ოკლენდის პოლიციას რობოტების შეიარაღება სურს – რა უნდა ვიცოდეთ
შესაძლოა, ადამიანებთან ერთად, ახლო მომავალში პოლიციელის მოვალეობა რობოტებმაც შეითავსონ.
The Intercept-ის ცნობით, ოკლენდის პოლიციამ გასულ წელს მთავარ პრიორიტეტად პერკუსიით მოქმედი არაელექტრული დეზინტეგრატორი (PAN disruptor) დაასახელა.
PAN-ი ცეცხლსასროლი იარაღის ფორმის მოწყობილობაა, რომელიც ბორბლებიან რობოტებზე მაგრდება. ამ ტექნიკას ძირითადად საომარ ზონებსა და განაღმვის ოპერაციებში იყენებენ. ის შეიძლება დაიტენოს როგორც ცარიელი ვაზნებითა და წყლით, ისე საბრძოლო მასალითაც, რაც ფართომასშტაბიანი გამოყენების პერსპექტივით ნამდვილად შემაშფოთებელია.
"შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ კონკრეტული საშუალების გონივრული ვარიანტი, თუმცა სულ მცირე მოდიფიკაციებით, ან უბრალოდ განსხვავებული ამუნიციით, ის მარტივად შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად დემოკრატული აზრთა სხვადასხვაობის წინააღმდეგ", – განაცხადა რობოტიზებული შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის წევრმა ლიზ ო'სალივანმა.
2021 წლის სუბკომიტეტის შეხვედრაზე დასმულ კითხვას, აპირებდნენ თუ არა ნამდვილი ტყვიებით მანქანების შეიარაღებას, ოკლენდის პოლიციის განყოფილების წარმომადგენელმა უარყოფითი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მოწყობილობის გამოყენების წესების შემუშავებისას, განყოფილების აზრი შეიცვალა.
ლეიტენანტმა ომარ დაზა-ქიროსმა, რომელიც შეხვედრაზე განყოფილებას წარმოადგენდა, კომიტეტს განუცხადა, რომ წესებში აკრძალვის ჩამატება არ სურდა, ვინაიდან წინასწარ ვერ ეცოდინებოდათ, დადგებოდა თუ არა სიტუაცია, როცა იარაღის გამოყენება იქნებოდა საჭირო.
შემდგომი კვირების განმავლობაში საკითხის ირგვლივ დავის მიმდინარეობისას პოლიციის განყოფილება აცხადებდა, რომ გამოიყენებდა მკვლელ მანქანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია კატასტროფული, მაღალი რისკის შემცველი და მასებისათვის საშიში იქნებოდა.
პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს კონკრეტული კატასტროფული ან სახიფათო სიტუაციის რაიმე წერილობითი აღწერა, რომელიც განსაზღვრავს მსგავსი შეიარაღების გამოყენების რაციონალურ დროს. ეს კი სიტუაციას სრულად პოლიციის ინდივიდუალური შეფასების იმედად ტოვებს.
კომიტეტმა თავისი ნაწილობრივ გაიტანა და შეიარაღებული რობოტებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ამკრძალავი დადგენილება მაინც მიიღო, თუმცა პოლიციას მაინც მიეცა უფლება, მანქანები წიწაკის სპრეით შეაიარაღოს.
"ახლო მომავალში რობოტებს ლეტალური ვაზნებით არ შევაიარაღებთ, როცა დრო მოვა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მოვლენა იქნება შეფასებული", – განაცხადა ლეიტენანტმა
რეგულაციები ოკლენდის საბჭოს ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა მიუხედავად მოსალოდნელი შედეგისა, ტენდენცია დაფიქრების მიზეზს მაინც იძლევა. ოკლენდის პოლიციის განყოფილება არ არის ერთადერთი, რომელსაც აშშ-ში PAN-ის გამოყენების დაშვება სურს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ადამიანებთან ერთად, ახლო მომავალში პოლიციელის მოვალეობა რობოტებმაც შეითავსონ.
კომენტარები