კვლევის თანახმად, ამ უჩვეულო აქტივობას მაღალი IQ-ს მქონე კაცები უფრო ხშირად მიმართავენ
ახალი კვლევის თანახმად, შედარებით მაღალი IQ-ს მქონე კაცები უნარებზე დაფუძნებულ აზარტულ თამაშებში სხვებზე ხშირად ერთვებიან. ნაშრომი ჟურნალში Journal of Behavioral Decision Making გამოქვეყნდა.
კვლევაში დაახლოებით 15 000-მა ფინელმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ IQ ტესტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ფარგლებში შეავსეს. მკვლევრებმა დასადარებლად აიღეს როგორც კაცების ონლაინ გემბლინგის ჩვევებთან დაკავშირებული ჩანაწერები, ასევე მათი სოციოეკონომიკური მდგომარეობის, შემოსავლისა და განათლების დონის სტატისტიკაც.
როგორც აღმოჩნდა, შედარებით მაღალი IQ-ს მქონე კაცები უნარებზე დაფუძნებულ აზარტულ თამაშებში (თუნდაც ცხენების შეჯიბრზე ფსონების დადება) ყველაზე ხშირად ერთვებოდნენ, ფსონის დადების მეტად კომპლექსურ ვარიანტებს ირჩევდნენ და მეტ ფულსაც ხარჯავდნენ.
"კვლევამ მაღალ IQ-ს მქონე კაცებსა და უნარებზე დაფუძნებულ გემბლინგში მონაწილეებს შორის ძლიერი კორელაცია გამოავლინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი მიგნებები ვერ განზოგადდება შანსზე დაფუძნებულ აზარტულ თამაშებზე, თუნდაც აზარტული თამაშების მანქანების შემთხვევაში. მეორე მხრივ, ინტელექტსა და უნარებზე დაფუძნებულ გემბლინგს შორის კავშირზე კვლევები ძალიან მწირია, ამიტომ ესოდენ ძლიერი კავშირის გამოვლენა მნიშვნელოვანია", — აცხადებს ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ფორესტი, კვლევის თანაავტორი.
გასათვალისწინებელია, რომ კვლევა მხოლოდ ფინელ კაცებზე ჩატარდა და დასკვნას სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე ვერ განვაზოგადებთ. მონაცემებში არ გაუთვალისწინებიათ ქალები, ვინაიდან ფინური კანონმდებლობა სამხედრო სამსახურსა და IQ ტესტის გაკეთებას მხოლოდ კაცებს ავალდებულებს.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ადგენს და დაზუსტებით არ გვეუბნება, რატომ შეიძლება მოსწონდეთ ამ კატეგორიის კაცებს მაგალითად ცხენებზე ფსონების დადება. მეცნიერთა შესაძლო ახსნით, შესაძლოა, მათ უნარებზე დაფუძნებულ ნაძლევში მათემატიკური გამოცდა იზიდავდეთ.
"ფსონის ჩამოსვლა კროსვორდის ამოხსნას შეგვიძლია შევადაროთ. ალბათ, ჩამომსვლელებს რიცხვითი მონაცემების გაანალიზება და გამარჯვებული ცხენების გამოვლენა მოსწონთ — იმისდა მიუხედავად, რომ იციან, ხანგრძლივ პერსპექტივაში საბოლოოდ ფულს მაინც დაკარგავენ", — ამბობს იანი საასტამოინენი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის თანაავტორი.
კომენტარები