მე ვარ ლესბოსელი არტისტი და თავზე მახურავს ჩიხტიკოპი — თინი ნოღაიდელი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
მე ვარ ბევრი ვიღაც. ახლა საკუთარ თავს ვეძებ, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემი იდენტობის მთლიანი სპექტრი:
ვიცი, რომ ვარ ფრანგი-ქართველი,
ვიცი, რომ ვარ ქალი,
ვიცი, რომ ვარ ლესბოსელი.
ვიცი, რომ ვარ არტისტი.
დიდი დრო დამჭირდა, რომ ეს მეთქვა, მაგრამ ახლა ვიცი.
შვედეთი
შვედეთში ჩამოსვლამდე, 12 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. პანდემიას დაემთხვა პერიოდი, როცა ყოფილი ქმრის ბინიდან წამოვედი. როგორც ბევრ სხვას, მეც იზოლაციამ საკუთარ თავს შემახვედრა. უცებ აღმოვჩნდი სრულიად მარტო ჩემს პიანინოსთან ერთად. წამოვიდა და წამოვიდა. ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, 37 წლის ასაკში მექნა ის, რაც 17 წლის ასაკში ვერ გავაკეთე — წავსულიყავი, მარტო მეცხოვრა და საკუთარი თავი მეპოვა.
შვედეთი ბევრი მიზეზის გამო ავირჩიე. მინდოდა, საკმარისად ახლოს ვყოფილიყავი ჩემს შვილთან. მინდოდა ინგლისურენოვანი და გეი-მეგობრული ქვეყანა. ასე დავტოვე ყველაფერი და ჩამოვედი. მინდოდა, ჩემი ხელოვნებისთვის პატარა ოთახი გამომეყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები წამომეწია. ძალიან რთულია, როდესაც შვილი გყავს და მასზე ერთადერთი პასუხისმგებელი შენ ხარ. ესაა თემა, რომელზეც ქალები არ ლაპარაკობენ — როგორ არ ნახულობენ მათი საქვეყნოდ ცნობილი თუ უცნობი ყოფილი ქმრები და პარტნიორები შვილებს. ყველაფერი დედების კისერზე გადადის. დედობა როლია. ჩემ ირგვლივაც, ყველაფერი მოწყობილია იმისთვის, რომ ხელოვნებას შევეშვა, წავიდე და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დავბრუნდე. ნაწილობრივ დავბრუნდი კიდეც — რეალობაა ისაა, რომ სამსახურიდან გათიშული მოვდივარ, წერის და სიმღერის დროც ბევრად ნაკლებია.
სცენა
გონიოში ზღვაზე, ლეღვისა და მანდარინების ხეებზე გავიზარდე. დადგებოდა ბაბუაჩემი ხის ქვეშ და მიყვიროდა ხოლმე: "ჩამოდი! რბილი ტოტი აქვს, მოტყდება, არ ინდობა". 5 წლამდე ბებია-ბაბუას გოგო ვიყავი და მერე ქობულეთში, დედ-მამასთან წავედი.
მამაჩემთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა — სულ ინტელექტუალური დებატები და მთელი ამბები. მამაჩემისგან მივიღე მუსიკის ძალიან დიდი სიყვარული, რადგან მელომანია. მისი განტვირთვა 60-იანი წლების მუსიკის მოსმენა იყო. უზარმაზარი კოლექციები ჰქონდა, წლების მიხედვით დანომრილი კონცერტები, საყვარელი ჯგუფები. მასწავლიდა მუსიკის გარჩევას: "აბა, ახლა დრამებს მოუსმინე, აბა, ახლა ამას"… დღეს ჩვენი აზრები ხშირად აღარ ემთხვევა ერთმანეთს, მუსიკის სიყვარული — კი. მაგრამ მე რა მუსიკასაც ვაკეთებ, მამაჩემს ეგ მუსიკა მაინცდამაინც არ მოეწონება. მაინც "პაპსავიკი" მომღერალი გამოვედი.
ფეხი სცენაზე მაქვს ადგმული, ქობულეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოწაფე ვიყავი. მე და ჩემი და, ტყუპებივით ჩაცმულები, სულ რაღაცას ვმღეროდით. ძირითადად, ქართულ ხალხურ სიმღერებს.
მერე 17 წლის გავთხოვდი და გამიჩნდა შვილი. წერტილი.
მე რომ სცენაზე დავბრუნებულიყავი, უნდა გამევლო ის გზა, რომლის გავლაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ქალებს გვიწევს. როდესაც ჰეტერონორმატიული ოჯახი გაქვს, სასიმღეროდ და საცდელად დრო და ინვესტიცია გეძლევა მხოლოდ მაშინ, თუ გარანტირებულად გაქვს ხელფასი და ბავშვებს ნაკლები მიხედვა სჭირდებათ. შესაბამისად, მე ხელახლა სცენაზე ავდივარ მაშინ, როდესაც მასწავლებლის ლიცენზიას ვიღებ და ჩემს თავს ამის უფლებას ვაძლევ.
ჰეტერო ცხოვრებაში გამომწყვდევა
ისე არ ყოფილა, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ქალები მომწონდა. უბრალოდ, სანამ საკუთარ თავს კითხვები დავუსვი, უკვე გათხოვილი და სერიოზულ ურთიერთობაში აღმოვჩნდი. რამდენიც გინდა, იმდენი ქალია ასე. მე გათხოვების არჩევანი არ გამიკეთებია. მე არ ვიცოდი, რომ სხვა არჩევანის საშუალებაც არსებობდა — რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა გენდერს, შეიძლება ვიყო ფლუიდური სექსუალობის, შეიძლება ვიყო ბისექსუალი.
ჩემთვის გარდამტეხი მომენტი მეორე ქორწინების დასრულება იყო. მანამდე, ფაქტობრივად, 20 წელი ჰეტერო ცხოვრებაში ვიყავი გამომწყვდეული. ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, 15 წლის ასაკში "ქრაში" რომ მქონდა გოგოზე, ეგ ნამდვილად "ქრაში" იყო. ჰეტერონორმატიულ გარემოში სიტყვების პოვნა ძნელია. არ იცი, რას რა უნდა დაარქვა. მე ადრეულ ასაკში მკვეთრად გამოხატული გენდერული პრეფერენცია არ მქონდა, ამიტომ ბევრი დრო დამჭირდა.
სანამ საკუთარ თავს იმის ვალიდაციას მისცემ, რომ, მინიმუმ, ჰეტეროსექსუალი არ ხარ, დიდ გზას გადიხარ. ხშირად სვამ სულელურ კითხვებს. იმიტომ, რომ სხვანაირად არ იცი. ახლა, როდესაც მე მეკითხებიან ასეთ სისულელეებს, სულ "ამირან გულში მღეროდა" მემართება და ვფიქრობ, რომ მეც ვყოფილვარ მათ ადგილას, როდესაც საკუთარ თავზე ეჭვები მქონდა, ამის დასტურს ვეძებდი და ვფიქრობდი, რომ ეს მაინცდამაინც რაღაც აქტში უნდა განხორციელებულიყო. ეს არის წნეხი, რომელიც მხოლოდ ქვიარ ადამიანებს აქვთ.
წნეხი
ახლა 38 წლის ვარ. სანამ 30-ის გავხდებოდი, ყველა ახლო მეგობართან "აუთ" ვიყავი, როგორც ბისექსუალი. როგორც ძალიან ბევრი გეი, მეც, სულ თავიდან ასე ვაიდენტიფიცირებდი თავს. ჩემს მშობლებს წერილობით მივმართე და ვუთხარი, აი, ხალხს რომ უნდა, გემში ჩასვას, შორს გაიყვანოს და ჩაძიროს, ის ვარ-მეთქი. მამაჩემმა მომწერა, რომ დიდი ხანია, თვითონ ასე აღარ ფიქრობდა. სავარაუდოდ, გაახსენდებოდა ჩემი ხმალამოღებული დაცვა ქვიარ ხალხის, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ქვიარობა მე თვითონაც არ მქონდა გააზრებული.
ზოგადად, ოჯახის ემოციური შანტაჟი არის ყველაზე ცუდი შანტაჟი. "შენ თუ ასე არ მოიქცევი, მე მოვკვდები" — მსგავსი ზეწოლა მხოლოდ ქვიარ ადამიანებს არ ეხებათ. ჩემს შემთხვევაშიც ეს იყო ყველაზე რთული.
სხვა მხრივ, მე მართლა მესმის, რომ ჩემს მშობლებს უჭირთ. მათზეც არანაკლები წნეხია — მე ხომ ვიცი, ვინ არიან მათი ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, რამდენია მათ შორის ღიად ჰომოფობი. ჩემი მშობლებისთვის არ არსებობს სანდო სივრცე, სადაც მხარს დაუჭერენ. მას მერე, რაც საჯარო ქამინგაუთი გავაკეთე, ზოგმა ნათესავმა მომწერა, ზოგიც გაქრა. აღმოვაჩინე, რომ ვიღაცებმა ფეისბუქიდან წამშალეს, ზოგიც მე წავშალე. ვფიქრობ, კიდევ ჩავალ თუ არა სოფელში. შეიძლება, არც არაფერი მოხდეს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩე, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ისიც, რომ ვიღაც ამომივარდეს და მართლა გამაგდოს.
კარადაში შებრუნება
"იყავი, მაგრამ ნუ ამბობ" — ამას რომ გეუბნებიან, სადღაც ნიშნავს, რომ ლესბოსელად ყოფნა სირცხვილია. ამაზე ძალიან ვბრაზდები. მაინტერესებს, რისი უნდა მრცხვენოდეს? არასდროს არავისთვის არაფერი მომიპარავს, ყველა ჩემს აქტზე პასუხისმგებელი ვარ, არასდროს მიღალატია სიტყვისთვის, ჩემი შვილის ერთადერთი აღმზრდელი და მასზე პასუხისმგებელი ვარ. როცა ირგვლივ ვიყურები და ვხედავ, რას პატიობენ კაცებს, დიდი ბოდიში, მაგრამ მე რისი უნდა მრცხვენოდეს? ვის რა დავუშავე? სირცხვილია დედის კისერზე ჯდომა, როცა 40 წლის ხარ; სირცხვილია, როცა მშობლებს, შვილებს სჭირდები და არ ეხმარები; სირცხვილია, როცა არაფრის მაქნისი არა ხარ; სირცხვილია, როცა შვილს ალიმენტს არ უხდი; სირცხვილია, როდესაც სამსახურში უპასუხისმგებლოდ იქცევი. სირცხვილი იმდენი რამეა, რამდენიც გაგიხარდება, თუმცა კაცებს ტოლერანტობის ზღვარი ბევრად მაღალი აქვთ. სირცხვილმა ბანაკი უნდა შეიცვალოს.
ოჯახის იმ წევრებმაც, რომლებმაც მიმიღეს, მიმიღეს იქამდე, სანამ შეყვარებულს ან სარძლოს წარვუდგენ. ყველა გიღებს, სანამ ეტყვი, რომ პაემანზე იყავი. რაღაც დონის მიმღებლობა ვისაც აქვთ, იმათაც არ ესმით, რად გინდა, სიტყვა "ლესბოსელს" რომ ამბობ? ამის აფიშირებას რომ აკეთებ?
ეს არის ის, რასაც აქტივიზმში "კარადაში შებრუნებას" ვეძახით.
როცა "იქეთა მხარეს" ვიყავი, მეც მქონდა ეს პრივილეგია და ზუსტად ვიცი, რომ არ ვფიქრობდი არცერთი წამი, მეხსენებინა თუ არა ჩემი ქმარი.
როგორც საჯარო მოხელე და მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, უნდა სცოდნოდათ თუ არა მოსწავლეებს, რომ ლესბოსელი ვარ. წელს მოსწავლემ არ მკითხა: "მადამ, ქმარი გყავთ?". ვუპასუხე, რომ ლესბოსელი ვარ. ერთხელ, ბავშვები ჩხუბობდნენ და ერთმა მეორეს გასძახა: "გეი! გეი!". მივუბრუნდი და მეძახდით-მეთქი?
ქალი, რომელიც გადაწყვეტს, საკუთარ თავს მისცეს ოთახი
ინსტიტუციებს ანუ ოჯახს, ან სხვა იერარქიებს, რომლებსაც ქალები კონტროლის ქვეშ ჰყავს, უნდათ, რომ ბნელში გამყოფონ. ქალი, რომელსაც კაცი არ აინტერესებს, საშიში ქალია, ეს მთელი სიმძაფრით ვიგრძენი. კაცმა, რომელიც ხედავს, რომ შენთან ფლირტის შანსიც არ აქვს, აუცილებლად რაღაც ძალიან ცუდი უნდა გითხრას. ბანჯგვლიანს დაგიძახებს და ჰგონია, რომ ამით შეურაცხყოფას მოგაყენებს. მე თავდაცვის მექანიზმად სარკაზმი და ირონია შემოვირტყი.
ვირჯინია ვულფის არ იყოს, ქალს, რომელიც გადაწყვეტს, საკუთარ თავს მისცეს ოთახი, ყველა დედობაში აბრუნებს. დედობაში, როგორც პასუხისმგებლობაში. რას ჰქვია, გინდა, რომ წერო?! ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ შენ ცუდი დედა ხარ. არ მახსენდება, რომ მამებზე ეთქვას ვინმეს იგივე, როდესაც ისინი თავიანთი, ვთქვათ, წერის კარიერით არიან დაკავებულები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საერთოდ გამქრალია შვილის ცხოვრებიდან, სადღეგრძელოებს თუ არ ჩავთვლით. ლეგიონია ისეთი ქალები, რომლებიც ჩარჩენილი არიან ქორწინებაში და ვერ გამოდიან. ქალები, რომლებიც ვერ "დააუთდნენ", რადგან კაცები გვაკონტროლებენ — მამები, ქმრები, ძმები. ბიჭი შვილი რას იტყვის?
შეხედეთ, სცენაზე ვინ არიან, ვის უკრავენ ტაშს, ვის უსმენენ. მე ძალიან მიყვარს, როდესაც კაცი არტისტები ამბობენ, რომ სქესს არ აქვს მნიშვნელობა. მერე მათი ფეისბუქის პროფილებზე გადადიხარ და 95% ერთმანეთს აზიარებს, ერთმანეთს ასწავლიან უნივერსიტეტებში, ერთმანეთი შეჰყავთ სილაბუსებში, ერთმანეთს უჭერენ მხარს. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, რას ჰქვია კვოტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ქალია?! თითქოს საუკუნეებია თვითონ ზუსტად ამას არ აკეთებენ. საუკუნეებია ამაში ვართ, გადახედეთ ყველა ლიტერატურულ პრიზს, მუსიკალურ ინდუსტრიას, როლებს, გადანაწილებას — როგორც კი საქმე მიდის ძალაუფლებასთან, სადაც ფულია, იქ კაცები არიან. და როგორც კი საფრთხეს ქმნი, რადგან არა ხარ ის, ვინც დათმობებზე წავა, მით უმეტეს, თუ ქვიარი ხარ, შენ უნდა გაჩუმდე და მადლობა თქვა, რომ კვოტით მაინც მოხვდი სადღაც.
***
გამოსვლა და ხალხისთვის საკუთარი თავის დანახვება ნიშნავს, რომ არსებობ. შენი არსებობა არსებულ იერარქიებს საფრთხეს უქმნის. ამიტომ ყველას ურჩევნია, რომ მოჭუჭკული იყო კარადაში, რაც ჩემს შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ არ ვწერ ტექსტებს, არ ვწერ სიმღერებს, არ ვწერ ბლოგებს, არ ვწერ პოდკასტებს.
არადა, მე ვარ ჩემი სიტყვა,
მე ვარ ჩემი სიმღერა,
მე ვარ ჩემი ტექსტები,
მე ვარ ჩემი პოდკასტები,
მე ვარ ჩემი ჩაცმულობა,
მე ვარ ჩემი გარეგნობა.
და სამი წლის წინ, ანუ სანამ კარადაში ვიყავი, ყველაფერი ეს, რაც დღეს ჩემში ყველაზე მეტად მეძვირფასება, არ ვიყავი.
სხვების სათქმელია, რამდენად კარგად ვმღერი, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ცუდ სიმღერებს ვწერდე. აბა, წარმოიდგინეთ რომელიმე ცნობილი ჰეტერო კაცის ან ქალი მომღერლის სიმღერა, რომელიც ადამიანებს უყვართ და დაუშვით, რომ ეს სიმღერა არ არსებულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ჰეტერომ დაწერა. დაუშვით, რომ ქვიარები ვართ დომინანტური საზოგადოება და ვამბობთ: "ვაიმე, ღმერთო, ჰეტეროებმა სახლში იმღერეთ!". როცა ამბობენ "შენთვის რაც გინდა, ის აკეთეო", ეს კონკრეტულად ამას ნიშნავს: მე არ უნდა ვიარსებო.
ჩემზე ძალიან იმოქმედა, როცა გასული წლის სექტემბერში "ბათუმელებმა" მთხოვა ინტერვიუ და დედიკომ არ იცის-მეთქი, ვუთხარი ნახევრად ირონიით, თუმცა სრული სიმართლე იყო. მაშინ მივხვდი, რომ არ შემეძლო. დგახარ სცენაზე იმ ქვიარი ხალხის წინ, რომელიც მოდის შენს კონცერტზე და გისმენს, გიყურებს და შენ ეუბნები: აუ, არ გადამიღო, არ მომნიშნო, არ გამავრცელო… არადა, ეს გჭირდება, რომ ალბომი ჩაწერო. მაგრამ დედიკომ არ იცის. ეს არ არის ცხოვრება.
არცერთი გზა, რომელსაც ქვიარი ადამიანი ირჩევს ცხოვრებისთვის, არ არის არასწორი. თუ შენ გეშინია და კარადაში ხარ, მე არავისთვის გაკვეთილი არ მაქვს მისაცემი. არც არავის ვეხმალავები, რომ, აბა, ყველანი გამოდით. მაგრამ მე დღეს ჩემს ქამინგაუთს არაფერზე გავცვლი. ერთი წამითაც არ ვნანობ, მაგრამ არავინ მითხრას, რომ ამის ძალა ყველას უნდა ჰქონდეს. ამის ძალას ყველას ვერ მოსთხოვ.
ადამიანები ამას ვუმკლავდებით ისე, როგორც შეგვიძლია, და კიდევ ერთხელ — სირცხვილმა ბანაკი უნდა შეიცვალოს.
მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ, ეს მე მჭირდება.
ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. იმისთვის, რომ როცა 60 წლის გავხდები, ვთქვა — ა, გენაცვალეთ. მე ლესბოსელი არტისტი ვარ და მაკოცეთ ტრაკზე!
ღვინო, დუდუკი, ქალები და ჟუჟუნა კლუბი
აზრზეც არ ვიყავი, რომ პოდკასტის გაკეთება მინდოდა. ამის უფლებას საკუთარ თავს მანამდე ვერ მივცემდი. ორი წლის წინ წიგნის წერა დავიწყე, მაგრამ მას მერე, რაც ქამინგაუთი გავაკეთე, სულ სხვაგან მიმყავს სიუჟეტი. ახლა ცხადზე უცხადესია, რომ ტექსტი ქამინგაუთზეც იქნება და ქვიარ ადამიანების სიყვარულზეც. აი, მანამდე ეს ყველაფერი ჩაკეტილი მქონდა.
გაშინებენ, რომ ახლა ყველა იტყვის, რომ "ლეზბიანკა" მომღერალი ხარ. თქვან! მე გადაწყვიტე ვუპასუხო: მადლობა! რა პატივია, რომ ამას მეუბნებით.
მე მგონია, რომ მთელ ამ ჰეტერო საზოგადოებას ბევრი რამე აქვს სასწავლი ქვიარ საზოგადოებისგან. ვურჩევ ყველას, რომ ჩვენს პოდკასტებს და კონტენტს თვალ-ყური მიადევნოს. ქვიარებს რომ უსმენდნენ სექსუალურ ცხოვრებაზე, შეიძლება მათი წყვილები გადარჩნენ.
პოდკასტთან ერთად, ონლაინ კონტენსტაც ვაკეთებთ. ჩემი "თანადა", ნათია, კულტურულ მოკითხვებს და მიმებს აკვარახჭინებს. კიდევ ჟუჟუნა კლუბი გავხსენით. ეს, მეგობრებო, ერთგვარი წრეა, სადაც სექს-რჩევებს ვიძლევით. ერთი დიდი დეკონსტრუქცია ყველა ჰეტერო წყვილს სჭირდება. ჩვენგან მათ წყვილში დინამიკის, სექსუალური ურთიერთობების, დალხენისა და კარგად ყოფნის სწავლა შეუძლიათ. მე პირადად ვურჩევდი, რომ თავიანთ ჰეტერო ურთიერთობაშიც ცოტა ქვიარები გახდნენ. ცოტა მოეშვან და მეტი ისიამოვნონ.
დაო
დაო აქტივისტური სიმღერაა. ძალიან მიყვარს და მეამაყება, რაც გავაკეთე, თუმცა ეს ჩემი საუკეთესო სიმღერა არ არის. კლიპი ქალთა ფონდის მხარდაჭერით გამოვიდა და ძალიან მიხარია.
ჩემს პროდუსინგზე მე თვითონ მაქვს შენიშვნები, მაგრამ ყველაფერი ძალიან აქტივისტურ დონეზეა გაკეთებული და ჩვენი შესაძლებლობებით რაც შევძელით, სული და გული ჩავდეთ.
ჩემი ოცნება ალბომია. რამდენიმე ძალიან ლამაზი სიმღერა მაქვს გამზადებული. მე მინდა ქალების სიყვარულს ვუმღერო. იმ სიტყვით და ფორმით, რა ფორმითაც ყველაზე მეტად მიყვარს: მთელი ჩემი ქართულ-ხალხურ-პოპულარულ-ფანოღური შეჯვარებით. ჩემგან ნურავინ ელოდება, რომ ისეთი კარგი და დამჯერი არტისტი ვიქნები, თეა წულუკიანს რომ მოეწონება. მე ვიქნები ის არტისტი, რომელიც იქნება ვულგარულიც, პროტესტსაც გამოხატავს და ბრაზსაც. მაგრამ არის რაღაცები, რაც წმინდაა ჩემთვის – ქართული ფოლკი ჩემი დიდი სიყვარულია და მას ფრთხილად ვეპყრობი. მაგალითად, კლიპში ჩიხტიკოპი ამაყად მადევს თავზე. ხომ პატარა დეტალია, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, რომ მე ვარ ლესბოსელი და თავზე მახურავს ჩიხტიკოპი. ბედნიერებაა ჩემთვის და იმ თინეიჯერი ბავშვებისთვის, თავიანთი კარადებიდან ჩვენს პოდკასტებს რომ უსმენენ და გვწერენ.
მაგ ბავშვებისთვის "დავაუთდი". მე რომ ვიყავი ეგ ბავშვი, იმისთვის "დავაუთდი". პირველ რიგში, იმ ბავშვს ვუმღერი, რომელიც ღამე დაწვებოდა და გოგოებზე ოცნებობდა, ოღონდ ეგონა, რომ ამისთვის ბიჭად უნდა გადაქცეულიყო. და მერე ვმღერი ყველა სხვა ქვიარისთვის, რომლებიც ჩვენ ირგვლივ, ყველგან არიან, მაგრამ არიან კარადაში. სწორედ მათ მინდა ვუთხრა, რომ ღმერთო ჩემო, ვარსებობთ. სიმღერებით იქნება თუ პოდკასტით, მათ მინდა დავანახო, რომ ქვიარად ყოფნა დიდი ბედნიერებაა!
სხვებს კი მინდა ვუთხრა, რომ ესა ვართ, ხალხნო. თქვენი შვილები ვართ, თქვენი დები ვართ, თქვენი დეიდები და მამიდები ვართ და ვართ ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.
კომენტარები