უნიკალური სანახაობა — ESA იუპიტერის დაბნელების თვალწარმტაც კადრებს ავრცელებს
მზისა და მთვარის დაბნელება ყველას გაგვიგონია, მაგრამ იუპიტერის დაბნელებაზე რას იტყვით? დედამიწიდან მსგავს რამეს ვერ დაინახავთ, თუმცა ჩვენი პლანეტის მიღმა, წითელი პლანეტის შესასწავლად გაშვებული კოსმოსური ზონდი უნიკალური სანახაობის მომსწრე გახდა.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს აპარატმა Mars Express დააფიქსირა, როგორ ჩაიარა მარსის პატარა ბუნებრივმა თანამგზავრმა დეიმოსმა მასა და იუპიტერს შორის, რა დროსაც, ზონდის პერსპექტივიდან, მზის სისტემის აირის გიგანტი გადაფარა.
დეიმოსმა იუპიტერის გალილეისეული თანამგზავრებიც "დააბნელა" — იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. 14 თებერვალს, როცა კამერამ ეს თვალწარმტაცი კადრები გადაიღო, მარსს მეზობელი პლანეტისგან 745 მილიონი კილომეტრი აშორებდა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ვიდეო 80 სურათისგანაა შედგენილი. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ციური სხეულების ასეთი განლაგება უჩვეულოა, რადგან ამისთვის დეიმოსი იუპიტერის თანამგზავრების ორბიტულ სიბრტყეზე უნდა მოძრაობდეს.
ახალი კადრები მეცნიერებს დეიმოსის ორბიტისა და პოზიციის ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარა, რაც დედამიწიდან ძნელია, რადგან ეს მცირე ზომის ობიექტი ძალზე მკრთალია. მისი და მარსის მეორე თანამგზავრის, ფობოსის ტრაექტორიის უკეთ შესწავლა საშუალებას მოგვცემს, მათი წარმომავლობის შესახებ მეტი შევიტყოთ.
ასევე, შესაძლებლობა გვექნება, უკეთესი მოდელები შევქმნათ, რომლებიც მათ მომავალს გვიჩვენებს. ცნობილია, რომ ფობოსი ნელ-ნელა მარსს უახლოვდება, რის გამოც ამ უკანასკნელის გრავიტაცია მას ან ნაწილებად დაშლის, ან შეჯახებას გამოიწვევს. დეიმოსი კი წითელ პლანეტას შორდება, ამიტომ ერთ დღესაც მის მიზიდულობას თავს დააღწევს.
კომენტარები