მასშტაბური კვლევის მიხედვით, დეპრესია სეროტონინის ნაკლებობასთან არაა დაკავშირებული
მილიონობით ადამიანისთვის ბნელი ფიქრებისა და სტრესული გრძნობებისგან ხსნა ტაბლეტების სახით მოდის. მედიკამენტების ეს დოზა თავის მხრივ უზრუნველყოფს მოკრძალებული ნეიროტრანსმიტერის, სახელად სეროტონინის, ბალანსის შენარჩუნებას.
მიუხედავად მათი პოპულარობისა, ანტიდეპრესანტული ფარმაცევტული საშუალებების მრავალი მექანიზმი კვლავ შავ ყუთად რჩება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი, თუ როგორ მუშაობენ ისინი დეპრესიის შემთხვევაში.
კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ის, რომ შეიძლება ბევრი რამ სრულიად მცდარი აღმოჩნდეს. მაგალითად, ის რომ დეპრესია სინამდვილეში სეროტონინის მნიშვნელოვანი ვარდნით არ იყოს გამოწვეული.
წარსული მეტა კვლევებისა და დეპრესიის სეროტონინის დონესთან ურთიერთობის სისტემური ანალიზის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რეალურად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ორ ცვლადს შორის კავშირის დასადასტურებლად.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სეროტონინზე დაფუძნებული მკურნალობა არ მუშაობს. შეიძლება იყოს ფაქტორები, რაც ჩვენ ჯერ არ გვესმის. შესაბამისად, არავინ არ უნდა მიატოვოს მედიკამენტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ადამიანი იყენებს მსგავს წამლებს, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა ხდება სინამდვილეში.
"ყოველთვის რთულია რაიმე უარყოფითის დამტკიცება, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული უზარმაზარი კვლევის შემდეგ, არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ დეპრესია გამოწვეულია სეროტონინის ანომალიებით, განსაკუთრებით სეროტონინის დაბალი დონით ან შემცირებული აქტივობით", — ამბობს წამყვანი ავტორი ჯოანა მონკრიფი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან.
იდეა, რომ განწყობის აშლილობა წარმოიქმნება თავის ტვინში ქიმიური დისბალანსის შედეგად, მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან მოდის, როდესაც დეპრესიის მქონე ადამიანებში შემოთავაზებული იყო მონოამინის ნეიროტრანსმიტერი, რომელსაც ნორადრენალინი ერქვა.
"დეპრესიის ქიმიური დისბალანსის თეორიის პოპულარობა დაემთხვა ანტიდეპრესანტებზე მოთხოვნილების მატებას. ანტიდეპრესანტების მოხმარება განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან გაიზარდა. ინგლისში ყოველი მეექვსე ზრდასრული ადამიანიდან ერთი ანტიდეპრესანტებს მოიხმარს. რაც შეეხება მოზარდებს, მათი 2 პროცენტი მოიხმარს შესაბამის მედიკამენტებს", — ამბობს მონკრიფი.
ქიმიური დისბალანსის დეპრესიასთან დაკავშირება ხშირად ხდება. 80 პროცენტს მიაჩნია, რომ დეპრესიაზე მთავარი პასუხისმგებელი სწორედ ეს დისბალანსია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი თუ ამაზე თქვენც პირველად გესმით. თუმცა, მსგავსი ჰიპოთეზე უკვე დიდი ხანია შეკითხვის ნიშნების ქვეშაა.
სწორედ ამიტომ მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს ამ კავშირების გამოსავლენად. დამოუკიდებელმა მიმომხილველებმა შეაფასეს კვლევების ხარისხი ფართოდ მიღებული კვლევის სტანდარტების გამოყენებით.
მთლიანობაში, დეპრესიაში სეროტონინის როლის დამადასტურებელი მტკიცებულება საუკეთესო შემთხვევაში სუსტი იყო. საინტერესოა, რომ სეროტონინის (და მისი დაშლის პროდუქტების სისხლში) დონეებს შორის შედარებამ დეპრესიის მქონე და მის გარეშე ადამიანებს შორის განსხვავება არ აჩვენა. მეტიც, სეროტონინთან დაკავშირებული ცილების გენეტიკის შესწავლამაც ვერ გამოავლინა სხვაობა.
თუმცა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ადამიანებს, რომლებზეც ანტიდეპრესანტები მუშაობს, სეროტონინის მართლაც დაბალი დონე აქვთ.
მსგავსი კვლევები კარგი შეხსენებაა, რომ ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაში განსხვავებები იშვიათად შეიძლება დავიდეს უბრალო დეფიციტამდე. დეპრესია რთული ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა ფაქტორებისგან.
"ჩვენი შეხედულებაა, რომ პაციენტებს არ უნდა ვუთხრათ, რომ დეპრესია გამოწვეულია უშუალოდ დაბალი სეროტონინით ან ქიმიური დისბალანსით. და მხოლოდ ამ დისბალანსის მოგვარებით დეპრესია დაძლეული იქნება", — ამბობს მონკრიფი.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ თუ რამდენად ცოტა გვესმის ქრონიკული დეპრესიის შესახებ და ამის პარალელურად გავაგრძელოთ კვლევები რათა მეტი გავიგოთ.
კვლევა გამოქვეყნდა Molecular Psychiatry-ში.
კომენტარები