Facebook-მა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ დარეგისტრირებისას იმ მომხმარებლის ანგარიშზე, რომელიც ჯერ 16 წლის არ არის, კონფიდენციალურობის გამკაცრებული პარამეტრები გააქტიურდება. ის მოზარდები, რომელთაც ანგარიში აქამდეც ჰქონდათ, შესაბამის ინსტრუქციებს და მოწოდებას პლატფორმაზევე მიიღებენ.

"მეტად კონფიდენციალურს" კომპანია უწოდებს პარამეტრებს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ მეგობარს შეეძლება იხილოს პოსტები, რომელზეც მომხმარებელი დათაგეს, ასევე მისი მეგობრების სია და გვერდები და ადამიანები, რომლებიც მოზარდს ჰყავს გამოწერილი. გარდა ამისა, მომხმარებელს მოეთხოვება გადაამოწმოს პოსტები, რომელზეც დათაგეს და მათ საჯარო პოსტებზე დაკომენტარებაც მხოლოდ მეგობრებს შეეძლებათ.

ფოტო: Facebook

Facebook მოზარდების უარყოფითი გავლენისგან დაცვაზეც მუშაობს. ამჟამად კომპანია ტესტავს მეთოდებს, რომელიც შეუზღუდავს მოზარდს იმ უფროსისთვის მიწერის საშუალებას, რომელიც ახლო წარსულში დაბლოკილი ან დარეპორტებული იყო ახალგაზრდა ადამიანის მიერ. სოციალური ქსელი ამ "საეჭვო" ადამიანებს აღარ ამოუგდებს შესაძლო ნაცნობების რეკომენდაციის სიაში (People You May Know). რაც შეეხება Instagram-ს, აქ კომპანია გეგმავს საერთოდ გააქროს შეტყობინების ნიშანი მოზარდების ანგარიშიდან, როცა მიწერას საეჭვო ზრდასრული გეგმავს.

Instagram-მა კონფიდენციალურობის მსგავსი ყოვლისმომცველი პარამეტრები მოზარდებისთვის აგვისტოში აამოქმედა. ეს ზუსტად ისე მოხდა, როგორც ამიერიდან Facebook-ზე იქნება, ახალ მომხმარებლებს პარამეტრები ავტომატურად გაუაქტიურდებათ, ხოლო ადრე დარეგისტრირებულებს ინსტრუქცია მიუვათ. ნაკლებად სენსიტიური კონტენტის პარამეტრი გულისხმობს იმას, რომ მოზარდი პლატფორმაზე ვეღარ იხილავს სექსუალური შინაარსის, ასევე ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარების შემცველ პოსტებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.