AI, რობოტები და 3D პრინტერები — როგორ იცავს თანამედროვე ტექნოლოგია ოკეანის სიცოცხლეს
ძველმა ტექნოლოგიამ აღძრა ადამიანის შესაძლებლობები რესურსების ექსპლუატაციისკენ, მაგრამ განვითარებად ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ოკეანის ეკოსისტემის დაცვას.
ოკეანე დედამიწის ყველაზე განმსაზღვრელი ფიზიკური მახასიათებელია, რომელიც ფარავს პლანეტის ზედაპირის 71%-ს. ის წარმოუდგენელი ბიომრავალფეროვნების სახლია, დაწყებული მიკროსკოპული ბაქტერიებიდან და ვირუსებიდან, დამთავრებული დედამიწაზე ყველაზე დიდი ცხოველით, ლურჯი ვეშაპით. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ზუსტად რამდენი სახეობა ცხოვრობს ოკეანეში, თუმცა მათი მზარდი რაოდენობის გაქრობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოკეანეში გადაშენება ხმელეთზე სწრაფად მიმდინარეობს.
30x30 კამპანია მიზნად ისახავს 2030 წლისთვის საზღვაო ტერიტორიის 30%-ის დაცვას, რაც ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ როგორ შეძლებს მსოფლიო ამის მიღწევას?
ახალი გადაწყვეტილებების საჭიროება
ოკეანის გადარჩენა მოითხოვს საზღვაო ქვეყნების მნიშვნელოვან ჩართულობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთი გამოსავალი არ არსებობს, ამიტომ მიზანშეწონილია რამდენიმე ვარიანტის ერთდროულად გამოყენება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც დაუყოვნებლივ შეიძლება განხორციელდეს, ისაა, რომ მთავრობებმა შეზღუდოს არამდგრადი თევზაობა. ამის ნაცვლად, გამოყოფილი თანხები აკვაკულტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ისტორიულად ემყარება მდგრადი კონსერვაციის მენეჯმენტს, როგორიცაა ჰაბიტატ-ინტეგრირებული თევზაობა (ტექნიკა, რომელიც შექმნილია თევზაობის დროს ეკოსისტემის შესანარჩუნებლად), ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ჭრის ოკეანის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
სწორედ ამ კონტექსტში ხდება განვითარებადი ტექნოლოგიებისა და ეკო-საინჟინრო გადაწყვეტილებების გამოყენება ყველაზე აქტუალური. ძველმა ტექნოლოგიამ აღძრა ადამიანის შესაძლებლობები რესურსების ექსპლუატაციისკენ, მაგრამ განვითარებად ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ოკეანის ეკოსისტემის დაცვას.
ტექნოლოგიის როლი
ამჟამად შეუძლებელია, რომ მსოფლიომ მიაღწიოს 30x30 კამპანიის მიზნებს საზღვაო დაცული ტერიტორიებისთვის (MPAs) არსებული პოლიტიკითა და მმართველობის სისტემებით. ქვეყნების უმეტესობამ გამოაცხადა MPA-ები მათ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, მაგრამ, ჯერჯერობით, ოკეანის მხოლოდ 2.7% შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვნად დაცულად.
ამის მიზეზი მარტივია: ქვეყნების უმეტესობას არ შეუძლია საზღვაო პარკის რეინჯერებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის დიდი რაოდენობის გამოყოფა, რომელიც საჭიროა ამ ტერიტორიების დაცვის გასაძლიერებლად. თუმცა ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს ოკეანის პრობლემების აღმოსაფხვრელად, გვაძლევს იმედს.
ეს ტექნოლოგიები მოიცავს სენსორებს, თვითმფრინავებს, რობოტებსა და ხელოვნურ ინტელექტს — ყველა მათგანს შეუძლია გამოიყენოს მიმდინარე ინფორმაცია ოკეანის პირობებისა და ადამიანის აქტივობების შესახებ და მოახდინოს მყისიერი რეაგირება.
წარმოიდგინეთ რობოტი თევზი, რომელიც აღჭურვილია სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტით და აგროვებს მონაცემებს ძნელად მისადგომ ოკეანის სიღრმეებში, ან ღია ზღვაში უხეში პირობებით. მას შეუძლია, გაჰყვეს ზღვის ცხოველებს, რომელთა ცხოვრების წესი ამჟამად უცნობია ადამიანისთვის, და აღმოაჩინოს ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები, დაბინძურების წყაროები და უკანონო თევზაობის შემთხვევები.
სხვა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უკვე დანერგილია.
დრონები აწარმოებენ ოკეანის თევზაობის მონიტორინგს, მათ შორის, სათევზაო გემების მუშაობას. ატლანტის ოკეანის ზღვის სავარცხელას (Pectinidae) პოპულაციების შესასწავლად და მათ მიგრაციაში ვეშაპებისთვის თვალყურის სადევნებლად ამჟამად გამოიყენება ჰაბიტატის კარტოგრაფია და თერმული გამოსახულების მიღება ინფრაწითელი კამერებით.
3D პრინტერის მეშვეობით შექმნილი, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ფილებისგან დამზადებული მარჯნები და კაშხლები უკვე ხელმისაწვდომია და გამოიყენება, ხოლო 3D ნაბეჭდი სუბსტრატები გვთავაზობს სტაბილურ საფუძველს ახლად დარგული ზღვის ბალახის მდელოებისა და მარჯნის რიფებისთვის.
ამდენად, განვითარებადი ტექნოლოგიების მასშტაბურ გამოყენებას შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ოკეანის შესწავლა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების დაცვა.
კომენტარები