რას წერს ამერიკული გამოცემა TechCrunch ქართულ სტარტაპ Theneo-ზე
სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე ორიენტირებულმა ამერიკულმა მედიასაშუალება TechCrunch-მა ქართულ სტარტაპ Theneo-ს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ახალმა კომპანიამ შექმნა პლატფორმა, რომელიც სხვა კომპანიებს API (აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი) დოკუმენტაციის შექმნას უმარტივებს და, გარდა ამისა, პროცესში წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს გუნდის ისეთ წევრებს, რომლებიც ტექნიკური სპეციალისტები არ არიან.
Battlefield 200-ის ფარგლებში Techcrunch შეხვდა Theneo-ს წარმომადგენლებს, რათა გაერკვია, როგორ აპირებდა სტარტაპი მზარდ 4,5 მილიარდ დოლარიან API ბაზარზე (რიცხვი სპეციალისტების აზრით 5 წელიწადში 14 მილიარდამდე მივა) თავის დამკვიდრებას.
API, იგივე აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი, არის ბერკეტი, რომელზეც თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა დგას. ის აძლევს საშუალებას, მაგალითად, Uber-ს, რომ შემოგვთავაზოს აპლიკაციაში მიმოწერა მთელი ინფრასტრუქტურის ნულიდან შექმნის ნაცვლად. ან ფიტნეს აპლიკაციებს აძლევს საშუალებას, რომ ჩვენი სირბილის ისტორიის რუკაზე ვიზუალიზაცია შეძლონ. კომპანიები თავადაც ქმნიან საკუთარ API-ს ყველა სერვერულ სისტემასთან და მონაცემთა ბაზასთან დასაკავშირებლად.
ასევე იხილეთ: რა არის API და რატომ არის ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
შეიძლება ითქვას, API თანამედროვე ტექნოლოგიური ეპოქის ჩრდილში მყოფი გმირია. თუმცა დეველოპერთათვის მარტივად ადაპტირებადი და გამოყენებადი API-ის შექმნა სირთულეებთანაა დაკავშირებული. საკმარისი არ არის API-ის უბრალოდ შექმნა — მისი ფუნქციები, მოქმედება და განლაგების ინსტრუქციები წარმოდგენილი უნდა იყოს ისე, რომ მარტივი იყოს გასაგებად. API დოკუმენტაციის სწორად მიღება აუცილებელი პირობაა და Theneo სწორედ აქ აპირებს საკუთარი სიტყვის თქმას.
Stripe-ის მსგავსი API დოკუმენტები
Theneo-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ანა რობაქიძემ Techcrunch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ინჟინრების გუნდის ხელმძღვანელობისას მან ასობით API-ზე იმუშავა და დაასკვნა, რომ ხარისხიანი API დოკუმენტაცია საკმაოდ იშვიათია.
"მე თავად ვარ მოწმე იმისა, თუ რა ეფექტი ჰქონდა API დოკუმენტაციას ჩვენი პროექტის ფასსა და ეფექტურობაზე. როგორც გუნდის ლიდერმა, ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო, Stripe-ის მსგავსი API დოკუმენტაციის შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტის ძიებას დიდი დრო დავუთმე. მათი უმრავლესობის პრობლემა ის იყო, რომ დიდ დროს მოითხოვდნენ, ან ზედმეტად ბევრი შეზღუდვა ჰქონდათ", — განაცხადა ანა რობაქიძემ
პრობლემის საფუძველი, მისი აზრით, ის არის, რომ დეველოპერები აუცილებლად ტექნიკური მწერლები არ არიან — მათ დოკუმენტირებას უბრალოდ სხვა API-ის შექმნა ურჩევნიათ. შედეგად, შიდა API-ის (კომპანიის შიდა სისტემებისა და აპლიკაციების დასაკავშირებლად შექმნილი API) დიდი ნაწილი საერთოდ არ არის დოკუმენტირებული, ან თუ არის – არ არის სინქრონიზებული და გამართული API-ის განვითარებასთან ერთად. ეს პრობლემა უარესდება დეველოპერების ცვლილებებთან ერთად, რაც უწესრიგობამდე მიდის.
Theneo სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის დაფუძნებული: რათა გახადოს მაღალი ხარისხის API დოკუმენტაციის შექმნა და გამართვა მარტივი.
ასევე იხილეთ: გაიცანით ქართული სტარტაპი, რომლის პროდუქტსაც უკვე 2000-მდე კომპანია იყენებს — Theneo
დეველოპერებს შეუძლიათ დააკავშირონ თავიანთი GitHub საცავები ან ატვირთონ API კოლექცია Theneo-ში, ეს უკანასკნელი კი ამ ყველაფერს გააანალიზებს და წარმოადგენს მოთხოვნილ API დოკუმენტაციას. ის ასევე გვთავაზობს AI ასისტენტს, რომელიც დოკუმენტაციის გასაუმჯობესებლად NLP-ის (Natural Language Processing) იყენებს. ამაში შედის განსხვავებული API ატრიბუტების აღწერა, რომლებიც ნაწილია API სპეციფიკაციისა და სჭირდება დეველოპერს ინფორმაციის მოთხოვნისთვის, გაგზავნისთვის, წაშლისთვის და ა.შ.
"ჩვენი AI ასისტენტი ამუშავებს აღწერას ველებისთვის, რომლის შექმნაც ხშირად დეველოპერს ან ტექნიკურ პერსონალს დიდ დროს ართმევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენს API-ში ათასობით ველია", — განაცხადა ანა რობაქიძემ TechCrunch-თან.
მიუხედავად იმისა, რომ Theneo პროცესის მაქსიმალურად ავტომატიზაციისთვის არის შექმნილი, ბუნებრივია, ის აბსოლუტურად მზა API დოკუმენტაციას ვერ მიაწოდებს, დეველოპერებსა და გუნდის სხვა წევრებს მოუწევთ ფორმატებისა და ფორმულირებების დაზუსტება, გამოსახულებების დამატება და ა.შ.
"ჩვენ ვაანალიზებთ API-ს, ვმართავთ და ვაბრუნებთ უკვე კარგად სტრუქტურირებულ API დოკუმენტს, მომხმარებელს კი შემდეგ თავად შეუძლია აარჩიოს დაამატებს თუ არა ისეთ დეტალებს, როგორიც გამოსახულებები, განსხვავებული API ვიჯეტებია", — ამბობს ანა რობაქქიძე.
მიუხედავად იმისა, რომ Theneo-ს ძრავა როგორც გარე, ისე შიდა API-სთვის ანალოგიურია, კომპანია ამ უკანასკნელისთვის დამატებით ინსტრუმენტებს გვთავაზობს, ითვალისწინებს რა დეველოპერებს, რომლებიც სასიამოვნო, მარტივ ინტერფეისს აფასებენ. საბოლოო ჯამში ვიღებთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება ადაპტირდეს კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
რაც შეეხება ფასს, Theneo-ს ამჟამად ორი პაკეტი აქვს. საბაზისო თვეში 20 დოლარი ღირს, ხოლო ბიზნეს პაკეტის ფასი, რომელიც შეუზღუდავ API პროექტებს გვთავაზობს, 45 დოლარამდე მიდის. ის ასევე გვთავაზობს კორპორაციულ პაკეტს, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის დამატებით ფუნქციებს და მუშაობს სრულად უფასო ვერსიაზე.
დაფინანსება
სტარტაპ აქსელერატორ Y Combinator-ის წევრმა Theneo-მ 1.5 მილიონი დოლარის რაოდენობის წინასწარი დაფინანსება ერთი წლის წინ დაარსებისთანავე მოიპოვა და ამ კვირას დადასტურდა, რომ ის დამატებითი დაფინანსების ძიებაშია. გარდა ამისა, სტარტაპმა წარადგინა დოკუმენტაციის ახალი ედიტორი, რომელსაც ანა რობაქიძემ API-ს Figma უწოდა. ედიტორი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს პროექტში წვლილი შეიტანოს, მიუხედავად მათი ტექნიკური შესაძლებლობებისა.
"ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ API-სა და API დოკუმენტაციის შექმნისას ძალიან ბევრი მოთამაშე იკვეთება, რომელთა თანამშრომლობაც აუცილებელია. სწორედ ისე, როგორც თანამშრომლობის კუთხით ეს Figma-მ გააკეთა, ჩვენი API დოკუმენტაციის ედიტორი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს რომ ითანამშრომლონ, შესაბამისად მენეჯერებსა და გუნდის არატექნიკურ წევრებს მარტივად შეუძლიათ იმუშაონ ერთად და მიაწოდონ მაღალი ხარისხის დოკუმენტები", — განაცხადა ანა რობაქიძემ TechCrunch-თან საუბრისას.
მისი განცხადებით, კომპანია მზადაა ნებისმიერი ზომისა და ტიპის ბიზნესთან თანამშრომლობისათვის და ამჟამად მუშაობს 3000 კომპანიასთან, ფინტექ კომპანიებიდან დაწყებული, სამთავრობო სააგენტოებითა და აგრარული კომპანიებით დამთავრებული.
რობაქიძის თქმით, კომპანიის ყველაზე დიდი კლიენტები ძირითადად 20-ზე მეტი დეველოპერისგან შემდგარი ფინტექ კომპანიები არიან.
გასაკვირი არ არის, რომ Theneo-ს განსაკუთებით ფინტექი იზიდავს, რადგან კომპანიის იდეალი, Stripe, გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფინტექ სტარტაპია. Stripe კარგად არის ცნობილი თავისი გადახდის დამუშავების API-ით, რომელსაც ისეთი გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიები იყენებენ, როგორიც Google და Amazon არიან და მის პოპულარობაში უდიდეს როლს სწორედ დოკუმენტაცია ასრულებს, რომელსაც კომპანიები იღებენ.
ანა რობაქიძის თქმით, Stripe-ის ინტეგრაციაზე მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნო იმიტომ არის, რომ მათი API დოკუმენტაცია ძალიან კარგად არის ორგანიზებული, აქვს კარგად გააზრებული სამომხმარებლო ინტერფეისი და ამარტივებს დეველოპერთათვის იმ ინფორმაციის მიღებას, რომელიც ინტეგრაციისთვის არის საჭირო, როცა Stripe-ის ალტერნატივებზე მუშაობას ორჯერ მეტი დრო მიაქვს აუცილებელი API ინფორმაციის მოძიების სირთულის გამო. დეველოპერებს უყვართ Stripe-ის API დოკუმენტაცია, ამიტომაც მათ სურდათ რომ სხვა ბიზნესებსა და დეველოპერებსაც ჰქონოდათ მაღალი ხარისხის დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ Theneo TechCrunch-ის რჩეულებს შორის მოხვდა და 18-20 ოქტომბერს, ამ გამოცემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე — Disrupt სპეციალური სტენდითაც იყო წარმოდგენილი.
კომენტარები