როცა დონორი მკვდარია — კანონი და დაღუპულ ადამიანთა რეპროდუქციული უფლებები
შეიძლება თუ არა დაღუპული ადამიანების უჯრედები ახალი სიცოცხლის შესაქმნელად გამოიყენონ?
პიტერ ჭუ მხოლოდ 19 წლის იყო, როცა ნიუ-იორკში, ვესტ პოინტში, სათხილამურო ინციდენტის შედეგად დაიღუპა. დონორის ბარათში გარკვევით ეწერა, რომ ის თანახმა იყო, მისი ორგანოები გამოეყენებინათ, თუმცა მის მშობლებს შვილის სპერმის შენახვაც სურდათ.
მშობლებმა განუცხადეს სასამართლოს, რომ სურდათ მიეღოთ შესაძლებლობა, გამოეყენებინათ სპერმა იმისათვის, რომ ჰყოლოდათ ახალი შვილი, რომელიც პიტერთან გენეტიკურად მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, შესაბამისად, დაღუპულის სპერმა ადგილობრივ სპერმის ბანკში შეინახეს.
თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ მკვდარი ადამიანების სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები ემბრიონების, შესაბამისად, ბავშვების შესაქმნელად გამოვიყენოთ. ბანკებში მილიონობით კვერცხუჯრედის, ემბრიონისა და სპერმის ნიმუში ინახება, გაუგებრობას კი ქმნის ის, თუ ვინ უნდა გასცეს, ან საერთოდ უნდა გაიცეს თუ არა ნებართვა მათ გამოყენებაზე, როცა დონორი მკვდარია.
თეორიულად, გადაწყვეტილების მიღების უფლება იმ ადამიანს აქვს, რომელმაც კონკრეტული უჯრედები გასცა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა გადაწყვეტილება ლოგიკურად ცხადი იყოს ან ოფიციალურად იყოს დადასტურებული. მაგალითად, თუ წყვილს მომავალში შვილის გაჩენა სურს, ისინი ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ ერთ-ერთის სიკვდილის შემთხვევაში, მეორეს ჰქონდეს უფლება, პარტნიორის რეპროდუქციული უჯრედები გამოიყენოს.
თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა სიტუაცია ნაკლებად ცხადია. ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრებსა და პარტნიორებს ეკისრებათ ვალდებულება, დაარწმუნონ სასამართლო, რომ დაღუპულს შვილის ყოლა ნამდვილად სურდა.
რეპროდუქციული უჯრედები და ემბრიონი არ არის საკუთრება, არც ერთი მათგანი საკუთრების კანონის ფარგლებში არ ექცევა, ამიტომ ოჯახის წევრებს მემკვიდრეობით ვერ გადაეცემათ.
გააჩნია იმასაც, თუ სად იმყოფებით. სიკვდილის შემდგომი გამრავლება ზოგ ქვეყანაში არ არის ნებადართული, ბევრში კი საერთოდაც არ არის განსაზღვრული ეს ცნება. მაგალითად, აშშ-ის სხვადასხვა შტატში ეს სხვადასხვანაირად რეგულირდება. რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების (ASRM) მიხედვით, ზოგი შტატი კანონიერად არ აღიარებს შვილს, რომელიც ხელოვნური მეთოდით პერსონის დაღუპვის შემდეგ შეიქმნა.
ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების რჩევით, ახლობლებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ მკვდარი ადამიანის სპერმატოზოიდები ან კვერცხუჯრედები, რადგან შესაძლოა მათ ის დაღუპულის "სიმბოლურ შემცვლელად" ან რაიმე მსგავს "ჩამნაცვლებლად" გამოიყენონ, რაც მაინცდამაინც ჰუმანური არ არის.
სიკვდილის შემდგომი რეპროდუქცია ნამდვილად ძალიან უცნაური სფეროა, თუმცა, ფაქტია, თითოეული შემთხვევა, თითოეული ტრაგედია ინდივიდუალურია, ამიტომ ძალიან ძნელია, ზოგადი კანონების ჭრილში მივუდგეთ. შესაბამისად, რთული წარმოსადგენია, რომ კანონიერმა განზოგადებამ პრობლემა მოაგვაროს. ერთადერთი გამოსავალი, რაც ჯერჯერობით მოჩანს, არის ის, რომ ადამიანებმა საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების მომავალზე ადრევე დაიწყონ ფიქრი.
კომენტარები