მალარია ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე კოღოს ნაკბენით გადადის, მაგრამ რა მოხდება თუ ამ მწერს ორგანიზმში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შესაყვანად გამოვიყენებთ?

სწორედ ეს გააკეთეს სიეტლის ბავშვთა საავადმყოფოს კვლევით ინსტიტუტში, ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტსა და სხვა დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერებმა. კლინიკურ ცდაში მონაწილე ადამიანებმა ხელი სპეციალური სათავსოს ზემოდან დადეს, რითაც იქ დამწყვდეულ 200 კოღოს კბენის საშუალება მისცეს.

შედეგი მარტივი წარმოსადგენია: დაწითლებული და დასივებული, ბუშტუკებით სავსე მკლავი, რომლის დაზიანებული კანიც ქიმიურ დამწვრობას მოგაგონებთ.

ფოტო: Carolina Reid

მკვლევრებმა მწერების სხეულში Plasmodium falciparum-ის სახეობის პარაზიტები მოათავსეს, რომელთა გენებიც CRISPR-ის ტექნოლოგიის გამოყენებით გარდაქმნეს ისე, რომ ინფექცია არ გაევრცელებინათ. აღსანიშნავია, რომ პარაზიტების დახმარებით მალარიის ვაქცინა ადრეც შეუქმნიათ, თუმცა არა გენმოდიფიცირების ამ მეთოდით.

"ჩვენ კოღოები ისე გამოვიყენეთ, როგორც 1 000 პატარა მფრინავი შპრიცი", — აცხადებენ მეცნიერები.

ფოტო: Annette M Seilie

ექსპერიმენტის განმავლობაში 26-დან 14 ცდისპირი ამჯერად უკვე მალარიის გამომწვევი პარაზიტების მატარებელი კოღოების "მსხვერპლად" იქცა, თუმცა ინფექცია მხოლოდ მათ ნახევარს აღმოაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის ზემოხსენებული ხერხი 50%-ით ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ ცდის მიზანი მალარიის წინააღმდეგ ადამიანების ასაცრელად ბუნებაში მსგავსი კოღოების დიდი რაოდენობით გამოშვება სულაც არაა (რაც ბიოეთიკურ პრობლემებს წარმოშობდა), არამედ სპეციალისტები ვაქცინის შექმნისა და განაწილების უფრო ეკონომიური მეთოდის შემუშავებას ცდილობენ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science Translational Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.