სწორ დროს, სწორ ადგილას — ჰაბლმა 1 ფოტოში ვარსკვლავის აფეთქების 3 განსხვავებული მომენტი აღბეჭდა
2010 წელს ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გალაქტიკათა შეჯგუფება, სახელად Abell 370 გადაიღო. ასტრონომებმა კი ამ დაარქივებული მასალის ანალიზისას გასაოცარი რამ აღმოაჩინეს: მასზე 11.5 მილიარდი წლის წინ აფეთქებული ვარსკვლავი იყო აღბეჭდილი, რომელიც ობსერვატორიამ ზეახლად ანთებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ დააფიქსირა (იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც სინათლეს აქამდე მოსაღწევად სჭირდება).
მეცნიერთა გუნდის მიერ გამოკვლეული გამოსახულება გრავიტაციული ლინზირების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკათა შეჯგუფების მძლავრმა გრავიტაციამ მის მიღმა მდებარე ობიექტიდან მომავალი სინათლის გამრუდება გამოიწვია. სხვაგვარად ამ ობიექტს უბრალოდ ვერ დავინახავდით, ანუ სპეციალისტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, რადგან ჰაბლი სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ვეტერანი ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათზე ვარსკვლავის აფეთქების პროცესის 3 სხვადასხვა მომენტია აღბეჭდილი (რასაც გრავიტაციული ლინზირებისას სინათლის ტალღების დაყოვნებას უნდა ვუმადლოდეთ). ამ მომენტებს ჩვენ ღია შეფერილობის 3 ლაქის სახით ვხედავთ, რომელთა სიკაშკაშისა და სპექტრის ცვლილებაც ზეახლად ანთების ევოლუციას გვიჩვენებს.
ასტრონომებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ეს ვარსკვლავი სავარაუდოდ, წითელი ზეგიგანტი იყო, რომლის მასაც ჩვენი მზისას დაახლოებით 520-ჯერ აღემატებოდა. დაასკვნეს ისიც, რომ კადრებზე მნათობის აფეთქებიდან 6 საათში, 10 დღესა და 30 დღეში არსებული მდგომარეობაა აღბეჭდილი, რაც სუპერნოვას განვითარების ადრეული ეტაპების შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის სინათლე სპექტრის წითელ დიაპაზონშია გადასული, ანუ სამყაროს გაფართოების პარალელურად "გაწელილია", რაც მეცნიერებს მისი ასაკის გამოთვლაში დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და შორეული ზეახალი ვარსკვლავია, რომელიც აქამდე დაგვიფიქსირებია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები