სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცა: რობოტი ლაზერით ტარაკნებს ხოცავს
"მათი მოკვლა თუ შეგიძლია, ე.ი. ყველა სხვა მავნე მწერსაც მოკლავ."
ედინბურგის ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი, რომელიც გაწვრთნილია, რომ ლაზერით დახოცოს ტარაკნები. აპარატის გამომგონებლები თვლიან, რომ მოწყობილობას შეუძლია, იაფად და ეკოლოგიურად სუფთად ჩაანაცვლოს ტოქსინებით დატვირთული ინსექტიციდები.
მოწყობილობის შემქმნელი ინჟინრები ამბობენ, რომ მათი გამოგონების გამოყენება სხვადასხვა ტიპის მწერზე შეიძლება, თუმცა ტარაკნები იდეალური სატესტო ობიექტები არიან, რადგან "მათი მოკვლა თუ შეგიძლია, ე.ი. ყველა სხვა მავნე მწერსაც მოკლავ".
მან შეძლო, გამოევლინა ტარაკნები მაღალი სიზუსტით და გაენეიტრალებინა ისინი; ასევე, შეეშინებინა მწერები 1,2 მეტრის მანძილზე. ეს, გარკვეულწილად, იყო წინა პროექტების გაგრძელება, რომლებიც იყენებდა Raspberry Pi-ს და ლაზერებს კოღოების მოსაკლავად. თუმცა ამ პროექტისთვის გამოიყენეს სხვა ტიპის კომპიუტერი, რომელმაც შესაძლებელი გახადა მწერების უფრო ზუსტი გამოვლენა.
"Jetson Nano-მ საშუალება მომცა, რომ გამომეყენებინა ღრმა დასწავლის ტექნოლოგიები ობიექტების დადგენის უფრო მაღალი სიზუსტისთვის", — განმარტა მკვლევარმა ილდარ რახმატულინმა.
Jetson Nano არის პატარა კომპიუტერი, რომელიც მანქანური სწავლების ალგორითმებზე მუშაობს. კომპიუტერი ამუშავებს ციფრულ სიგნალს ორი კამერიდან, რათა დადგინდეს ტარაკნის მდებარეობა. ის ამ ინფორმაციას გადასცემს გალვანომეტრს (ელექტრული დენის საზომი მოწყობილობა), რომელიც ცვლის ლაზერის მიმართულებას სამიზნეზე დასარტყმელად.
რახმატულინმა სცადა ეს კონფიგურაცია ლაზერული სიმძლავრის სხვადასხვა დონეზე: დაბალ დონეზე, მან შეძლო ტარაკნების ქცევაზე გავლენა მოეხდინა მათ მიერ ლაზერთან რეაქციის გამოწვევით. უმაღლეს დონეზე კი ტარაკნები დახოცეს. დეველოპერმა ყველა მონაცემი და ინსტრუქცია ღია წყაროდ აქცია და აღნიშნა, რომ სხვებსაც შეუძლიათ სცადონ, თუკი მიიღებენ სათანადო ზომებს.
პროექტის ღია ხასიათის გარდა, ყურადღებას იმსახურებს ამ ტექნოლოგიის ფართო გამოყენების შესაძლებლობა: ის შეიძლება გახდეს ალტერნატივა მექანიკური ხაფანგებისა და ქიმიკატებისთვის, რომლებიც ზიანს აყენებს გარემოს და ანადგურებს უვნებელ მწერებსაც. ამავდროულად, ყველა კომპონენტის ჯამური ფასი არ აღემატება 250 დოლარს, რაც შედარებით ხელმისაწვდომი თანხაა. თანაც, თავად მოდელი უფრო კომპაქტურია, ვიდრე სხვა თანამედროვე მავნებლების კონტროლის ტექნოლოგიები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი აკადემიური კვლევისთვის შესაბამისია, მისი ფართო მასშტაბებით წარმოებისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა საჭირო.
კომენტარები