მეცნიერებმა ბიბლიური ომები დაადასტურეს — ახალი კვლევა
ბიბლიაში ჩაწერილი ეპიკური ბრძოლები ზუსტად არის დათარიღებული გეომაგნიტური მონაცემების გამოყენებით.
ახალ კვლევაში, დედამიწის მაგნიტური ველის მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა დაადასტურეს ბიბლიური ცნობები ეგვიპტის, არამეის, ასურეთისა და ბაბილონის სამხედრო კამპანიების შესახებ ისრაელისა და იუდეას სამეფოების წინააღმდეგ.
კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 20 საერთაშორისო მეცნიერი და მკვლევარი, ჩაატარა თელ-ავივის უნივერსიტეტმა (TAU) და იერუსალიმის ებრაულმა უნივერსიტეტმა (HU).
Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აღადგინა დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებები, რომლებიც დაფიქსირდა 21 ე.წ. განადგურების ფენაში (destruction layer) 17 არქეოლოგიურ ადგილზე ისრაელის მასშტაბით, და დროთა განმავლობაში აშენდა ველის ინტენსივობის ვარიაციის მრუდი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სამეცნიერო დათარიღების ინსტრუმენტად.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მაგალითად, არამ-დამასკოს მეფე ხაზაელის (ჰაზაელი, აზაილი) არმია, რომელიც პირველად მოიხსენიება მეფეთა წიგნში, პასუხისმგებელი იყო რამდენიმე ქალაქის, მათ შორის, თელ რეხოვის, თელ ზაიტისა და ჰორვატ ტევეტის დანგრევაზე, ფილისტიმელთა ქალაქი გათის ჩათვლით, რომლის განადგურება ებრაულ ბიბლიაშია აღნიშნული. ამავდროულად, კვლევა უარყოფს გაბატონებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ხაზაელი იყო დამპყრობელი, რომელმაც გაანადგურა თელ ბეთ-შინი.
არქეოლოგიური დათარიღების ხელსაწყოები
დედამიწის მაგნიტური ველის მექანიზმის გასაგებად, გეოფიზიკოსები თვალყურს ადევნებენ ველში მომხდარ ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ისტორიის განმავლობაში. ისინი აანალიზებენ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, როგორებიცაა: ჭურჭლის ნატეხები, აგურები, სახურავის ფილები და ღუმელები.
ეს არქეოლოგიური მასალები შეიცავს პაწაწინა ფერომაგნიტურ ნაწილაკებს, რომლებიც, მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებისას, იქცევა კომპასის ისრებივით, ემთხვევა დედამიწის მაგნიტურ ველს და ხდება მაგნიტიზებული ველის მიმართულებისა და ინტენსივობის მიხედვით. ეს მონაცემები თითის ანაბეჭდის მსგავსია და უნიკალურია მისი ჩაწერის თარიღისთვის.
გასული ათწლეულის განმავლობაში მკვლევრებმა აღადგინეს ასობით არქეოლოგიური ნივთის მიერ დაფიქსირებული მაგნიტური ველები. ამრიგად, კვლევაში ჩართულ მეცნიერებს შეეძლოთ, შეედარებინათ ამ განადგურების ფენების მიერ დაფიქსირებული მაგნიტური ველი არქეოლოგიური ნივთების მაგნიტურ ველებთან, რომლებიც დათარიღებულია უძველესი წარწერებისა და ბიბლიური ცნობების ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად.
"მაგნიტური ველის ინტენსივობისა და მიმართულების მსგავსებაზე ან განსხვავებაზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ან უარვყოთ ჰიპოთეზა, რომ კონკრეტული ადგილები დაიწვა იმავე სამხედრო კამპანიის დროს", — განმარტა დოქტორანტმა იოავ ვაკნინმა, პროექტის ერთ-ერთმა წამყვანმა მკვლევარმა.
ახალი დათარიღების მეთოდით გამოვლენილი კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა არის იუდეას სამეფოს დასასრული. არქეოლოგიურად მხარდაჭერილი ჰიპოთეზა ვარაუდობს, რომ ბაბილონელებმა გაანადგურეს იერუსალიმი და სასაზღვრო ქალაქები იუდეას მთისწინეთში, მაგრამ ნეგევისა და სამხრეთ იუდეას მთების ქალაქები თითქმის ხელუხლებელი დატოვეს.
"იუდეას სამეფოს ბოლო დღეების შესახებ ბევრი დებატია. ზოგიერთი მკვლევარი, არქეოლოგიურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ იუდეა ბაბილონელებს მთლიანად არ გაუნადგურებიათ", — თქვა ერეზ ბენ იოსეფმა, თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა და იოავ ვაკნინის ხელმძღვანელმა.
უახლესი გეომაგნიტური აღმოჩენები ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ "მხოლოდ ბაბილონელები არ იყვნენ პასუხისმგებელნი იუდეას საბოლოო დაღუპვაზე" და რომ ნეგევის ქალაქები განადგურდა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ედომელების მიერ.
კომენტარები