცლის გარშემო ფოთლები და ყვავილები აღმოაჩინეს.
"მეჯინიბის თავის ქალა გაჭრეს, მისი მკერდი კი ბალზამირების მიზნით გაკვეთეს", — ამბობს კრუბეზი — "ეს მე-16 საუკუნის შუა წლებში დიდგვაროვნებისთვის გავრცელებული პრაქტიკა იყო".
კაცის იდენტიფიცირების საკითხი მისი სიკვდილის თარიღზეა დამოკიდებული. ეს, სავარაუდოდ, მე-14 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე პერიოდში მოხდა.
"თუკი იგი მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-17 საუკუნის დასაწყისამდე მოკვდა, შესაძლოა, რეესტრის საშუალებით მისი ამოცნობა მოვახერხოთ. თუკი ეს ამაზე ადრე მოხდა, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, ვინ იყო", — აცხადებს კრისტოფ ბესნიერი, არქეოლოგი, რომელიც INRAP-ის მიერ ჩატარებულ გათხრებს უძღვებოდა.
დამატებითი კვლევის ფარგლებში მეცნიერები კაცების გეოგრაფიული წარმომავლობისა და რაციონის შესახებ შეეცდებიან ინფორმაციის მოძიებას. შესაძლოა, შედეგად მათი ცხოვრების სტილისა და სიკვდილის შესახებ მივიღოთ დამატებითი ცნობები. ანალიზის შედეგები, სავარაუდოდ, 2023 წლის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
კომენტარები