თმის ქიმიური გასწორება საშვილოსნოს კიბოს რისკს ზრდის — ახალი კვლევა
საშვილოსნოს კიბოს იშვიათი და აგრესიული სახეობა სწრაფად იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ამაში ერთ-ერთი დამნაშავე თმის ქიმიური გასწორება შეიძლება იყოს.
თითქმის 11 წლის განმავლობაში, აშშ-ს გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIEHS) მკვლევრები აკვირდებოდნენ საშვილოსნოს მქონე 33 947 ზრდასრულ ადამიანს. ამ დროის განმავლობაში გამოვლინდა საშვილოსნოს კიბოს 378 შემთხვევა.
მათ, ვინც თმის ქიმიური გამასწორებელი პროდუქტი გამოკითხვამდე 12 თვის განმავლობაში ოთხზე მეტჯერ გამოიყენეს, საშვილოსნოს კიბოს განვითარების 155%-ით მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს გამოუყენებია თმის ქიმიური გამასწორებლები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ, ვინც არასდროს იყენებდა თმის გასასწორებელ საშუალებებს, ჰქონდათ საშვილოსნოს კიბოს განვითარების 1,64%-იანი შანსი. ეს რიცხვი იზრდება 4,05%-მდე მათთვის, ვინც ხშირად ისწორებს თმას ქიმიურად.
ეს შემაშფოთებელი შედეგები მოდის უახლესი კვლევების სერიიდან, რომელიც აკვირდებოდა ფართოდ გამოყენებულ ქიმიკატებს, რომლებიც არღვევს ენდოკრინულ სისტემას. ჭარბი ჰორმონები, როგორებიცაა: ესტროგენი და პროგესტერონი — წარსულში იყო დაკავშირებული საშვილოსნოს კიბოსთან. თმის ბევრ პროდუქტს შეუძლია, მიბაძოს ამ ბუნებრივ ჰორმონებს და დაუკავშირდეს მათ რეცეპტორებს.
2018 წელს მკვლევრებმა 18 ტესტირებულ თმის პროდუქტში აღმოაჩინეს ქიმიკატები, რომლებიც არღვევს ენდოკრინულ სისტემას. უფრო მეტიც, იდენტიფიცირებული ქიმიკატების 84% არ იყო ჩამოთვლილი პროდუქტის ეტიკეტზე, ხოლო 11 პროდუქტი შეიცავდა ქიმიკატებს, რომლებიც აკრძალულია ევროკავშირის Cosmetics Directive-ით ან რეგულირდება კალიფორნიის კანონმდებლობით.
2019 წელს, NIH-ის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თმის მუდმივი საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები ასოცირდება მკერდის კიბოს უფრო მაღალ რისკთან. 2021 წლის კვლევამ კი წარმოაჩინა, რომ თმის მუდმივი საღებავი და გამასწორებელი ქიმიკატები ზრდის საკვერცხის კიბოს რისკსაც. ამ სიას კი, შეიძლება, საშვილოსნოს კიბოს რისკის ზრდაც დაემატოს.
NIH-ის მკვლევრები ჯერ კიდევ არკვევენ თმის პროდუქტებში შემავალ კონკრეტულ ქიმიკატებს, რომლებსაც უკავშირდება კანცეროგენული ეფექტები, მაგრამ პარაბენები, ფტალატები და ფორმალდეჰიდები ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.
ადამიანის სკალპი ადვილად შთანთქავს ქიმიკატებს, რომლებიც კანის სქელ უბნებში რთულად შედის. თმის გასწორებამ ან ფენით გაშრობამ შეიძლება თერმულად დაშალოს ქიმიკატები თმაზე, რაც გამოიწვევს პოტენციურად უფრო სახიფათო ეფექტებს. ავტორების თქმით, კიბოს რისკის ზრდას, დაბალი ფიზიკური აქტივობაც უწყობს ხელს.
"ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია სქესობრივი სტეროიდული ჰორმონების შემცირებასა და ნაკლებ ქრონიკულ ანთებასთან, ამიტომ უფრო მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ქალები, შესაძლოა, ნაკლებად მგრძნობიარენი იყვნენ საშვილოსნოს კიბოს სხვა რისკ-ფაქტორების მიმართ", — აღნიშნავენ მკვლევრები.
ფიზიკურ აქტივობას, თმის პროდუქტებსა და საშვილოსნოს კიბოს შორის კორელაციის დასადგენად მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე, აუცილებელია, გვესმოდეს, თუ როგორ მოქმედებს ეს პროდუქტები ჩვენს ჯანმრთელობაზე.
კომენტარები