ჯეიმს ვების ტელესკოპმა ცნობილი შემოქმედების სვეტების უაღრესად დეტალური ფოტო გადაიღო
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ცნობილი შემოქმედების სვეტების — სადაც ახალი ვარსკვლავები გაზისა და მტვრის მკვრივ ღრუბლებში ყალიბდება — უაღრესად დეტალური ფოტო გადაიღო. ეს სამგანზომილებიანი სვეტები დიდებულ კლდოვან წარმონაქმნებს ჰგავს და შედგება ვარსკვლავთშორისი გაზისა და მტვრისგან, რომლებიც ზოგჯერ ნახევრად გამჭვირვალე ჩანს ახლო ინფრაწითელ შუქზე.
ახალი ხედი შემოქმედების სვეტებისა, რომელიც პირველად 1995 წელს ჰაბლმა აღბეჭდა, დაეხმარება მკვლევრებს, განაახლონ ვარსკვლავების წარმოქმნის მოდელები ახლადფორმირებული ვარსკვლავებისა და რეგიონში გაზისა და მტვრის რაოდენობის ბევრად უფრო ზუსტი იდენტიფიცირებით. გარკვეული დროის შემდეგ, მკვლევრები უკეთ გაიგებენ, თუ როგორ წარმოიქმნება და იშლება ვარსკვლავები ამ მტვრიანი ღრუბლებიდან მილიონობით წლის განმავლობაში.
ახლადფორმირებული ვარსკვლავები ვების Near-Infrared Camera-ის (NIRCam) ამ სურათზე ყურადღების ცენტრშია. ესენი კაშკაშა წითელი ორბებია, რომლებსაც, ჩვეულებრივ, აქვს დიფრაქციული მწვერვალები და მდებარეობს ერთ-ერთი მტვრიანი სვეტის გარეთ. როდესაც გაზისა და მტვრის სვეტებში წარმოიქმნება საკმარისი მასის კვანძები, ისინი იწყებს ნგრევას საკუთარი გრავიტაციის ქვეშ, ნელ-ნელა თბება და საბოლოოდ ქმნის ახალ ვარსკვლავებს.
რაც შეეხება იმ ტალღოვან ხაზებს, ლავას რომ მოგვაგონებს, ისინი ამოფრქვევებია ვარსკვლავებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ყალიბდებიან გაზსა და მტვერში. ახალგაზრდა ვარსკვლავები პერიოდულად ისვრის ზებგერით ჭავლებს, რომლებიც ეჯახება მატერიის ღრუბლებს, როგორც ამ სქელი სვეტების შემთხვევაშია. ეს ხანდახან იწვევს რკალისებრ შოკებს, რომლებიც ნავის მიერ ზღვაზე ცურვისას შექმნილ ტალღებს მოგვაგონებს. ჟოლოსფერი ბზინვარება მოდის წყალბადის მოლეკულებიდან, რომლებიც წარმოიქმნება ჭავლებისა და შოკების შედეგად, რაც კარგად ჩანს ზემოდან მეორე და მესამე სვეტებში. ეს ახალგაზრდა ვარსკვლავები მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი წლისაა.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ახლო ინფრაწითელმა სინათლემ ვებს საშუალება მისცა, გაჭრილიყო ღრუბლებში, რათა გამოეჩინა დიდი კოსმოსური მანძილი სვეტებს მიღმა, თუმცა ამ ხედში, რეალურად, გალაქტიკები არ არის. ამის ნაცვლად, წარმოდგენილია გამჭვირვალე გაზისა და მტვრის ნაზავი, რომელიც ცნობილია როგორც ვარსკვლავთშორისი მედიუმი და ირმის ნახტომის გალაქტიკის დისკის ყველაზე მჭიდრო ნაწილში ბლოკავს ჩვენს ხედს ღრმა სამყაროზე.
კომენტარები