ბერსერკერის ჰიპოთეზა: რა მოხდება, თუკი უცხოპლანეტური ცივილიზაცია ჩვენს რადიოსიგნალებს აღმოაჩენს?
თუკი ეს თეორია სწორია, გამოდის, რომ სამყარო "დუმს", რადგან როდესაც ცივილიზაცია "ხმას იღებს", ნადგურდება.
თუკი ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად უზარმაზარია სამყარო, მაშინ, ალბათ, უცხოპლანეტელების არსებობის საკითხიც დაგაფიქრებდათ. აბა, ამხელა სამყაროში მხოლოდ ჩვენ ხომ არ ვიქნებით? მაგრამ თუკი უფრო მეტად აიტკივებდით თავს, მიხვიდოდით ფერმის პარადოქსამდე, რომელიც სვამს ერთ საკმაოდ ლოგიკურ კითხვას: თუკი უცხოპლანეტელები არსებობენ, რატომ არ გვიკავშირდებიან?
ამ პრობლემას ეხება ე.წ. "ნოიმანის ზონდი", იდეა, რომ მას შემდეგ, რაც ცივილიზაცია საკმარისად განვითარდება, მას შეუძლია, სამყაროში თვითგამრავლებადი ზონდების გაგზავნა. ეს ზონდები ვარსკვლავებისგან ენერგიას მოიპოვებს და პლანეტებსა და მთვარეებს საბადოებად აქცევს, რათა ააგოს მეტი ზონდი, რომლებიც ზუსტად იმავეს გაიმეორებს.
გაკეთდა სხვადასხვა შეფასებები იმის შესახებ, თუ რამდენი დრო დასჭირდებოდა ნოიმანის ზონდებს გალაქტიკის ან სამყაროს დასასახლებლად. ზოგიერთის ვარაუდით, პროცესი შეიძლება იყოს საკმარისად სწრაფი იმისთვის, რომ დავსვათ კითხვა: რატომ არ გვინახავს დედამიწაზე მათი რაიმე ნიშანი?
კარლ სეიგანის პასუხი იყო იმის ვარაუდი, რომ ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც საკმარისად განვითარებულია ზონდების შესაქმნელად, არ იქნება იმდენად სულელი, რომ რეალურად შექმნას ისინი.
"ეს დაუოკებელი რეპლიკატორები არ გაჩერდება მანამ, სანამ მთელი სამყარო არ გარდაიქმნება ~1047 ფონ ნოიმანის მანქანად, რომლებიც შემდეგ, სავარაუდოდ, ამოხოცავს ერთმანეთს", — წერს სეიგანი ნაშრომში. "მსგავსი რამ რომ რეალური საშიშროება იყოს, ვარსკვლავთშორისი ცივილიზაციისთვის გონივრული იქნებოდა, გადაედგა ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად. ნებისმიერი ტექნიკური ცივილიზაციის გონივრული პოლიტიკა უნდა იყოს, ძალიან მაღალი საიმედოობით, თავიდან აიცილოს ვარსკვლავთშორისი ფონ ნოიმანის მანქანების მშენებლობა და შემოიფარგლოს მათი შიდა გამოყენებით."
უფრო მეტიც, ცივილიზაციები ასევე მოძებნიდა და გაანადგურებდა ნებისმიერ სხვა ზონდს, რომელსაც წააწყდებოდა.
თუმცა, სხვები არ მიაწერენ მოწინავე ცივილიზაციებს სამყაროს დაცვის სურვილს. იყო ვარაუდები, რომ მომაკვდავ უცხოპლანეტელებს შეუძლიათ, შექმნან ზონდები, როგორც მომავალი ცივილიზაციებისთვის საკუთარი მიღწევების გაზიარების ან სამყაროში სიცოცხლის დათესვის გზა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას "ბოროტ" უცხოპლანეტელებზე, რომლებსაც ზონდების გამოყენება კარგი განზრახვით არ ენდომებათ?
ასევე იხილეთ: 4 ტექნოხელწერა, რომლითაც კაცობრიობა უცხოპლანეტური ცივილიზაციის აღმოჩენას ცდილობს
ბერსერკერის ზონდი, რომელიც პირველად გამოჩნდა ფრედ საბერჰაგენის სამეცნიერო ფანტასტიკაში, არის თეორიული ზონდი, რომელიც გამოგზავნილია შემქმნელების დასაცავად (თუმცა ზოგიერთ ვარიანტში, ბერსერკერის ზონდი უბრალოდ ფონ ნოიმანის ზონდია, რომელიც გიჟდება და მრავლდება სხვა ცივილიზაციების განადგურების მიზნით ან უბრალოდ ანადგურებს მათ რესურსების აღებისას). ზონდები მოიძიებს და გაანადგურებს განვითარებად ცივილიზაციებს მანამ, სანამ ისინი საფრთხეს შეუქმნის.
"მოდით, ვთქვათ, რომ ბევრმა მოწინავე ETIS-მა (არამიწიერმა ინტელექტუალურმა სახეობამ) მიიღო რობოტი-ემისრის იდეა და გამოაგზავნა პირველი თაობის ზონდები... რათა გაიმეოროს და შეავსოს სიცარიელე ძმობის გზავნილებით. შემდეგ დავუშვათ, რომ ყოველი 100, 1 000 ან 10 000 "გონიერ" ETIS-ში არის ერთი, რომელიც ქსენოფობიური ან თუნდაც პარანოიდულია. ასეთმა რასამ შეიძლება დააპროგრამოს თავისი თვითგამრავლებადი ემისრები, დაამატოს რა მძლავრი ბომბები მათ ბრძანებათა სისტემაში და უბრძანოს მათ, მიზანში ამოიღოს მოდულირებული ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნებისმიერი ამოუცნობი წყარო", — წერს NASA-ს მეცნიერი გლენ ბრინი ამ თემაზე ნაშრომში. "ეს მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, რომ ამ სცენარის შედეგები გალაქტიკის წონასწორობის პირობებად იქცეს. ჩვენ ვერ აღმოვაჩენთ არამიწიერ რადიოტრაფიკს — არც რაიმე ETIS დამკვიდრდებოდა ოდესმე დედამიწაზე — რადგან ყველა დაიღუპა რადიოს აღმოჩენიდან მალევე."
თუკი ეს თეორია სწორია, გამოდის, რომ სამყარო "დუმს", რადგან როდესაც ცივილიზაცია "ხმას იღებს", ნადგურდება.
თუმცა, სავარაუდოდ, უფრო სააზროვნო ექსპერიმენტად, ვიდრე ფაქტობრივ წინადადებად, ბრინმა შემოგვთავაზა, რომ დედამიწაზე წინა გადაშენების მოვლენები — და მათ შორის დიდი ინტერვალები — შეიძლება აისახოს იმ დროით, რაც ცივილიზაციას სჭირდება ბერსერკერის ზონდების გალაქტიკაში გავრცელებისთვის. ეს გვთავაზობს ახსნას, თუ რატომ შეიძლება იყოს კოსმოსის ჩვენი რეგიონი სიცარიელის არათანაბარი მდგომარეობაში. ან, შესაძლოა, კიდევ ერთი ბერსერკერის ზონდი, რომელმაც მიიღო კოსმოსში გაგზავნილი ჩვენი რადიოსიგნალები, უკვე გზაშია.
კომენტარები