ვინ არის ისტორიაში პირველი ავტორი და რა ვიცით მასზე
ჩვენთვის ცნობილი უძველესი დამწერლობა მესოპოტამიიდან 5000 წელზე მეტით თარიღდება. თუმცა, ვინ იყო პირველი ავტორი, რომელსაც სახელით ვიცნობთ?
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აჩვენა, რომ ყველაზე ადრეული დამწერლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3400 წლით თარიღდება. საუბრია მესოპოტამიის მხარეზე, რომელიც ცნობილია როგორც შუმერი. ეს დამწერლობა, ცნობილია როგორც ლურსმული და იქმნებოდა წვეტიანი ხელსაწყოს სველ თიხაზე დაჭერით.
"როდესაც მსოფლიოში უძველეს ავტორზეა სუბარი ბევრს შეიძლება ძველი ბერძენი მწერლები გაახსენდეთ: ჰომეროსი, ჰეროდოტე და სხვა, თუმცა მათ ათასი წლით უსწრებს პრინცესა და პოეტი, რომელიც ცნობილია როგორც ენჰედუანა", — უთხრა Live Science-ს ერჰან თამურმა, ხელოვნების მუზეუმის პოსტდოქტორანტმა.
"პირველ ავტორში ჩვენ ვგულისხმობთ, იმ ადამიანს, რომელსაც სახელით ვიცნობთ და მისი დაკავშირება კონკრეტულ ტექსტთან შეგვიძლია. მესოპოტამიური ლიტერატურიდან ავტორების სახელები ძირითადად არ შემოგვრჩა", — განუცხადა Live Science-ს იელის უნივერსიტეტის ასირიოლოგმა ბენჯამინ ფოსტერმა.
თამურის თქმით, ენჰედუანა იყო აქადის მეფის სარგონის ქალიშვილი, რომელიც ძვ.წ. 2334-დან 2279 წლამდე ცხოვრობდა. თამური ენჰედუანასთან დაკავშირებული გამოფენის თანაკურატორია.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2300 წლისთვის სარგონმა გააერთიანა მესოპოტამიის უმრავლესობა თავისი მმართველობის ქვეშ, როდესაც ჩრდილოეთ მესოპოტამიის აქადურმა კულტურამ დაიპყრო სამხრეთ მესოპოტამიის შუმერები.
სარგონმა თავისი შვილი შუმერული მთვარის ღმერთის, ნანას მღვდელმთავრად დანიშნა. მან ეს შუმერულ ქალაქ ურში ქნა, როგორც მისი ახალი იმპერიის კონსოლიდაციის ნაწილი. როდესაც მან ეს როლი შეასრულა, მეფის შვილმა მიიღო სახელი ენჰედუანა, რაც შუმერულად ნიშნავს "მღვდელმთავარს, სამოთხის ორნამენტს".
როგორც მთვარის ღმერთის მღვდელმთავარი და მამის წარმომადგენელი ურში, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქალაქში. და ყველა ამ პასუხისმგებლობის გარდა, ის პოეზიითაც იყო გატაცებული.
თანამედროვე სამყარომ პირველად ენჰედუანას შესახებ ალაბასტრის დისკის ნაშთებიდან გაიგო, რომელიც 1927 წელს ბრიტანელი არქეოლოგის სერ ლეონარდ ვულის მიერ იქნა აღმოჩენილი. დისკზე, რომელიც ინახება ფილადელფიის პენის მუზეუმში, წინა მხარეს ენჰედუანაა გამოსახული, უკანა მხარეს კი მისი სახელი წერია.
ენჰედუანას რამდენიმე ლექსი ეძღვნება მთვარის ღმერთ ნანას. თუმცა, ქურუმი გაცილებით მეტად იყო დაკავებული ინანათი, რომლის სახლი დილის და საღამოს "ვარსკვლავი" ვენერა იყო.
ენჰედუანას ლექსებში ინანა გაიგივებული იყო თავის აქადელ თანასწორთან იშთართან, სიყვარულისა და ომის ქალღმერთთან. მის ტექსტებში ინანა არის როგორც სასტიკი, ბოროტი, ასევე მოსიყვარულე და კეთილი.
ენჰედუანას ლექსები მდიდარია ავტობიოგრაფიული დეტალებით, როგორიცაა მისი ბრძოლა ლუგალანის წინააღმდეგ. ეს ურის მეფეა, რომელიც ენჰედუანას თანამდებობიდან გადაყენებას იძულებით ცდილობდა. ენჰედუანა არის პირველი ავტორი, რომელიც ჩვენ ვიცით და რომელმაც ავტობიოგრაფიული დეტალები ჩართო თავის ტექსტებში. გარდა ამისა, ის არის პირველი ავტორი, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა ლექსები. ის ლიტერატურული შემოქმედების აქტს მშობიარობას ადარებს. ეს ის მეტაფორაა, რომელსაც შემდგომში ლიტერატურაში უამრავი ავტორი იყენებდა და იყენებს.
კომენტარები