ასტრონომებმა იშვიათი ფენომენი დააფიქსირეს: ზემასიურმა შავმა ხვრელმა ვარსკვლავი შთანთქა
მეცნიერებმა დააფიქსირეს მოქცევის დამრღვევი მოვლენა (TDE), იგივე ენერგიის ამოფრქვევა, რომელიც გამოიყოფა, როდესაც ვარსკვლავს ზემასიური შავი ხვრელი შლის. ეს მოვლენა იმდენად იშვიათია, რომ ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ შეინიშნა. როგორც თავად აცხადებენ, კატაკლიზმური მოვლენის მათ ანალიზს შეუძლია, გააუმჯობესოს ჩვენი ცოდნა დაკვირვებადი სამყაროს გალაქტიკების უმეტესობის ცენტრში მდებარე შავი ხვრელების თვისებების შესახებ.
მეცნიერები აკვირდებიან შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის შედეგებს
მეცნიერებმა, რომლებმაც თავიანთი დასკვნები ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოაქვეყნეს, აღმოაჩინეს TDE სახელად AT2022cmc. მათ გააკეთეს დაკვირვებები ოპტიკურ დიაპაზონში და სხვა ტალღების სიგრძეზე რამდენიმე განსხვავებული ტელესკოპის გამოყენებით და დაადგინეს, რომ ისინი შეესაბამებოდა მანათობელი ჭავლის ემისიებს, რომლებიც გამოიყოფა, როდესაც ვარსკვლავი ძალიან ახლოს გადის მასიურ შავ ხვრელთან და შთაინთქმება.
TDE-ების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც შეინიშნა შედარებით ახლომდებარე კოსმოსში, ეს კონკრეტული მოვლენა დაფიქსირდა, დაახლოებით, 12,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკაში. მეცნიერების თქმით, მისი წარმოუდგენელი სიკაშკაშე რომ არა, იგი ჩვენთვის ხილული არ იქნებოდა.
მათ ასევე დააფიქსირეს უკიდურესი ენერგეტიკული ძალები და სიკაშკაშის სწრაფი ცვლილებები, რაც მიუთითებს იშვიათ რელატივისტურ ჭავლურ TDE-ზე, რაც მას აქცევს ერთ-ერთად იმ ოთხიდან, რომლებიც დაფიქსირდა და მოხსენებულია დღემდე.
კოსმოსის საიდუმლოებების აღმოჩენა
TDE-ები ასტრონომებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ შავი ხვრელების ევოლუცია, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც მასიური კოსმოსური ობიექტები თანდათანობით აგროვებს მატერიას მილიონობით წლის განმავლობაში.
თუ ვარსკვლავი ძალიან მიუახლოვდება შავ ხვრელს, მისი მატერია შეიძლება მოხვდეს შავი ხვრელის აკრეციის დისკზე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს შავი ხვრელიდან მატერიის მძლავრი ჭავლების გამოდინება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, TDE-ებს შეუძლია, წარმოქმნას რელატივისტური ჭავლი, რომელიც მოძრაობს სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით. ასეთი მოვლენები ძალიან იშვიათია და მათზე ბევრი ცოდნა არ გაგვაჩნია.
ამ ახალმა დაკვირვებებმა მკვლევართა გუნდს საშუალება მისცა, უკეთ გაეგოთ და ნათელი მოეფინათ შავი ხვრელების უკიდურესად იშვიათი მექანიზმისთვის. დაკვირვებები მათ მოვლენის მოდელირებისთვის გამოიყენეს და შექმნეს სცენარი, რომელშიც მზის ზომისა და მასის მქონე ვარსკვლავი შედარებით პატარა შავმა ხვრელმა გაანადგურა. მათდა გასაკვირად, აღმოაჩინეს, რომ მაგნიტური ველი საკმაოდ დაბალი იყო.
ეს ეწინააღმდეგება ფართოდ გავრცელებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, რელატივისტური ჭავლები არსებობისთვის საჭიროებს მაღალ მაგნიტურ ველებს. საბოლოო ჯამში, მეცნიერების დასკვნით, მათი აღმოჩენები აჩვენებს, რომ TDE-ების დაახლოებით 1%-ს აქვს რელატივისტური ჭავლები — ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლაც ძალიან იშვიათია.
კომენტარები