აი, როგორ "ჟღერს" დედამიწის მაგნიტური ველი — მოუსმინეთ
დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) პროექტ Swarm-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრების მიერ მოპოვებული მონაცემები აკუსტიკურ ჩანაწერად აქციეს. მისი მეშვეობით ვიგებთ, როგორ "ჟღერს" ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი.
"გუნდმა ESA-ს Swarm-ის სატელიტებისა და სხვა წყაროების მონაცემების მეშვეობით მაგნიტური სიგნალები ბირთვული ველის აკუსტიკური რეპრეზენტაციის მანიპულირებისთვისა და კონტროლისთვის გამოიყენა. ეს პროექტი ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანების შედეგის ცალსახა მაგალითია", — აცხადებენ სპეციალისტები.
მაგნიტური ველი, რომელიც 3 000 კილომეტრ სიღრმეზე არსებული ცხელი თხევადი რკინის ბირთვში წარმოიქმნება, დედამიწას მზისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკებისა და კოსმოსის რადიაციისგან იცავს. როდესაც მზის ქარი მისი გავლით ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებს, ხშირად პოლარული ციალი ჩნდება, თუმცა სხვა მხრივ, ეს ველი უხილავია და, მითუმეტეს, ხმაც არ აქვს.
"ჩვენ კოპენჰაგენში მდებარე სოლბერგის მოედანზე, მიწისქვეშ დამონტაჟებული 30-ზე მეტი აკუსტიკური მოწყობილობისგან შემდგარ სისტემაზე მოვიპოვეთ წვდომა. ისინი იმგვარად გავმართეთ, რომ თითოეული მათგანი დედამიწის სხვადასხვა ადგილთან მოსულიყო შესაბამისობაში და უკანასკნელი 100 000 წლის განმავლობაში მაგნიტური ველის ცვლილება წარმოეჩინა", — ამბობენ ავტორები.
ჩანაწერის მოსმენა ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს Swarm-ის თანამგზავრები ორბიტაზე 2013 წელს გაუშვეს. მათი მეშვეობით დედამიწის ბირთვში, მანტიაში, ქერქსა და ოკეანეებში წარმოქმნილ მაგნიტურ სიგნალებს ვაფიქსირებთ და ორბიტაზე არსებულ ამინდზეც ვიღებთ ინფორმაციას.
სატელიტების სახელები ალფა, ბრავო და ჩარლი გახლავთ. ისინი ორ დამოუკიდებელ პოლარულ ორბიტაზეა განლაგებული: ერთი პლანეტის ზედაპირიდან 530 კილომეტრ სიმაღლეზე მოძრაობს, დანარჩენი კი — 450 კილომეტრზე. აღნიშნული აპარატები კომპანია Astrium-ის მიერაა შექმნილი.
კომენტარები