მეცნიერებმა ლაბორატორიაში 48 500 წლის წინანდელი ვირუსი გააცოცხლეს
მეცნიერთა გუნდმა ციმბირის მზრალი ნიადაგის სიღრმეში შემონახული ვირუსები გააცოცხლა, რომელთაგანაც ერთ-ერთი დედამიწის უკანასკნელი გამყინვარების ეპოქის პერიოდიდანაა შემორჩენილი და 48 500 წლისაა. ახალი ნაშრომი, რომელსაც ჯერ რეფერირება არ გაუვლია, bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.
სპეციალისტების თქმით, მათ ციმბირში მოპოვებული ნიმუშებიდან საერთო ჯამში 13 ვირუსი გააცოცხლეს, რომლებიც 5 სხვადასხვა ჯგუფში ერთიანდება. მათ შორისაა მამონტის 27 000 წლის წინანდელ, გაყინულ ექსკრემენტსა და ამ ცხოველის ბეწვით სავსე ნიადაგის ნაწილში არსებული 3 ვირუსული ნაწილაკი, რომელთაც ავტორებმა Pithovirus mammoth, Pandoravirus mammoth და Megavirus mammoth უწოდეს. დამატებით 2 ვირუსი, სახელად Pacmanvirus lupus და Pandoravirus lupus, ციმბირული მგლის მუცელში აღმოაჩინეს.
ისინი ამებებს აინფიცირებენ, ერთუჯრედიან ორგანიზმებს, რომლებიც მიწასა და წყალში გვხვდებიან. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ ვირუსებში ინფექციურ პათოგენთა სახით არსებობის პოტენციალი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ანუ უჯრედში მათი შეღწევა და გავრცელება შესაძლებელია.
პროექტში საფრანგეთში მდებარე ექს-მარსელის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ადრეული კვლევის ფარგლებში 30 000 წლის წინანდელი ვირუსი გააცოცხლეს. მათი თქმით, 48 500 წლის ნიმუში ყველაზე ძველია, რასაც "მსოფლიო რეკორდს" უწოდებენ
ისინი ამბობენ, რომ ვირუსებს, რომლებიც ევკარიოტებს აინფიცირებენ, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, რადგან ამ საკითხის შესახებ ძალიან ცოტა ნაშრომია დაწერილი. მეცნიერთა აზრით, საყურადღებოა, რომ ტემპერატურის მატების გამო მრავალი მიკრობი და პათოგენი გამოთავისუფლდება.
"ბოლოდროინდელი და მიმდინარე პანდემიებიდან ვიგებთ, ყოველი ახალი ვირუსი, თუნდაც ის ცნობილ ტიპს მიეკუთვნებოდეს, თითქმის ყოველთვის საჭიროებს სპეციფიკური სამედიცინო საშუალების შექმნას, როგორიც ანტივირუსული მედიკამენტები და ვაქცინებია", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, ვირუსების წინააღმდეგ "ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების" ეკვივალენტები არ გაგვაჩნია, ამიტომ გამლღვალი ნიადაგიდან ან მყინვარებიდან ბუნებაში დაბრუნებულ ასეთ პათოგენებთან დაკავშირებული რისკი უსაფუძვლო არაა.
კომენტარები