გაიცანით ქართული სტარტაპი, რომლის პროდუქტსაც უკვე 2000-მდე კომპანია იყენებს — Theneo
თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მოსახერხებელ ციფრულ პროდუქტს აპლიკაციები წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ისინი ყოველდღიური რუტინული საქმეების დაძლევაში გვეხმარებიან, დაწყებული სახლის მცენარეების მორწყვის შეხსენებით, დასრულებული აქციების ფასების დინამიკის ჩვენებით, აპლიკაციები უამრავ პრობლემას ჭრიან და ახალი შესაძლებლობების შექმნასაც უწყობენ ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ამ პროდუქტის ფლობა არსებითად მნიშვნელოვანია არამხოლოდ დიდი ბრენდებისთვის, არამედ პატარა ბიზნესებისთვისაც. აპლიკაცია ნებისმიერი ზომის ბიზნესის ინტეგრაციულ ნაწილად იქცა და მომხმარებლისთვის რელევანტური ციფრული გამოცდილების შექმნამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
ამ პროდუქტის შესაქმნელად აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის — API-ის დაწერაა საჭირო, რომელიც კლასების, ფუნქციებისა და პროცედურების მზა კომპლექტს წარმოადგენს. აპლიკაციაში ინტეგრირების შემდეგ იგი ოპერაციულ სისტემასთან, ან სხვა პროგრამასთან სამუშაოდ გამოიყენება. რაც შეეხება API დოკუმენტაციას, ეს ტექნიკური მასალა API-ების ეფექტიანი გამოყენებისა და ინტეგრაციის შესახებ დეტალურ ინსტრუქციას და მაგალითებს შეიცავს.
ასევე იხილეთ: რა არის API და რატომ არის ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
აქედან გამომდინარე, დახვეწილი აპლიკაციისა და მომხმარებლისთვის კარგი გამოცდილების შექმნაში API დოკუმენტაცია ცალსახად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი, ხშირად, მოძველებული და უხარისხოა. ეს პრობლემა ქართველი სტარტაპერებისთვის, ანა რობაქიძისა და მარია დოლიაშვილისთვის ისეთი პლატფორმის შექმნის შთაგონებად იქცა, რომელიც API დოკუმენტაციის მომზადების პროცესის ავტომატიზაციას მოახდენდა და ამით დეველოპერებს საქმეს გაუმარტივებდა. იდეაზე დაყრდნობით მათ სტარტაპი Theneo შექმნეს.
"Theneo-ის შექმნის იდეა ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებზე დაკვირვებით გაგვიჩნდა. API დოკუმენტაციის სრული უმრავლესობა, რაც სამსახურში ყოველდღიურად მხვდებოდა, უხარისხო და მოძველებული იყო. ეს მათი ინტეგრაციის პროცესს ართულებდა და ახანგრძლივებდა. ამ დროს ბაზარზე არსებული ყველა პლატფორმა მოვსინჯე, რაც API დოკუმენტაციის აწყობის საშუალებას იძლეოდა, თუმცა სასურველი შედეგი არცერთ მათგანს არ მოუცია. ამრიგად, გადავწყვიტე, სასურველი პლატფორმა თავადვე შემექმნა", — გვიყვება ანა რობაქიძე.
თანადამფუძნებლის თქმით, API დოკუმენტაცია მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. Theneo-ის დაარსებამდე იგი ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანია Clientela-ში ინჟინერიის ხელმძღვანელად მუშაობდა. აქ ყოფნისას ის კომპანიას 200-ზე მეტი API-ის, მათ შორის კი Salesforce-ის, Shopify-ის, Magneto-ის, Stripe-ისა და Paypal-ის API-ების ინტეგრაციაში დაეხმარა.
"API-ებთან და ინტეგრაციებთან მუშაობა ყოველდღიურად მიწევდა. უამრავი API დოკუმენტი მაქვს მომზადებული და, ჩემი გამოცდილების საფუძველზე, ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს უკანასკნელი პროექტის დასასრულებლად და რამდენად დიდ გავლენას ახდენს იგი KPI-ებზე", — ამბობს იგი.
Theneo-ს მეორე თანადამფუძნებელი და სტარტაპის მთავარი ტექნიკური დირექტორი, მარია დოლიაშვილი, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის მკვლევარი და ინჟინერია. იგი Theneo-ში აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კონტენტის ავტომატიზაციაზე. მარიას აქამდე ისეთ დიდ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორებიც Facebook, Deepmind, Google და Twitter არიან.
სტარტაპის მთავარ აუდიტორიას დეველოპერები წარმოადგენენ, რომლებიც დოკუმენტაციის წერას ხშირად არიდებენ თავს. ანას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ამისთვის არც საკმარისი დრო აქვთ და აკადემიური წერის უნარებითაც არ გამოირჩევიან, API დოკუმენტაცია ხშირად მოძველებული და უხარისხოა ხოლმე.
"ჩვენი სტარტაპი კონტენტის ავტომატიზაციაზე მუშაობს, რაც დეველოპერებისთვის საქმეს ძალიან ამარტივებს. მათ გარდა, Theneo-ის პლატფორმით სარგებლობა გუნდის არატექნიკური წევრებისთვისაც საკმაოდ მარტივია. Theneo-ის გამოყენების შემთხვევაში პროექტ მენეჯერები დეველოპერებზე დამოკიდებული არ იქნებიან, რადგან თვითონაც მარტივად მოახერხებენ შინაარსის რედაქტირებას", — განმარტავს იგი.
Theneo ოფიციალურად 2021 წლის ოქტომბერში დაარსდა, ბეტა ვერსია კი ამავე წლის აგვისტოში გახდა ხელმისაწვდომი. ბოლო რამდენიმე თვეში სტარტაპმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, გახდა TBC Apps Challenge 2021-ის გამარჯვებული და TBC ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტი წლის ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში. გარდა ამისა, დამფუძნებლებმა მონაწილეობა მიიღეს ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit 2021-ში, სტარტაპი TechCrunch-ზე წარადგინეს და Y Combinator-ის — ყველაზე პრესტიჟული სტარტაპ აქსელერატორის წევრებიც გახდნენ.
Theneo-ს დღეს 2000-მდე კომპანია იყენებს. მათ შორის არიან როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კომპანიები. დამფუძნებლები მთავარ მიღწევად დეველოპერების პოზიტიურ უკუკავშირს მიიჩნევენ.
"გასული წლის ნოემბერში, როდესაც Web Summit-ს ვესწრებოდით, ერთ-ერთი დამსწრე Theneo-მ თავიდან დააეჭვა, რადგან თვითონ ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტის, Swagger-ის პროდუქტს იყენებდა და კმაყოფილიც იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენი პლატფორმა დეტალურად დავათვალიერებინეთ, საფულე ამოიღო და გვითხრა, Theneo მიყვარს, მთელ ფულს გაძლევთო. ასეთი უკუკავშირი გვარწმუნებს, რომ ბაზარზე ნამდვილად არსებობს დანაკლისი და სწორ გზას ვადგავართ", — გვიყვება ანა.
სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება. ქვეყანაში ერთად იზრდებიან კომპანიები და ინვესტორებიც. თანადამფუძნებლის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მათ დიდი მხარდაჭერა მიიღეს როგორც სტარტაპებისგან, ასევე მედიისგან თუ საჯარო კომპანიებისგანაც, ასეთი თანადგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად.
API ინდუსტრიაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია კორონავირუსმა. "პანდემიის დაწყების შემდეგ არაერთმა კომპანიამ დაიწყო API-ების გასაჯაროება და სხვადასხვა ინტეგრაციის გადაწყვეტებზე მუშაობა. ამრიგად, ჩვენი პროდუქტი არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა", — აღნიშნავს თანადამფუძნებელი.
ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე რამდენიმე დიდი კომპანიაა, რომლებსაც მომხმარებლები API დოკუმენტაციის შექმნისთვის მიმართავენ ხოლმე. მათ შორისაა Postman, Readme და Swagger. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათგან ტექ. გიგანტების დონის დოკუმენტაციის დამუშავებას არც ერთი გვთავაზობს. რაც მთავარია, არცერთი მათგანი მუშაობს კონტენტის ავტომატიზაციაზე. Theneo ამჟამად ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს კონტენტის (ე.წ. ინსტრუქცია, რომელიც კოდს მოჰყვება) სრულ ავტომატიზაციას სთავაზობს.
"იდეალური დოკუმენტაციის ნიმუშად Stripe ავიღეთ. ეს კომპანია თითქმის 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და უმაღლესი ხარისხის დოკუმენტაციას უზრუნველყოფს. Theneo კი Stripe-ის დონის დოკუმენტაციას როგორც მცირე, ისე საშუალო თუ დიდ კომპანიებს თანაბრად სთავაზობს, ჩვენი პლატფორმის გამოყენება კი, როგორც აღვნიშნე, მარტივია როგორც დეველოპერებისთვის, ასევე გუნდის არატექნიკური წევრებისთვის".
Theneo-ის მომხმარებლების უდიდეს ნაწილს ამერიკული კომპანიები წარმოადგენენ. პლატფორმას იყენებენ წარმატებული ქართული კომპანიებიც, თუმცა, დამფუძნებლებმა აქცენტი თავიდანვე საერთაშორისო ბაზარზე გააკეთეს. გუნდს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს და API მენეჯმენტის სფეროში ლიდერობას აპირებს. ანამ და მარიამ პროდუქტი ProductHunt-ზეც განათავსეს. Theneo-ისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეშეგიძლიათ.
კომენტარები