აბასთუმნიდან ასტეროიდის თანამგზავრთან NASA-ს ხომალდის შეჯახების უნიკალური კადრები გადაიღეს
27 სექტემბერს აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) უმნიშვნელოვანესი მისია DART წარმატებით განახორციელა — თბილისის დროით 03:15 საათზე კოსმოსური ხომალდი სამიზნე ასტეროიდის ბუნებრივ თანამგზავრ დიმორფოსს შეაჯახა.
მისიის მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ დედამიწაზე შექმნილი ტექნოლოგიით ჩვენი პლანეტისთვის საშიში ასტრონომიული სხეულისთვის ტრაექტორიის შეცვლა შეგვიძლია, თუმცა თავად დიმორფოსი საფრთხის შემცველი არაა.
ეს შეჯახება იმდენად მძლავრი იყო, რომ მოვლენის ამსახველი კადრები დედამიწიდანაც გადაიღეს. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა, კერძოდ, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, საიდანაც მკვლევრებმა შეჯახების მომენტი და მისი შემდგომი პროცესები დააფიქსირეს.
"აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, დედამიწასთან მოახლოებად საშიში ასტეროიდების შემსწავლელმა ჯგუფმა (ჯგუფის ხელმძღვანელი უფროსი მეც. თანამშრომელი რ. ინასარიძე), ობსერვატორიის 70-სმ მენისკური ტელესკოპის საშუალებით დააფიქსირა შეჯახებამდე და შეჯახების შემდგომ მიმდინარე პროცესები. ჯგუფის მიერ წინასწარ შერჩეული ექსპოზიციით მიღებულია უნიკალური დაკვირვებითი მასალა. მიღებულ კადრებზე კარგად მოჩანს ასტეროიდის 'რყევა' დაჯახების მომენტში და დაჯახების შედეგად ღრუბლების სახით წარმოქმნილი მტვრის გამოსახულება", — ვკითხულობთ ობსერვატორიის Facebook ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკური კანონების გათვალისწინებით, დიმორფოსის ტრაექტორია აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. ამის შესახებ ზუსტ მონაცემებს ევროპული კოსმოსური სააგენტოს მისიის Hera მეშვეობით მოვიპოვებთ, რომლის ფარგლებშიც ზონდს 2024 წლის ოქტომბერში გაუშვებენ.
კომენტარები