გაიცანით ნეანდერტალელების ოჯახი — ახალი კვლევა მათ სოციალურ ორგანიზებაზე გვიყვება
"პირველად, შეგვიძლია გამოვიყენოთ გენეტიკა ნეანდერტალელთა თემის სოციალური ორგანიზების შესასწავლად".
ნეანდერტალელის გენომის პირველი პროექტი გამოქვეყნდა 2010 წელს. მას შემდეგ, მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს კიდევ 18 გენომი 14 სხვადასხვა არქეოლოგიური ადგილიდან მთელ ევრაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გენომები გვაწვდის ინფორმაციას ნეანდერტალელის ისტორიის უფრო ფართო შტრიხებზე, ჩვენ ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცით მათი ცალკეული თემების შესახებ.
ნეანდერტალელების სოციალური სტრუქტურის შესასწავლად მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს სამხრეთ ციმბირს, რეგიონს, რომელიც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო უძველესი დნმ-ის კვლევისთვის, რადგან სწორედ აქ აღმოაჩინეს დენისოველი ჰომინინის ნაშთები ცნობილ დენისოვას გამოქვაბულში. ამ ადგილზე ჩატარებული სამუშაოდან ვიცით, რომ ნეანდერტალელები და დენისოველები იმყოფებოდნენ ამ რეგიონში ასობით ათასი წლის განმავლობაში და ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, რაც დამტკიცდა დენისოველი მამისა და ნეანდერტალელი დედის ბავშვის აღმოჩენით.
ნეანდერტალელების პირველი თემი
ახალ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ნეანდერტალელთა ნაშთებზე ჩაგირსკაიასა და ოკლადნიკოვის გამოქვაბულებში, რომლებიც დენისოვას მღვიმიდან 100 კილომეტრის მოშორებითაა. ნეანდერტალელებმა ეს ადგილები დაახლოებით 54 000 წლის წინ დაიკავეს. მკვლევრებმა წარმატებით აიღეს დნმ ნეანდერტალელების 17 ნაშთიდან, რაც ნეანდერტალელთა ნაშთების ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ერთ კვლევაში.
ჩაგირსკაიას მღვიმეს ბოლო 14 წლის განმავლობაში თხრიდნენ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრები. რამდენიმე ასეული ათასი ქვის ხელსაწყოსა და ცხოველის ძვლების გარდა, მათ ასევე აღმოაჩინეს ნეანდერტალელების ძვლისა და კბილის 80-ზე მეტი ფრაგმენტი, რაც ამ ერთ ნამარხზე ნეანდერტალელების ყველაზე დიდი რაოდენობრივი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში.
ნეანდერტალელები ჩაგირსკაიასა და ოკლადნიკოვში ნადირობდნენ ალპურ გარეთხებზე, ცხენებზე, ბიზონებსა და სხვა ცხოველებზე, რომლებიც მიგრირებდნენ მდინარის ხეობებში, რომლებსაც გამოქვაბულები გადაჰყურებენ. ისინი აგროვებდნენ ნედლეულს ქვის ხელსაწყოებისთვის ათეულობით კილომეტრის მოშორებით, ხოლო ერთი და იმავე ნედლეულის გამოჩენა ჩაგირსკაიასა და ოკლადნიკოვის გამოქვაბულებში ასევე ადასტურებს გენეტიკურ მონაცემებს, რომ ამ ადგილებში მცხოვრები ჯგუფები მჭიდრო კავშირში იყვნენ.
დენისოვას გამოქვაბულიდან ნამარხი ფეხის წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელები ალტაის მთებში ბევრად ადრეც ბინადრობდნენ, დაახლოებით, 120 000 წლის წინ. გენეტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ნეანდერტალელები ჩაგირსკაიასა და ოკლადნიკოვის გამოქვაბულებიდან არ არიან ამ ადრეული ჯგუფების შთამომავლები, არამედ უფრო ახლოს არიან ევროპელ ნეანდერტალელებთან. ამას ადასტურებს არქეოლოგიური მასალაც: ჩაგირსკაიას გამოქვაბულის ქვის იარაღები ყველაზე მეტად ჰგავს გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ცნობილ ე.წ. მიკოკის კულტურას.
17 ნაშთი ეკუთვნოდა 13 ნეანდერტალელს — 7 კაცსა და 6 ქალს, რომელთაგან 8 ზრდასრული და 5 ბავშვი და მოზარდი იყო. მათ მიტოქონდრიულ დნმ-ში მკვლევრებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ე.წ. ჰეტეროპლაზმია, რომლებიც გაზიარებულია ინდივიდებს შორის. ჰეტეროპლაზმები არის გენეტიკური ვარიაციის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც გრძელდება მხოლოდ თაობების მცირე რაოდენობაში.
ყველაზე აღმოსავლელი ნეანდერტალელები
აღმოჩენებს შორის იყო ნეანდერტალელი მამისა და მისი მოზარდი ქალიშვილის ნაშთები. მკვლევრებმა ასევე იპოვეს მეორე ხარისხის ნათესავები: ახალგაზრდა ბიჭი და ზრდასრული ქალი, შესაძლოა, ბიძაშვილი, დეიდა ან ბებია. ჰეტეროპლაზმებისა და მასთან დაკავშირებული ინდივიდების ერთობლიობა მტკიცედ მეტყველებს იმაზე, რომ ჩაგირსკაიას გამოქვაბულში ნეანდერტალელები დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ცხოვრობდნენ და მოკვდნენ.
"ფაქტი, რომ ისინი ერთდროულად ცხოვრობდნენ, ძალიან ამაღელვებელია. ეს ნიშნავს, რომ ისინი, სავარაუდოდ, ერთი და იმავე სოციალური თემის წევრები იყვნენ. ასე რომ, პირველად, შეგვიძლია გამოვიყენოთ გენეტიკა ნეანდერტალელთა თემის სოციალური ორგანიზების შესასწავლად", — ამბობს ლაურიც სკოვი, რომელიც ამ კვლევის პირველი ავტორია.
კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა არის ძალიან დაბალი გენეტიკური მრავალფეროვნება ნეანდერტალელთა თემში, რომელიც დაკომპლექტებული იყო 10-დან 20-მდე ინდივიდით. ეს ბევრად დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ნებისმიერი დაფიქსირებული უძველესი ან დღევანდელი ადამიანური თემის შემთხვევაში და უფრო ჰგავს გადაშენების პირას მყოფი სახეობების ჯგუფის ზომას.
თუმცა, ნეანდერტალელები არ ცხოვრობდნენ სრულიად იზოლირებულ თემებში. Y-ქრომოსომის — რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა მამიდან შვილს — გენეტიკური მრავალფეროვნების შედარებით მიტოქონდრიული დნმ-ის მრავალფეროვნებასთან — რომელიც მემკვიდრეობით მიიღება დედებისგან — მკვლევრებს შეუძლიათ, უპასუხონ კითხვას: ვინ გადაადგილდებოდა თემებს შორის — მამაკაცები თუ ქალები?
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მიტოქონდრიული გენეტიკური მრავალფეროვნება გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე Y ქრომოსომის მრავალფეროვნება, რაც მიგვანიშნებს, რომ ნეანდერტალელების ეს თემები, ძირითადად, ქალთა მიგრაციით იყო დაკავშირებული. დენისოვას გამოქვაბულთან სიახლოვის მიუხედავად, როგორც ჩანს, მიგრაციები არ ეხებოდა დენისოველებს, რადგან მკვლევრებმა ვერ იპოვეს დენისოველის გენის გადინების მტკიცებულება ჩაგირსკაიას ნეანდერტალელებში ამ ინდივიდებამდე ბოლო 20 000 წლის განმავლობაში.
ბენჯამინ პიტერის, კვლევის თანაავტორის, აზრით, მათი კვლევა "გვთავაზობს კონკრეტულ სურათს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ნეანდერტალელთა თემი", რაც, მისი მტკიცებით, "ნეანდერტალელებს უფრო მეტად ამსგავსებს ადამიანებს".
კომენტარები