აღმოაჩინეს ფრინველის მსგავსი დინოზავრი, რომელსაც მუცელში ბაყაყი ჰქონდა
120 მილიონ წლის წინ, დღევანდელ ჩინეთში, ფრინველის მსგავსმა დინოზავრმა პატარა ბაყაყი შეჭამა. შემდეგ კი მოხდა რაღაც, რამაც მას სიცოცხლე მოუსწრაფა.
Sci News-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მფრინავი დინოზავრის ჩონჩხის ნაწილი, ხოლო მისი ნაწლავის ნაშთებში უძველესი ბაყაყი.
დინოზავრი Daurlong wangi იყო საშუალო ზომის დრომეოზავრიდის ტიპი — ფრინველის მსგავსი მტაცებელი დინოზავრების ჯგუფი, რომლებიც ძირითადად იკვებებოდნენ თევზებით, ძუძუმწოვრებითა და სხვა დინოზავრებით.
"ეს არის მცირე და საშუალო ზომის თეროპოდის დინოზავრების ტიპი, რომელიც ცნობილია ორივე ნახევარსფეროს ცარცული პერიოდიდან", — თქვა სური ვანგმა ჩინეთის გეოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიიდან.
დინოზავრების მრავალფეროვნება
კარგად შენარჩუნებული ჩონჩხი აღმოაჩინეს შიდა მონღოლეთში, ლონგჯიანგის ფორმირების მტრედის გორაზე.
"საუბარი გვაქვს ჩონჩხის ნაწილზე, რომლის სიგრძე 1,5 მეტრია. გადაშენებულ სახეობებში, მათ შორის დინოზავრებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეკონსტრუქცია შეიძლება არაპირდაპირი გზით, ნაწლავის ნარჩენებისგან; ნაკლებად ხშირად კოპროლიტის შემცველობის ანალიზით; და იშვიათად რბილი ქსოვილების განსაკუთრებულად შემონახული ნარჩენებისგან", — ამბობენ მკვლევრები.
ნამარხში ასევე შენიშნეს უძველესი ბაყაყის ნაწილობრივი ჩონჩხი. ასეთი შემთხვევა მკვლევრებმა პირველად დააფიქსირეს.
ვარაუდობენ, რომ ფრინველის მსგავსი დინოზავრი ცხოვრობდა ადრეულ ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 145-დან 100 მილიონი წლის წინ ჯეჰოლ ბიოტაში, მტკნარი წყლის ეკოსისტემაში, რომელიც დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთშია.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები