10 რამ, რის გამოც გულისრევის შეგრძნება შეიძლება გქონდეთ
გულისრევა ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია. როგორც წესი, ეს კონკრეტულ სტრესორზე ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციას უკავშირდება და ცალკეული მდგომარეობა არაა, არამედ ის სიმპტომი გახლავთ.
სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე მიზეზზე გესაუბრებით, რომელიც ხშირად გულისრევის შეგრძნებას იწვევს.
1. ტკივილგამაყუჩებლები
გულისრევა შესაძლოა, გარკვეული სახის პრეპარატების მიღების შედეგად წარმოქმნილი უკუჩვენება იყოს. განსაკუთრებით ეს ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლებსა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებზე ვრცელდება, რადგან სხეულში მათი მოხვედრა კუჭის საფარველის გაღიზიანებას იწვევს.
2. შფოთვა
გულისრევის შეგრძნების მიღმა ყოველთვის ფიზიკური ფაქტორები არ დგას, არამედ მენტალური მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, მაგალითად, შფოთვა. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ნერვული უჯრედები ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან პირდაპირ ურთიერთქმედებს, ამიტომ სტრესის გამო ჰორმონების გამოყოფისას სიგნალები კუჭსაც ეგზავნება და გულისრევას ვგრძნობთ.
3. ორსულობა
გულისრევის კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი ორსულობაა, რა დროსაც ქალებში ღებინება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და უპირველესი სიმპტომია. უმეტესწილად ის ფეხმძიმობის პირველ 9 კვირაში ვლინდება, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში და 14 კვირის შემდეგ ქრება.
4. შაკიკი
თუ შაკიკი თქვენი ცხოვრების ნაწილია, გეცოდინებათ, რომ მას ხშირად თან ახლავს გულისრევაც, ზოგჯერ კი ეს მიანიშნებს, რომ ცოტა ხანში თავის ტკივილის შეტევაა მოსალოდნელი. ამ შემთხვევაში, აღნიშნული სიმპტომი 30-60 წუთით ადრე ჩნდება და შემდეგაც გრძელდება. ასევე, დამატებითი ნიშნებია დაბინდული მხედველობა, წუილი ყურებში, დაღლილობა და ა.შ.
5. საკვებით მოწამვლა
თუ გულისრევასთან ერთად დიარეა, მუცლის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და სპაზმები გაქვთ, დიდი შანსია, რომ საკვებით იყოთ მოწამლული. ამგვარად სხეული ცდილობს, თავიდან მოიშოროს ბაქტერია, ვირუსი ან პარაზიტები, რომლებიც თქვენს ორგანიზმში საკვებიდან მოხვდნენ. სიმპტომები ჭამიდან რამდენიმე საათში იწყება და შეიძლება დღეები გაგრძელდეს.
6. გასტროპარეზი
გასტროპარეზი არის მდგომარეობა, როცა კუჭი საჭმლისგან სათანადოდ ვერ თავისუფლდება. ამ დროს იქ არსებული კუნთების მუშაობა ნელდება ან ნაწილობრივ პარალიზდება, რაც საკვების მონელებას უშლის ხელს. შედეგად, კუჭში ბევრი საკვები გროვდება და ახალი ულუფის მიღებისას მომნელებელი სისტემა ზედმეტად იტვირთება, ეს კი გულისრევის შეგრძნებას აჩენს.
7. ყურის ინფექცია
გულისრევის ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ყურის ინფექციაა. სმენის ორგანოში არსებული ნახევრადწრიული არხები ჩვენს სხეულს ბალანსის დაცვაში ეხმარება. შესაბამისად, როცა იქ ინფექცია ვრცელდება და ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, შესაძლოა, გულისრევამ შეგაწუხოთ.
8. მგზავრობის აუტანლობა
მგზავრობის აუტანლობა საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს, რაც ნიშნავს, რომ ისინი მატარებლით, ავტომობილით, თვითმფრინავითა თუ სხვა ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას თავს ცუდად გრძნობენ. ყურის ინფექციის მსგავსად, მოძრაობისას ყურის არხებში ბალანსი ირღვევა და ადამიანს თავბრუსხვევა და გულისრევა ეწყება.
9. ინფარქტი
ჩამოთვლილთაგან გულისრევის შედარებით სერიოზული მიზეზი შეიძლება ინფარქტი იყოს, რომლის დროსაც ასევე აღინიშნება ტკივილი გულ-მკერდის არეში, ზეწოლის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, გულის პალპიტაცია, მაღალი წნევა და სხვა. ამ საგანგაშო სიმპტომების აღმოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა სამედიცინო დახმარება დროულად მიიღოთ.
10. ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია
ვირუსებთან და ბაქტერიებთან შეხება მუდმივად გვიწევს და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინი ჩვენს ორგანიზმში შემოღწევას ახერხებენ. შედეგად ინფექცია ვითარდება, რომელიც გულისრევაში, სხეულის ტკივილში, მაღალ ტემპერატურაში, დიარეასა და დაღლილობაში გამოიხატება. ეს შეიძლება იყოს ვირუსული გასტროენტერიტი ან COVID-19, რადგან თითოეულ მათგანს გულისრევა ახასიათებს.
ზოგიერთი ეს პრობლემა საშიში არაა და თავისით ქრება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სპეციალისტის ჩარევა აუცილებელია. მაგალითად, თუ გულისრევა ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებთ და ამას სხვა საეჭვო სიმპტომებიც ერთვის, გირჩევთ, ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები