ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე გავრცელებული სფერო ჩინეთში გაცნობითი აპებია — გაიგეთ, რატომ
ბოლო ორ წელიწადში ჩინეთში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი წნეხია. ეს გამოიხატება მთავრობის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯებით — ვიდეო თამაშების შეზღუდვით, მსხვილი ონლაინ სავაჭრო პლატფორმების რამდენიმე მილიარდი დოლარით დაჯარიმებით და სხვა. ზოგიერთი ჩინელი ტექ ტიტანი, როგორიცაა, მაგალითად, ალიბაბას დამფუძნებელი ჯეკ მა, უკვე საჯაროდ თითქმის არც ჩნდება.
თუმცა არის ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთი სფერო, რომელიც ჩინეთში ყვავის — ეს არის გაცნობითი აპლიკაციები
ანალიტიკური კომპანია data.ai-ის მიხედვით, ჩინეთში გაცნობითი აპლიკაციების რაოდენობა, რომელთაც 1000-ზე მეტი გადმოწერა აქვთ, 275-მდე გაიზარდა (შედარებისთვის მათი რაოდენობა 2017 წელს 81 იყო). PitchBook-ის მიხედვით, ინვესტორებმა სოციალური კავშირების აპლიკაციებში შარშან $5.3 მილიარდი ჩადეს, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი $300 მილიონამდე იყო. ჩინეთის ყველაზე დიდი ტექ კომპანიებიც, როგორიცაა ByteDance და Tencent, ბოლო წლებში აქტიურად ქმნიან და ცდიან ზუსტად გაცნობით აპლიკაციებს.
ეს აპები ჩინეთში ძალიან ვრცელდება და ოფიციალური პეკინიც მათ არ ეხება — ეს ხომ პირადი ცხოვრების სფეროაო. ამას ემატება ჩინეთში შობადობისა და ქორწინების ძალიან დაბალი მაჩვენებელიც და მსგავსი აპებით იმედი მაინც არსებობს, რომ ეს მაჩვენებელი ოდნავ გამოსწორდება.
თუმცა საქმე მთლად ასეც არაა — ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაცნობითი აპები ვირტულურ თავშესაფრად იქცა, რომელიც ადგილს იკავებს სამსახურსა და სახლს შორის და რომელშიც ადამიანები საკუთარ ჰობის, პოპულარულ თემებს განიხილავენ და ახალ მეგობრებსაც იძენენ.
"ძალიან რთულია, ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში შეხვდე", თქვა რაფაელ ჭაომ, 25 წლის ბიჭმა პეკინიდან. ჭაომ Tantan (ტინდერის ჩინური ვარიანტი) აპრილში, პანდემიის დროს გადმოწერა. "ამ პლატფრომებზე ძალიან ბევრი ადამიანია და არის იმედი, რომ საერთო ინტერესის მქონე ადაიანს შევხვდები".
ჩინეთში ადრე გაცნობითი აპების წინააღმდეგ არაერთი ამკრძალავი ზომა მიუღიათ. მაგალითად, 2019 წელს Tantan-ისა და Momo-ს ზოგიერთი ფუნქცია შეზღუდეს იმის გამო, რომ ისინი პორნოგრაფიულ კონტენტს ავრცელებდნენ.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩინეთის რეგულატორულმა ორგანოებმა თითქმის სრულად აკრძალეს, გაცნობითი აპები ყოველთვის ერთგვარი უპირატესობით სარგებლობდნენ, რადგან ისინი კონცენტრირდებიან სოციალურ ინტერაქციაზე და, უტრირებულად რომ ვთქვათ, ჩინელი ხალხის გამრავლებაზე, რაც მთავრობის ინტერესებში შედის. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ჩინეთში არც გეი გაცნობითი აპლიკაციებია აკრძალული. ამ შემთხვევაში ამას სხვა "გამართლება" აქვს — პირობითად, Blued, ყველაზე გავრცელებული გეი გაცნობითი აპი ჩინეთში, გამოიყენება ქვეყანაში აივზე ცნობიერების ასამაღლებად და შიდსის პრევენციისთვის. ამ მიზნით აპი ადგილობრივ მთავრობებთან თანამშროლობს.
გაცნობითი აპების ისტორია ჩინეთში
როდესაც ჩინეთში ინტერნეტი პირველად გაიყვანეს (2000 წელს), ადამიანები სხვების გაცნობაში მეტად დამოუკიდებლები გახდნენ; მეტი სურვილი გაუჩნდათ უცხო პროვინციის, ქალაქის, ქვეყნის ადამიანები გაეცნოთ. ეს ტენდენცია პიკს 2010-იანი წლები აღწევს, როდესაც შემოდის ისეთი გაცნობითი აპები, როგორებიცაა Momo, Tantan და Soul. ეს სამი დღეს ჩინეთში ყველაზე გავრცელებული გაცნობითი აპლიკაციები, რომელთა ყოველთვიურ მომხმარებელთა რიცხვი 150 მილიონს აღწევს. თუ თავიდან ეს აპები ადამიანებს ერთმანეთს ფიზიკური მახასიათებლებით ახვედრებდნენ, ახალ მათ უკვე ტინდერის მსგავსად ინტერესები, ჰობი და მრავალი სხვა ნიშანი დაემატა.
2021 წლის მონაცემებით, გაცნობითი აპებიდან ყველაზე მეტი გადმოწერა ჩინეთში Soul-ს ჰქონდა. 2019-2021 წლებში მისი ყოველთვიურ მომხმარებელთა რიცხვი გასამმაგდა და 31 მილიონს მიაღწია.სხვა აპებისგან ის იმით განსხვავდება, რომ ის ჰგავს სოციაულურ ქსელს, სადაც ფოტოების და აღწერის მიხედვით კი არ არჩევ პარტნიორს თუ მეგობარს, არამედ შეგიძლია საკუთარი აზრები დაპოსტო, სხვებს კი მისი მოწონება და მასზე კომენტარის დაწერა შეუძლიათ.
ოქტომბერში ჩინეთის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გაცნობითი აპების მომხმარებელთა 89 პროცენტი მას არა პარტნიორის მოსაძებნად, არამედ სოციალური წრის გაფართოებისთვის, მეგობრების შესაძენად იყენებს.
ამას, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ დიდი ტექ კომპანიები და ცდილობენ, საკუთარი აპები მაქსიმალურად მოარგონ მომხმარებელთა ინტერესებს. მაგალითად, Tencent-მა, WeChat-ის მფლობელმა კორპორაციამ, ბოლო წლებში 10 აპი გამოუშვა და ყველა მათგანში ის ვირტუალური წვეულების ფუნქციებს ამატებს, რათა რეალური ცხოვრების წვეულებებს მიჰბაძოს და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დააკავშიროს ერთმანეთთან.
კომენტარები