Apple-ს წარმოება ჩინეთიდან ინდოეთში გადააქვს — რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება
ჩინეთში კოვიდ 19-ის შეზღუდვებისა (რომლებიც დღემდე გრძელდება) და აშშ-სა და კომუნისტურ მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე Apple-მა წარმოების ჩინეთიდან ინდოეთში გადატანა დაიწყო. ინდოეთში უკვე დაიწყეს iPhone 14-ის გამოშვება; ის ინდოეთის შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უახლეს iPhone-ს მისი გამოშვებიდან რამდენიმე კვირაში ადგილობარივადაც აწარმოებენ.
Apple-მა თავისი ახალი მოდელის iPhone 14 სექტემბერში წარადგინა. მას აქვს მეტად დახვეწილი კამერა, სწრაფი პროცესორი და ბატარეა, რომელიც საკმაოდ დიდხანს უძლებს.
ინდოეთი ჩინეთის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე დიდი სმარტფონების ბაზარია და Apple იქ მობილურებს 2017 წლიდან აწყობს. თუმცა დღემდე მთელი აქცენტი არა წარმოებაზე, არამედ ძველი მოდელების აწყობაზე იყო გაკეთებული.
JP Morgan-ის ანგარიშის მიხედვით, Apple-ის მიზანია, რომ 2025 წლისთვის iPhone 14-ის (და მისი ყველა სხვა პროდუქციის) მეოთხედი ინდოეთში აწარმოოს. იმავე პერიოდისთვის კომპანია აპირებს, რომ iPad-ებისა და Apple Watch-ების მეხუთედი და AirPod-ების ნახევარზე მეტი ვიეტნამში გამოუშვას.
ბოლო პერიოდში აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა, რაც Apple-ს მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის.
ამ ზაფხულს თაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის, ჩასვლის შემდეგ Apple-მა სთხოვა თაივანელ მიმწოდებლებს — მათ შორის ჩიპების მწარმოებლებს — რომ საკუთარ პროდუქციას დააწერონ, დამზადებულია "ჩინეთის თაიფეიში", რათა თანხვედრაში იყოს ჩინურ კანონმდებლობასთან, რომელიც ითხოვს, რომ არც ერთ იმპორტირებულ პროდუქტზე არ იყოს კუნძული კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად ნახსენები.
ამის საპირისპიროდ, თაივანის რეგულაციებით ყველა პროდუქტს ზედ უნდა ეწეროს "თაივანი" ან ქვეყნის ოფიციალური სახელი — "ჩინეთის რესპუბლიკა".
Apple-ის მხრიდან თაივანელი მწარმოებლებისთვის წაყენებულ მოთხოვნას მსოფლიოში თაივანის დამოუკიდებლად არსებობის უარყოფად მიიჩნიეს და კომპანია მკაცრად გააკრიტიკეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევამდე Apple-მა ჩინეთისა და ჰონგ კონგის მომხმარებელთა ემოჯიების კლავიატურიდან თაივანის დროშაც ამოიღო. როგორც ჩანს, ამ ზომებს Apple ჩინეთში თავისი უზარმაზარი ქარხნებისა და ჩინელი მომხმარებლების (რომლებიც კომპანიის პროდუქციის თითქმის მეოთხედს ყიდულობენ) შესაკავებლად მიმართავდა. უცნობია, რამდენად შეიცვლება მისი პოზიცია წარმოების ინდოეთში გადატანის შემდეგ.
კომენტარები