ჩინურმა მავალმა მარსზე უძველესი წყალდიდობების სავარაუდო კვალს მიაგნო
რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ძველად მარსზე წყლის უზარმაზარი ბუნებრივი რეზერვუარები არსებობდა. ამაზე მიუთითებს ბოლო სიახლეც, რომელიც ჩინური მავალის Zhurong მიერ წითელ პლანეტაზე ადრინდელი წყალდიდობების სავარაუდო კვალის მიგნებას ეხება.
ასევე, იხილეთ: ჩინურმა აპარატებმა მარსზე ძველად ოკეანის არსებობის სავარაუდო მტკიცებულებას მიაგნო
მეცნიერებმა ამგვარი დასკვნა აპარატზე დამონტაჟებული რადარის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით გამოიტანეს. ხსენებული ხელსაწყოს მეშვეობით საშუალება გვეძლევა, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირის სიღრმეში არსებული არეალი შევისწავლოთ.
კერძოდ, Zhurong-ის რადარი უტოპიის დაბლობის სახელით ცნობილი რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაწვდის ინფორმაციას. მისი ტალღები 100 მეტრამდე სიღრმეზე აღწევს, უკან წამოსული, არეკლილი სიგნალებით კი იქაურ მიდამოსა თუ შემადგენლობაზე ბევრ რამეს ვიგებთ.
შესწავლილი 80 მეტრის ფარგლებში ხელსაწყოს წყალი არ დაუფიქსირებია, თუმცა 2 ჰორიზონტალურ ფენას მიაგნო, რომელშიც ქვების დაბლა მოქცეული კლდოვანი წარმონაქმნები გამოავლინა. მათგან პირველი და ყველაზე ახალგაზრდა 10-30 მეტრ სიღრმეზეა განლაგებული, მეორე კი (უფრო ძველი და სქელი) — 30-80 მეტრზე.
ისინი შესაძლოა, წყალდიდობების მიერ ერთად მოგროვებული დანალექი იყოს, რომელმაც მსგავსი ფორმა მიიღო. მეცნიერთა ვარაუდით, ზედაპირთან ახლოს მდებარე ფენა 1.6 მილიარდი წლის წინ მომხდარმა წყალდიდობამ წარმოქმნა, ხოლო მეორე — დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინანდელმა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ რადგან ამ სტრუქტურების კვალი მხოლოდ რადარით დააფიქსირეს და ისინი ფიზიკურად არ გამოუკვლევიათ, დანამდვილებით ვერაფერს იტყვიან. არსებობს შანსი, რომ ეს ფენები ვულკანური წარმოშობის იყოს და დანალექთან კავშირი სულაც არ ჰქონდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები