16 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს - Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა.

ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან, რომელიც მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა.

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ შემსრულებელს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები.

ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 25 ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება. თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

ბილეთები გაიყიდება ონლაინ tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. პირველ ეტაპზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 29 ივნისიდან კი ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.