არის თუ არა ადამიანში ძალადობა თანდაყოლილი — რას ამბობენ ექსპერტები
ყოველდღე ვხვდებით ძალადობის აღმნიშვნელ ფაქტებს მედიაში. მაგრამ არის თუ არა ძალადობა თანდაყოლილი ჰომო საპიენსში?
უძველესი ადამიანური ცივილიზაციები დაახლოებით 3000-დან 4000 წლის წინ გაჩნდა. ძალადობა აშკარად არ არის თანამედროვე ფენომენი, მაგრამ არის თუ არა ის ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილი? საინტერესოა, განვვითარდით თუ არა აგრესიასთან ერთად?!
რეალურად, პასუხი მარტივი არ არის. 2014 წლის კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature აღნიშნა, რომ ძალადობა გავრცელებული იყო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი ცოცხალი პრიმატ ნათესავებში: შიმპანზეებში.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალადობა შესაძლოა ადამიანთა ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო, სულ მცირე, ჯერ კიდევ 8 მილიონი წლის წინ, მაშინ, როცა ჩვენი და შიმპანზეების საერთო წინაპრები ცხოვრობდნენ.
"ძალადობა არის კაცობრიობის ისტორიის დიდი ნაწილის მამოძრავებელი", — განუცხადა Live Science-ს მეილით დევიდ სი გერიმ — კოგნიტიურმა მეცნიერმა და ევოლუციურმა ფსიქოლოგმა მისურის უნივერსიტეტიდან. "კაცობრიობის ყველა ადრეული იმპერია აშენდა დაშინებისა და ძალადობის გზით."
"ასევე არსებობს აგრესიის მტკიცებულება პრეისტორიულ ხანაში: ძვლები ძალადობრივი სიკვდილის მტკიცებულებებით, როგორიცაა ჩასობილი ისრის ნიშნები", — განუცხადა Live Science-ს პეტ ბარკლეიმ მეილით, ევოლუციურმა ფსიქოლოგმა გუელფის უნივერსიტეტიდან. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალადობა წინ უსწრებდა რთულ საზოგადოებებს და ცივილიზაციის აღზევებას.
მაგრამ მეორე მხრივ, ძალადობის მაჩვენებლები განსხვავდება (და ისტორიულად იცვლებოდა) კულტურებსა და თემებში, თქვა ბარკლეიმ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალადობა შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს ან შემცირდეს ჩვენს სახეობაში.
მაგალითად, მომთაბარე ხალხებს აქვთ ლეტალური ინტერპერსონალური ძალადობის უფრო დაბალი დონე, ხოლო ძარცვისა და დაპყრობისკენ მიდრეკილი საზოგადოებებით სავსე ეპოქა უფრო მეტად ხასიათდებოდა ძალადობის მაღალი დონით.
ასევე: რატომ ვბრაზდებით და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
"კულტურის მიხედვით, ძალადობის მაჩვენებლებში დიდი სხვაობაა — აღნიშნა ბარკლეიმ. "ზოგიერთ კონკრეტულ საზოგადოებაში, მამაკაცთა ნახევარი ძალადობრივად იღუპება სხვა ადამიანების ხელით. სხვა საზოგადოებებში ფიზიკური ძალადობა ძალზე იშვიათია, მაგალითად თანამედროვე იაპონიაში."
ძალადობა ძალადობას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურებში, სადაც კონფლიქტი ხშირია, ძალადობა თაობიდან თაობას გადაეცემა, თქვა გერიმ. ილინოისის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის გარი სლუტკინის მიხედვით, ამ გზით ძალადობა "გადამდებია", ისევე, როგორც გადამდები დაავადება.
თუმცა, ბრედ ევანსი, ბატის უნივერსიტეტში, აღნიშნავს, რომ ადამიანებს ყველაზე პროგრესულ და მშვიდობიან თემებშიც კი აქვთ უნარი ძალადობის. "ჩვეულებრივი, კანონმორჩილი პირები შეიძლება სწრაფად გადაიქცნენ ურჩხულებად, როგორც კი პირობები შეიცვლება", — განუცხადა ევანსმა Live Science-ს მეილში.
გარდა ამისა, ბარკლეის და ევანსის აზრით, ძალადობრივი ქმედებების განხორციელება ბევრად უფრო ადვილია, თუ ძალადობის ჩამდენი დისტანცირებულია მსხვერპლისგან; ბირთვული რაკეტის გაშვების ღილაკზე დაჭერა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ფიზიკურად და უშუალოდ მკვლელობის ჩადენა.
საინტერესოა სტენლი მილგრემის მორჩილების კლასიკური ექსპერიმენტი. ექსპერიმენტატორი მონაწილეებს ეუბნებოდა, რომ სხვა ადამიანებს მიეწოდებოდათ მზარდი ინტენსივობის ელექტროშოკი, იმ შემთხვევაში თუკი ისინი კითხვას არასწორად გასცემდნენ პასუხს. შედეგად მონაწილეები უფრო ერიდებოდნენ ელექტროშოკის დარტყმას მსხვერპლისთვის, თუ ისინი ფიზიკურად უფრო ახლოს იყვნენ მათთან, აღნიშნა ბარკლეიმ.
ზოგადად, ისტორიულად, გენოციდის აქტები ხდება მაშინ, როდესაც მოძალადეები მსხვერპლის დეჰუმანიზაციას ახდენენ ან ქმნიან ფსიქოლოგიურ დისტანციას საკუთარ თავსა და სხვა რასის ან ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენლებს შორის.
შესაბამისად, გადაჭრით რამის თქმა რთულია. ადამიანში აგრესია თითქოს ყოველთვის იყო, მაგრამ მისი დონე ყოველთვის დამოკიდებული იყო გარემოსა და კულტურაზე.
კომენტარები