მეცნიერებმა ქარვაში შემონახული, 35 მილიონი წლის წინანდელი უცნობი მწერი აღმოაჩინეს
მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა ქარვაში შემონახული მწერი აღმოაჩინა, რომელიც აქამდე უცნობ სახეობას მიეკუთვნება. ნიმუშის ასაკი 35-47 მილიონი წელია.
მას შტუტგარტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში მომუშავე არნოლდ სტენზაკმა მიაკვლია. მწერი ერთდღიურების რიგში ერთიანდება და სპეციალისტთა მიერ Calliarcys antiquus-ად წოდებული სახეობის წარმომადგენელია.
მის შესწავლასა და იდენტიფიცირებაში დიდი წვლილი გრანადის უნივერსიტეტის ზოოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ ხავიერ ალბა-ტერსედორს მიუძღვის, რომელმაც ამ პაწაწინა არსების მკაფიო გამოსახულებები მიკროტომოგრაფიის მეშვეობით მოიპოვა.
"ქარვაში ასეთი ნიმუშები ხშირად ძალიან კარგად ინახება, გარემომცველი მატერიის გამჭვირვალობა კი მიკროსკოპით მათი შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ამის მიუხედავად, ზოგიერთ შემთხვევაში მუქი არეალები დეტალებზე დაკვირვებას აძნელებს", — აცხადებს ხავიერ ალბა-ტერსედორი.
როცა გამჭვირვალობა საკმარისი არაა, მეცნიერები რენტგენული მიკროტომოგრაფიის ტექნოლოგიას იყენებენ. სწორედ ამ მეთოდს მიმართეს უკანასკნელ შემთხვევაშიც, შემდეგ კი ეს მწერი იმავე გვარის სხვა სახეობებს შეადარეს, რაშიც ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ენტომოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე რომან გოდანკო მონაწილეობდა. დამატებით, მათმა კოლეგებმა გენეტიკური და მოლეკულური მონაცემებიც შეაგროვეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები