წიგნის დღეების გზამკვლევი — რა სიახლეები დაგხვდებათ ფესტივალზე
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება! მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც ათობით გამომცემლობას და წიგნის უამრავ მოყვარულს ყოველი წლის შემოდგომაზე მასპინძლობს, ამჯერად ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. ტრადიციულად, გამომცემლობები ამ მნიშვნელოვანი ბაზრობისთვის საგანგებოდ ემზადებიან, ამიტომ წინ საინტერესო ღონისძიებებით, ფასდაკლებებითა და ახალი გამოცემების სიხარულით სავსე დღეები გველოდება. ექსპოჯორჯიას უზარმაზარ სივრცეში სასურველი ადგილის პოვნა რომ გაგიადვილდეთ, ეს პატარა გზამკვლევი მოგიმზადეთ — გაიგეთ, რა გელოდებათ თბილისის წიგნის დღეებზე.
გამომცემლობა პალიტრა L
წიგნის წლევანდელი დღეებისთვის პალიტრა L-ს უამრავი სიახლე აქვს, როგორც თარგმანების, ასევე ქართული პროზის მიმართულებით. გამომცემლობის სტენდთან დაგხვდებათ ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელიანტი ავტორის ცნობილი წიგნი, ასევე დებიუტანტი ქართველი ავტორების უახლესი გამოცემები. უფრო კონკრეტულად:
- ანი ერნოს წლები — სერია ლიტერე ინვენტეს ახალი წიგნი, რომელიც წლევანდელ ნობელიანტსა და ფრანგ მწერალს ეკუთვნის. ნაწარმოები ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია და ერნოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტექსტად მიიჩნევა.
- კოლინ ჰუვერის ყველაფერი მთავრდება ჩვენით — ჰუვერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი ავტორია, რომლის წიგნებიც ბოლო წლებში გაუგონარი ტირაჟებით იყიდება მთელ მსოფლიოში. რომანი ყველაფერი მთავრდება ჩვენით 2016 წელს გამოიცა და მაშინვე მიიღო Goodreads-ის ჯილდო საუკეთესო სასიყვარულო რომანის კატეგორიაში. ნაწარმოები, რომელიც პრობლემურ ურთიერთობებსა და ოჯახში ძალადობის თემას შეეხება, ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული.
- ადამ სილვერას ბოლოს ორივე კვდება — ჰუვერის მსგავსად, ამერიკელი მწერლის ადამ სილვერას ეს წიგნიც ტიკტოკის მომხმარებლებში გახდა განსაკუთრებით პოპულარული. მოზარდებისთვის განკუთვნილი ეს რომანი ორი თინეიჯერის შესახებაა, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი სიცოცხლის ბოლო დღეს გაიცნობენ. უამრავ ჯილდოზე ნომინირებული წიგნი არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა გამოცემის ბესტსელერების სიაშიც.
- ოლანი ბიწაძის მანიტუ, ირაკლი არიშვილის დასაწყისის დასასრული და ანუკი შატაკიშვილის წუთით კოსმოსში — სამივე ავტორი დებიუტანტი გახლავთ და სამივე წიგნი პალიტრა L-ის ლიტერატურული კონკურსის, გახდი ბესტსელერის ავტორი, გამარჯვებულია.
ვრცლად პალიტრა L-ის სიახლეებზე
სულაკაურის გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა წიგნის დღეებზე, ტრადიციულად, უახლესი თარგმანებით, ბავშვებისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი ლიტერატურითა და განსაკუთრებული ფასდაკლებებით წარდგება — დოსტოევსკის იდიოტის ახალი თარგმანიდან გოგი გვახარიას ცრემლიანი სათვალის განახლებულ გამოცემამდე. აი, მაგალითად...
- კობო აბეს სხვისი სახე — ცნობილი იაპონელი მწერლის ეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ქალაქურ საზოგადოებაში კაცის გაუცხოებაზე ჰყვება, 1964 წელს გამოიცა. რომანი ქართულ ენაზე ლიტოდისეის განახლებულ სერიაში გამოვა. სხვათა შორის, ამავე სერიის რამდენიმე ამ დრომდე ტირაჟამოწურული წიგნი განახლებული დიზაინით დაგხვდებათ ფესტივალზე.
- სალი რუნის მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ — ირლანდიელი მწერლის ეს წიგნი თავისუფლად შეიძლება გასული წლის სენსაციად ჩაითვალოს, რადგან გამოცემის შემდეგ მკითხველებისა და კრიტიკოსების აღფრთოვანებული გამოხმაურება არ შეწყვეტილა. რუნისთვის, რომელმაც სახელი თანამედროვე ურთიერთობებზე წერით გაითქვა, ეს რიგით მესამე რომანია. ქართულად თარგმნილია მწერლის სხვა წიგნებიც: საუბრები მეგობრებთან და ჩვეულებრივი ადამიანები.
- როალდ დალის შეუდარებელი ბატონი მელია — ბატონი მელია შეუდარებელი ბრიტანელი საბავშვო მწერლის, როალდ დალის, კიდევ ერთი ცნობილი პერსონაჟია, რომელსაც პატარა მკითხველები სულაკაურის გამომცემლობის ახალი თარგმანიდან გაიცნობენ. წიგნის მიხედვით 2009 წელს უეს ანდერსონმა ფილმიც გადაიღო, რომელშიც მელია ჯორჯ კლუნიმ გაახმოვანა.
- ესქილეს ტრაგედიები — ძველი ბერძენი დრამატურგის კლასიკას განსაკუთრებული წარდგენა ალბათ არც სჭირდება; მით უმეტეს, რომ მასზე თავად ახალი თარგმანის ავტორი, ლევან ბერძენიშვილი, ისაუბრებს ფესტივალის მეორე დღეს, 5 ნოემბერს, 14:30-ზე.
ვრცლად სულაკაურის გამომცემლობის სიახლეებზე
ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ აქცენტს თანამედროვე უცხოური პროზის თარგმნაზე აკეთებს და ეს ტენდენცია წიგნის დღეებზე წარმოდგენილ სიახლეებსაც ეტყობა.
- ლილი კინგის ეიფორია — გასული წლის წიგნის დღეებზე ქარჩხაძის გამომცემლობამ ქართველ მკითხველს თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ლილი კინგის, ბესტსელერი მწერლები და საყვარლები გააცნო. ამავე ავტორის კიდევ ერთი წიგნი კი, ეიფორია, სწორედ ქართველი მკითხველის არჩეული ყდით გამოიცემა. რომანში სიუჟეტი 1930-იან წლებში ვითარდება და სამი ახალგაზრდა ანთროპოლოგის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. სხვათა შორის, წიგნის ინსპირაციის წყარო ნამდვილი ამბავი გახდა.
- ცაო ვენსიუენის ცეცხლოვანი დაღი — საბავშვო მწერალი ცაო ვენსიუენი, რომელიც, ამავდროულად, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორიცაა, 2016 წელს პირველი ჩინელი ავტორი გახდა, რომელმაც ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემია მიიღო. ამბობენ, რომ ვენსიუენი "საკუთარივე გამოცდილებით წერს ბავშვების ცხოვრების სირთულეებზე, მის ტექსტებში კი პასუხებს ადვილად ვერ იპოვით".
- ქართული მწერლობა — ეს წიგნი ქარჩხაძის გამომცემლობის კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც ძველი დროიდან მოყოლებულ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ კლასიკურ ქართულ ტექსტებს აერთიანებს. გამოცემა სამტომეულის პირველი ნაწილია.
გამომცემლობა ინტელექტი
ინტელექტის გამომცემლობას უამრავი საფესტივალო სიახლე აქვს — განსაკუთრებული სიმრავლე კი, ტრადიციულად, თანამედროვე ქართველი პროზაიკოსებისა და პოეტების ახალ თუ სადებიუტო გამოცემებს ემჩნევა. მაგალითად, ინტელექტის სტენდთან გადააწყდებით...
- გელა ჩარკვიანის გაუგე — ეს ცნობილი ქართველი დიპლომატის, მწერლისა და პუბლიცისტის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი პირველი წიგნია. გამოცემა ჩარკვიანის სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილ არამხატვრულ ჩანაწერებს უყრის თავს და თხრობის ავტორისეული, მკითხველისთვის საყვარელი მანერითაა გამორჩეული.
- რაინერ მარია რილკეს დუინური ელეგიები — გამოჩენილი ავსტრიელი პოეტის ეს კრებული ელეგიების ციკლს აერთიანებს და ავტორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნად მიიჩნევა. ქართული გამოცემისთვის რილკეს ლექსები ზვიად რატიანმა თარგმნა.
- გოდე გორგილაძის რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე — დებიუტანტი ქართველი პროზაიკოსის ეს წიგნი შვიდ მოთხრობას აერთიანებს. ახალგაზრდა ავტორის გამორჩეული ხმა გასულ წლებში არაერთ ლიტერატურულ ფესტივალში აღინიშნა, მათ შორის, სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურს შემოდგომის ლეგენდაში გამარჯვებით.
- თემურ ელიავას ყვავების ფოსტა — დებიუტანტი ავტორი არაა, თუმცა, ახალგაზრდა მკითხველში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თემურ ელიავა. პოეტის ეს ახალი წიგნი რიგით მეორე კრებულია, რომელიც გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა.
სხვა გამომცემლობები
- გამომცემლობა არტანუჯი კვლავაც მრავალფეროვან სიახლეებს სთავაზობს არამხატვრული ლიტერატურულის მოყვარულ მკითხველს. წიგნის წლევანდელ დღეებზე პირველად იხილავთ ოთხი ავტორის შედგენილ გამოცემას წერა-კითხვის ლაბორატორია, ელისაბედ ერისთავის მემუარებს, ისტორიკოს ოლეგ ხლევნიუკის ბიოგრაფიულ წიგნს სტალინის შესახებ და სხვა.
- გამომცემლობა მელანი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული, თუმცა, ნაკლებად ცნობილი ქართველი ავტორის, ქეთი ნიჟარაძის, მზიანი მხარის მეორე ნაწილს, ერთგვარ დანართს გთავაზობთ. პირველი ნაწილის სტენდთან წარდგენის შემთხვევაში მას უფასოდ მიიღებთ.
- შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა კენტავრი თანამედროვე გერმანული დრამატურგიის ანთოლოგიას წარმოგიდგენთ, რომელიც სამ პიესას აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანი ლიტერატურის დარგში 2019 წლის ნობელიანტი პეტერ ჰანდკეა.
- სიახლეები აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობასაც. მათ სტენდთან უკვე ცნობილი სერიის, ილიაუნის გზამკვლევის, ახალი გამოცემა, ფსიქოლოგია, დაგხვდებათ ნინო ჯავახიშვილის ავტორობით. ასეთივე გზამკვლევი, ზურაბ კიკნაძის ავტორობით, მომზადდა ვეფხისტყაოსნისთვისაც. წიგნის წლევანდელ დღეებზე ილიაუნი მზექალა შანიძის სამეცნიერო სტატიების უახლეს კრებულსაც წარმოგიდგენთ.
- გამომცემლობა აგორა უცხოურენოვანი პროზის უახლეს თარგმანებს შემოგთავაზებთ. მათ შორისაა, ლუკა ბრუნონის დუმილი, გაელ ჟაოსის ელის აილენდის უკანასკნელი მცველი, ტომა გუნზიგის ჩემ გარდა არავინ მომკვდარა და ფილიპ ჯიანის ნიანგები.
- ელფის გამომცემლობა, ტრადიციულად, პატარა მკითხველს გაანებივრებს ქართველი და უცხოელი ავტორების საბავშვო წიგნებით. წლევანდელ სიახლეებს შორისაა ვანო ჩხიკვაძის სარკის ჩიტი, ფრენკ ბაუმის სანტა კლაუსის თავგადასავალი, სესილია ჯემისონის ლედი ჯეინი და სხვა.
- გამომცემლობა მედუზა, რომელიც თბილისის წიგნის დღეებზე პირველად წარდგება, მათ პირველ გამოცემას, ქართული საი-ფაი მოთხრობების ანთოლოგია დროთა კავშირს წარმოგიდგენთ. წიგნის შეძენას პარნასის სტენდთან შეძლებთ.
ღონისძიებები
გარდა ახალი გამოცემებისა, წიგნის დღეების სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებებიც დახვდებათ ექსპოჯორჯიას სივრცეში. რამდენიმე საინტერესო შეხვედრის დროს აქვე გაგიზიარებთ:
- 4 ნოემბერს, 13:30-ზე, მე-2 სივრცეში — წიგნის ძველი თბილისის სურათები პრეზენტაცია.
- 4 ნოემბერს, 15 საათზე, 1-ელ სივრცეში — გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის გამარჯვებული წიგნების წარდგენა.
- 5 ნოემბერს, 14:30-ზე, 1-ელ სივრცეში — ესქილეს ტრაგედიების წარდგენა ლევან ბერძენიშვილის მიერ.
- 5 ნოემბერს, 18 საათზე, 1-ელ სივრცეში — ცაო ვენსიუენის ცეცხლოვანი დაღის პრეზენტაცია.
- 6 ნოემბერს, 13 საათზე, 1-ელ სივრცეში — შეხვედრა ქართველ ფანტასტ მწერალთან, ნატო დავითაშვილთან, თემაზე "როგორ ვასწავლი მითებს".
- 6 ნოემბერს, 16:30-ზე, მე-2 სივრცეში — სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებული ლიტერატურული თამაში.
წიგნის დღეების სრულ პროგრამას ფესტივალის ფეისბუქგვერდზე იხილავთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის დღეები 4, 5 და 6 ნოემბერს გაიმართება ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
კომენტარები