სიცივეში სათვალე გეორთქლებათ? — მეცნიერებმა პრობლემის გადასაჭრელი ხერხი მოიფიქრეს
ზამთრის მოახლოებასთან ერთად სათვალეების დაორთქვლის პრობლემაც მით უფრო აქტუალური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში პირბადეების გამო ეს მეტად მძაფრი გასაჭირი იყო, მისი მოგვარების ეფექტიანი გზა მაინც არავის გამოუნახავს.
პრობლემის გადაჭრა ახლახან ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა განიზრახეს და სპეციალური საფარველი შექმნეს, რომლის საშუალებითაც სიცივეში სათვალის ლინზები აღარ დაიორთქლება. კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
თუ შუშა ამონასუნთქი თბილი ჰაერისა და ცივი ლინზების შეხების შედეგად იორთქლება, მაშ, ლოგიკური იქნება, რომ ამის თავიდან ასაცილებლად თავად ლინზები შევათბოთ. საუბედუროდ, ეს არც ისე მარტივია — ტრადიციული მეთოდების გამოყენების შემთხვევაში ისეთი გამჭვირვალე მასალის მოძებნა მოგიწევთ, რომელსაც გარედან გაათბობთ. შემდეგ ამ მასალისათვის ენერგიის წყარო უნდა შექმნათ და ბოლოს იმაშიც დარწმუნდეთ, რომ სათვალის ლინზებს ანდა ჩარჩოს ზედმეტი ტემპერატურით არ დააზიანებთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სათვალეზე პატარა სიმძიმის დამატებაც კი მომხმარებელში სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, ზემოთ მოყვანილი მეთოდი ეფექტიანი მაინც არ იქნება, მიღწევადი რომც აღმოჩნდეს.
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრები საკითხს განსხვავებულად მიუდგნენ და სპეციალური ოქროს საფარველი შექმნეს, რომელიც სითბოს მზის ენერგიის საშუალებით წარმოქმნის. თავად საფარველის გარდა, სათვალეში ბატარეის, მავთულების ანდა რაიმე სხვა ნაწილების ჩამაგრება სულაც არ არის საჭირო.
ამისათვის მკვლევრებმა ტიტანის ოქსიდის ულტრათხელ ფირფიტებს შორის ოქროს პაწაწინა კლასტერები მოათავსეს. ოქრო სითბოს შესანიშნავად ატარებს, ტიტანის ოქსიდის შრეები კი მეტალში შენარჩუნების უნარს იმდენად აძლიერებს, რომ იგი შუშისა და მსგავსი ზედაპირების გასათბობად ზედგამოჭრილი აღმოჩნდეს.
დაზუსტებით არაა ცნობილი, რამდენი სითბოს გენერირება შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენებით, თუმცა მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასე შეიძლება, ზედაპირი 8 გრადუს ცელსიუსით გავაცხელოთ. როგორც წესი, ეს დაორთქვლისაგან თავის ასარიდებლად სრულებით საკმარისია, თუმცა გამოსადეგი რაოდენობით ელექტრობას მაინც ვერ წარმოქმნის.
მთლიანი მოწყობილობა მხოლოდ ათი ნანომეტრი სისქისაა და სხვა საფარველებთან ერთადაც მარტივი გამოსაყენებელია. შესაძლოა, გამოგონებას მომავალში არაერთი პრაქტიკული დანიშნულება მოუძებნონ. ამასთანავე, საფარველის დამზადებისას ძალიან ცოტა ოქრო გამოიყენება, ამიტომაც პროდუქტი არც ისე ძვირია.
მეცნიერებს სურთ, საფარველი სხვა ზედაპირებზეც გამოცადონ, თუნდაც ფანჯრებსა და სარკეებზე. ამასობაში ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას თვალი მივადევნოთ და ვნახოთ, რამდენად შეძლებს ინოვაცია სათვალის მომხმარებელთათვის ცხოვრების გამარტივებას.
კომენტარები